რუსეთი, ველურები, ქუთაისი - ნემსაძისა და ანტონესკუს ერთობლივი ინტერვიუ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა გასულ უქმეებზე "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო მატჩში სტუმრად რუმინეთის ნაკრებს სძლია და პირველობა არავის დაუთმო.

თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ფრანგულ მედიაში გამოჩნდა სტატია, სადაც ჟურნალისტი საქართველოს ნაკრების მეორეხაზელ გიორგი ნემსაძეს და მის თანაკლუბელ რუმინელ მარიუს ანტონესკუს ერთდროულად ესაუბრება.

შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანი საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ტარბში" თამაშობენ.

ინტერვიუ მეტწილად საქართველოსა და რუმინეთის მაშინ ჯერ კიდევ გასამართ მატჩს ეხება და ვფიქრობთ, ქომაგებისთვის საინტერესო იქნება. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

- გვიამბეთ ცოტა რამ საქართველოს და რუმინეთის ნაკრებების
დაპირისპირების ისტორიის შესახებ...

ანტონესკუ: ჯერ ახალგაზრდა ვარ და უმჯობესია მოხუცმა გიამბოთ (იცინის)

ნემსაძე: უფრო ზუსტად მოწაფემ აღმზრდელს დაუთმო სალაპარაკო. საინტერესოა, რომ ჩვენ "ტარბში" ერთსა და იმავე პოზიციაზე ვთამაშობთ და კონკურენტები ვართ. ჩვენთვის, ქართველებისთვის, რუმინელებთან შეხვედრა დიდი მატჩია, რადგან ამ ტურნირის სხვა მატჩებში ცოტა უფრო იოლად ვიგებთ.

- ექვსი ერი B . ამ ტურნირის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. ღირს კი იქ თამაში?
ანტონესკუ: რა თქმა უნდა, ღირს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკრებში არ გავემგზავრებოდი და შინ, კლუბში დავრჩებოდი.

ნემსაძე: თამაშის დონით ეს ტურნირი ოდნავ მაღალია, ვიდრე საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მატჩები. ამიტომ, იქ თამაში ორივესთვის საინტერესოა, რადგან წლის ბოლოს ორივე ნაკრებს მსოფლიოს თასზე მოუწევს ასპარეზობა.

ანტონესკუ: დიახ, ასეა, მართალია და სწორედ ამიტომ არ მინდა ნაკრებში თამაში გამოვტოვო.

ნემსაძე: ჩემთვისაც მნიშვნელოვანია ახლა ნაკრებში თამაში. 2011 წლის მსოფლიოს თასზე ახალ ზელანდიაში სულ რაღაც 13 წუთი ვითამაშე. მარიუსს ყველა მონაცემი აქვს, რომ კარგ მორაგბედ გაიზარდოს და ჩემთან ერთად ბევრს შრომობს.

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნების სარაგბო მეტოქეობა?
ნემსაძე: ეს დაპირისპირება მხოლოდ სპორტულია. არავითარი უთანხმოება ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთში არ აქვთ. რუსეთთან თამაში სულ სხვაა. ამ ქვეყანასთან საომარ მდგომარეობაში ვართ. რუმინელები კი ჩვენი მეგობრები არიან.

ანტონესკუ: ამის გარდა, ჩვენც ვგრძნობთ საფრთხეს რუსებისგან. ვფიქრობ, ისინი დიდად ბედნიერები არ იქნებიან, თუ აშშ-ს სამხედრო ბაზას განვათავსებთ რუმინეთში.

- ქართველ და რუმინელ მორაგბეებს საფრანგეთში კარგად იცნობენ. ფაქტობრივად, თქვენი ქვეყნების ელჩები ხართ ჩვენს ქვეყანაში...
ნემსაძე: რომელ ქვეყანაშიც უნდა ჩახვიდე, ყველგან შენი ქვეყნის ღირსეული დესპანი უნდა იყო. განსაკუთრებით საფრანგეთში. აქ ჩვენზე ცოტა უცნაური წარმოდგენა აქვთ, მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენც ჩვეულებრივ სახლებში ვცხოვრობთ და ავტომობილების მართვაც ვიცით.

ანტონესკუ: ფრანგებს მიაჩნიათ, რომ ველურები ვართ. საფრანგეთში ზოგიერთ ქვეყანას, ისევე როგორც ჩვენსას, პატივს არ სცემენ. რა გითხრათ? დიახ, ჩვენ ვჭამთ ხორცს (იცინის).

- როგორ დაახასიათებდით თქვენი ეროვნების ადამიანების მენტალიტეტს?
ნემსაძე: ჩვენ, ქართველებს, სხვისი მოსმენა არ გვიყვარს. ვართ ძალიან ჯიუტები და ამაყები. ამასთან ერთად, ჩვენი ქვეყანა განთქმულია სტუმართმოყვარეობით, რადგან ხალხი მეტწილად გულღია და მეგობრულია.

ანტონესკუ: რუმინელების დადებითი თვისება ისაა, რომ ყველგან ადაპტაცია შეგვიძლია. ცხადია, სტუმართმოყვარეებიც ვართ.

- როგორ ფიქრობთ, რამდენი წლის იქნებით, რაგბიდან რომ წახვალთ?
ანტონესკუ: მინდა 40 წლამდე ვითამაშო. უფრო ზუსტად 35-სა და 40 წელიწადს შორის.

ნემსაძე
: 35 და 40 წელიწადს შორის დიდი სხვაობაა. ენდეთ ჩემს გამოცდილებას (იცინის). ვნახოთ, რაგბი ჩემი სამუშაოა, ჩემი ცხოვრებაა. კარიერის დასრულების შემდეგ ჩემს მშობლიურ ქალაქში, ქუთაისში დავბრუნდები და ვეცდები აქ დაგროვილი გამოცდილება იქაურებს გავუზიარო. მინდა ფიზმომზადების მწვრთნელად ვიმუშაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული