The Telegraph: გააღეთ ექვსი ერის კარი საქართველოსთვის!

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გაზეთმა The Telegraph-მა დაბეჭდა სტატია სათაურით: "გააღეთ ექვსი ერის კარი და შეუშვით საქართველო".

გაზეთის სპორტის განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ოლივერ ბრაუნი წერს, რომ მოვიდა დრო, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ტოპ-სანაკრებო ტურნირში, ექვსი ერის გათამაშებაში მიიღოს მონაწილეობა.

"ამ კვირაში საქართველოს ნაკრებმა ჩუმად, თითქმის შეუმჩნევლად გადაასწრო იტალიას მსოფლიო რეიტინგში და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მაშინ, როცა ჟაკ ბრუნელის იტალია გალაქტიკის სისწრაფით გვშორდება, კავკასიელებმა ახლახან დაასრულეს ტურნირი უმაღლეს საფეხურზე და ზედიზედ მეხუთედ მოიგეს ევროპის ერთა თასი (რაგბი ევროპა).

მაგრამ იმის შანსი, რომ
საქართველო ექვს ერზე ითამაშებს, კიდევ უფრო ცოტაა, ვიდრე ედი ბატლერის (ჟურნალისტი, ყოფილი მორაგბე) შანსები, მერაბ კვირიკაშვილის დარი ჯარიმები გაიტანოს, თუნდაც სანახევრო დისტანციიდან.

ბოლო სამი წელია, საქართველოს ამ დონეზე არ წაუგია და შემოდგომით დიდ მიზანს ისახავს - მსოფლიოს თასის მეოთხედფინალში გასვლას.

ეს გუნდი ევროპის მიღმა იმიტომ არ რჩება, რომ არასაკმარისად ევროპულია - 27-კაციანი შემადგენლობიდან 17 საფრანგეთში თამაშობს. სინამდვილეში კითხვები საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ კომერციისა და კულტურის საკითხებზე რჩება. რა თქმა უნდა, რიგითი ფანისთვის უფრო მისაღებია ორ წელიწადში ერთხელ გარანტირებული სეირნობა და სმა ტრევის შადრევანთან, ვიდრე თბილისის სასადილოებში ცხელი წვნიანისა და პელმენის ძებნა.

ექვსი ერის ბევრი მოწინააღმდეგე მიიჩნევს, რომ საქართველო რაღაცნაირად დაარღვევს ტურნირის ღვთაებრიობას. ვერავინ დაამტკიცებს იმასაც, რომ საქართველო სულ მალე ჩაანაცვლებს და აჯობებს იტალიას ან შოტლანდიას. მაგრამ დადგა დრო, მიეცეთ საშუალება, რომ დასრულდეს ის უფსკრული, რაც ევროპულ ელიტასა და მეორე დონის ქვეყნებს შორისაა.

ამისთვის უნდა შეიქმნას ორმატჩიანი პლეი ოფის სისტემა. ეს აზრი საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის. სიტყვაზე, საქართველოსა და შოტლანდიას შორის პლეი ოფი ლეგიტიმური დაპირისპირება იქნებოდა. ორი სეზონია, ქართველები სლემით იგებენ ერთა თასს, ხოლო შოტლანდიელები ბოლო 9 ექვსი ერიდან 8 შემთხვევაში ბოლო ან ბოლოსწინა ადგილზე ასრულებდნენ პირველობას.

დაე, ასეთმა დაპირისპირებებმა გადაწყვიტოს, ვინ ითამაშებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში ექვსი ერის გათამაშებაში.

პლეი ოფი არგებს შოტლანდიასა და იტალიასაც, რომლებიც ახლა ექვსი ერის გათამაშების კაპიტულანტები ხდებიან ტურნირის მეორე ნახევარში.

არადა, საქართველოში ძალიან მონდომებულნი არიან, ევროპული რაგბის დიდი ბიჭების ფერხულში ჩაებან. როცა გუნდი გასულ ნოემბერს, დუბლინში, ექვსი ერის ჩემპიონ ირლანდიას შეხვდა, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ავივას" გასახდელში ელაპარაკა ქართველ მორაგბეებს და მათ ქვეყნის ელჩები უწოდა.

მართალია, ისინი 7:49 დამარცხდნენ, მაგრამ ყველას გვახსოვს, 2007 წლის მსოფლიოს თასზე, ბორდოში, რა ახლოს იყვნენ მიზანთან, როცა 10:14 წააგეს ირლანდიასთან.

მსოფლიო რაგბის თემმა აღიარა, რომ საქართველო მაღალი კლასის გუნდი გახდა, რომ ეს გუნდი "გადაიზარდა" ერთა თასისთვის. ქართველები, რომლებსაც ბრწყინვალე მორკინალები ჰყავთ, უფრო მაღალ დონეზე თამაშს იმსახურებენ, რათა დაამტკიცონ თავიანთი სიმამაცე.

თუმცა ექვსი ერის მონაწილეებს, ირლანდიის გამოკლებით, პლეი ოფის გაგონებაც კი არ სურთ. ისინი საქართველოსთან თამაშს კალენდარში არ აჭაჭანებენ. ურჩევნიათ უფრო გლამურულ სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლებთან ირაგბონ.

ირონიული სიტუაციაა - როცა ყველა რაგბის გლობალიზაციაზე რიტორიკით ლაპარაკობს, მოწინავე ქვეყნები კიდევ უფრო ეგოისტურად იქცევიან. ჯერ კიდევ 5 ერის ეპოქაში ირლანდია ხშირად ეთამაშებოდა ჯერ კიდევ სხვებისთვის მიუღებელ იტალიას, ახლა კი ირლანდიელები საქართველოს სწყალობენ.

რა თქმა უნდა, არის ტექნიკური საკითხები, რომლებიც ქართველთა ელიტაში თამაშს ხელს უშლის - თბილისი 2 500 მილით არის დაშორებული ლონდონს. საქართველოს დედაქალაქი საშიშრად ახლოსაა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან. მაგრამ თბილისის ლამაზ, ძველ ვიწრო ქუჩებს, მოხდენილ შენობებს ნამდვილად აქვს ტურისტული პოტენციალი. ერთხელაც ეს ქალაქი კონკურენციას გაუწევს რაგბის გულშემატკივრებისთვის წმინდა პეტრეს მოედანს.

2019 წელს მსოფლიოს თასი უკვე იაპონიაში გაიმართება. დროა, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სარაგბო გიგანტებმა თავიანთი ჩაკეტილი პოლიტიკა შეცვალონ და ეს მათთვის იქნება კარგი".

სტატიას თან ერთვის გამოკითხვა: "საჭიროა თუ არა პლეი ოფის სისტემა ექვსი ერის გათამაშებაში". გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ ამ მისამართზე. ამ დროისათვის გამოკითხულთა 94% პლეი ოფის დანერგვის მომხრეა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
არასწორი ინფორმაციააქვთ ჩვენზე და კიდე კულტურას გვიწუნებენ. არიცნობენ საქართველოს და მაგათი ბრალია რო ქვეყანა სწორ ინფორმაციას ვერ აწვდით! რაგბისტები ამაზე მეტს ვეღარ გააკეთებენ და ცოტა ქვეყანამაც წაიმუშავოს!
გიო
15:26 27-03-2015
0
ლაყბობას ჯობია შეხვიდეთ მითითებულ მისამართზე და ხმა მისცეთ ფლი-ოფს
ramzes 12
10:06 27-03-2015
0

სიახლეები პოპულარული