"ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასის წინ ტესტ-მატჩს "ნიუკასლ ფალკონსთან" გამართავენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის წინ ტესტ-მატჩს 28 აგვისტოს, "ნიუკასლ ფალკონსთან" გამართავს. ნიუკასლში, "კინგსთონ პარკზე" გასამართი ეს შეხვედრა მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა დინ რიჩარდმა "უდიდეს გამოცდად" უკვე შერაცხა.

"ეს მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის წინასამსოფლიო მოსამზადებელ ეტაპად განიხილება, ხოლო "ფალკონსისთვის" კი პირველობის წინასასეზონო სამზადისისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტესტი იქნება, - წერს საიტი chroniclelive.co.uk.

2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველო "გ" ჯგუფში იასპარეზებს, რომელიც "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართული მატჩიდან სამ კვირაში, 18 სექტემბერს დაიწყება. "ბორჯღალოსნები" მსოფლიო ჩემპიონი ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და ნამიბიის მოწინააღმდეგეები იქნებიან, მათგან პირველი
ორი კი რაგბის მსოფლიო თასის 1/4-ფინალში გადავა.

"ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელი დინ რიჩარდი აღნიშნავს:

"ჩვენთვის დიდი პატივია, "კინგსთონ პარკზე" ისეთ ამაყ სარაგბო ერს ვუმასპინძლოთ, როგორიც საქართველოა. "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რაგბისთვის ნამდვილად მზარდ ძალას წარმოადგენენ და მსოფლიო თასის წინ მათ რაზმთან შებრძოლება ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის გამოცდა იქნება.

ქართველი მოთამაშეების უმრავლესობა ფრანგულ კლუბებში თამაშობს, სადაც ყოველ კვირას უმაღლესი დონის თამაშისა და გამოცდილების დაგროვების საშუალება ეძლევათ.

2015-16 წლების სეზონის დამდეგს კი ჩვენთვის ეს უდიდესი გამოწვევაა. გუნდში გვყავს რამდენიმე ახალი მოთამაშე, რომლებსაც სურვილი აქვთ, თავიანთი ნიშა დაიკავონ რაგბის სამყაროში. ეს მატჩი მსოფლიო თასის წინ ჩვენი გულშემატკივრების მადის აღსაძვრელად კარგი საშუალებაა".

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი:

"მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ბოლო ეტაპზე "ნიუკასლის" წინააღმდეგ მატჩის გამართვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. მადლიერები ვართ იმისთვის, რომ "ნიუკასლმა" მათთან თამაშის შესაძლებლობა მოგვცა და დარწმუნებული ვარ, რომ რაგბის გულშემატკივრები "კინგსთონ პარკზე" გამართული შთამბეჭდავი მატჩით ნამდვილად კმაყოფილები დარჩებიან".

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მსოფლიო თასამდე "ბორჯღალოსნები" კიდევ ორ წინასატურნირო ტესტ-მატჩს გამართავენ:
2 სექტემბერს "მოლზი როუდზე" (სურეის საგრაფო) კანადის, ხოლო 5 სექტემბერს "ქინგჰოლმ სთედიუმზე" (გლოსთერი) იაპონიის წინააღმდეგ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული