საქართველო-იაპონია 35:24 - რევანში აღებულია [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტოზე: ბურთით მერაბ შარიქაძე

"საქართველოს ნაკრებს შერკინებაში და ზოგადად, თამაშშიც ძალიან მომატებული აქვს. ფაქტობრივად, პირველი ტაიმის შემდეგ უკვე ყველაფერი გარკვეული იყო. საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ მოგვიწია თამაში, რაც შეგვეძლო, ვაკეთებდით" - თქვა ნამატჩევს იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონზმა.


მატჩი ჩვენი გუნდისთვის ცუდად დაიწყო. უკვე მესამე წუთზე, ერთ-ერთი ბოჭვისას გუნდის კაპიტანი, შუამარბი დავით კაჭარავა დაშავდა, რომელიც დაცვაში თამაშისას "ბორჯღალოსნებს" შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ის შესაცვლელი შეიქნა.

მის ნაცვლად მოედანზე დებიუტანტი გიორგი აფციაური გამოჩნდა,
რომელმაც ადგილი ფრთაზე დაიკავა. შუამარბის პოზიციაზე კი თამაზ მჭედლიძე გადავიდა.

ამ იძულებით ტაქტიკურ გადაადგილებას საბოლოოდ ცუდი შედეგი არ გამოუღია. მჭედლიძე სანამ ეროვნულ გუნდში მოხვდებოდა, შუამარბი იყო და ამ პოზიციაზე თამაში არ გასჭირვებია.

აღსანიშნავია, რომ ყველა ახალგაზრდა "ბორჯღალოსანმა" დაკისრებულ მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა. თავიდან ბოლომდე ითამაშა და ძალიან კარგად გამოიყურებოდა ცხრა ნომერი ვაჟა ხუციშვილი, მესამეხაზელი ლაშა ლომიძე კი სულაც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
იაპონელები თავიდანვე იერიშზე გადმოვიდნენ, მორკინალების დარტყმების შემდეგ რაკს სწრაფად ასუფთავებდნენ და შეტევის მიმართულებას ხშირად ცვლიდნენ. მათი იერიშების პირველი ტალღა მოვიგერიეთ და მეტოქის მოედნის ნახევარზე გადასვლა მე-13 წუთზე შევძელით.

სტუმრები შერკინებაში მოედნის ჩვენს ნახევარზე დაჯარიმდნენ. ბურთი, ბუნებრივია, აუტში გადავიტანეთ, დერეფანი სუფთად მოვიგეთ და აგორებული მოლი იაპონელებმა ისევ თამაშის წესის დარღვევით შეაჩერეს. შეგვეძლო, კარში დაგვერტყა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ ჩვენი მორკინალები მეტოქისას ჯაბნიდნენ და ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა ბურთი ისევ აუტში გადაიტანა.

იაპონელების ლელოდან ხუთ მეტრში დერეფანი ისევ სუფთად მოვიგეთ და მოლი შევკარით, დავძარით. სტუმრებმა მისი შეჩერება ვერაფრით მოახერხეს. ბოლოს ბურთით ხელში შერკინების კვაჭი შალვა მამუკაშვილი იყო. კვირიკაშვილმა ვერ გარდასახა - 5:0.

"ბორჯღალოსნებმა" მეტოქის სუსტი მხარე იპოვეს და მისი მაქსიმალურად გამოყენება სცადეს. 26-ე წუთზე თითქმის იმავე ხერხით მეტოქის ჩათვლის მოედანს მივუახლოვდით. მატჩის არბიტრმა მეტოქის მეორეხაზელი ლუკ თომპსონი გაასინბინა. ჩვენმა მორაგბეებმა ამჯერად აუტს შერკინება ამჯობინეს და არც შემცდარან. იაპონელებმა ქართველების მიძალებას ვერ გაუძლეს, წესი დაარღვიეს და მატჩის არბიტრმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა. კვირიკაშვილმა გარდასახა - 12:0.

კაცმა რომ თქვას, ასეთ დასაწყისს ვერც ინატრებდი, მაგრამ მალე ორი დასანანი შეცდომის გამო კაცნაკლულმა იაპონელებმა ათი ქულა აგვართვეს. ჯერ მერაბ შარიქაძე დაჯარიმდა რაკში თამაშისას და ფულბეკმა იაუმუ გორომარუმ საჯარიმოდან გაიტანა; მერე, მალევე მოედნის ცენტრში დანიშნული შერკინებიდან რვა ნომერმა, ნატურალიზებულმა ამანაკი ლელი-მაფიმ შემოგვიტია. მან 35 მეტრი ისე ირბინა, რომ მისი შეჩერება ვერავინ შეძლო. მერე იქვე მიმყოლ, ასევე ნატურალიზებულ გარემაბ ქერნ ჰესქეთს გადააწოდა და ლელოში შეაღწია. გორომარუს გარდასახვა არ გასჭირვებია.

პირველი ტაიმის დასასრულს აღარაფერი აკლდა. ჩვენმა გუნდმა შესანიშნავი, მრავალფაზიანი იერიში განახორციელა, რომელიც იაპონელებმა ისევ წესის დარღვევით შეაჩერეს. მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში "ბორჯღალოსნებმა" ისევ შერკინება მოითხოვეს.

"ამომავალი მზის ქვეყნის" შვილებს უკან დაახევინეს. ბურთი მესამეხაზელმა ლაშა ლომიძემ აიტაცა და მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე კვირიკაშვილს გადააწოდა. ამან მოძრაობით აჩვენა, რომ გარემარბის, გიორგი აფციაურის შეტევაში ჩართვა სურდა, თუმცა თვითონვე შეუტია და ორ მეტოქესთან ბრძოლაში ჩათვლის მოედანში შეღწევა შეძლო.

გარდასახვა კიდიდან თვითონვე დაარტყა და ვერ გაიტანა - 17:10. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. 54-ე წუთზე კვირიკაშვილმა საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა ათ ქულამდე გაზარდა - 20:10.

ორ წუთში კი მისმა საკუთარი მოედნის ნახევრიდან დარტყმულმა აბრაგანმა მეტოქე დააბნია. ბურთი ჩვენი მორაგბეებისკენ გადმოვარდა. გარემარბმა ალექსანდრე თოდუამ ყველას დაასწრო და ფეხით მეტოქის ლელოსკენ დაარტყა. ბურთს იქვე მიმყოლი მგეზავი ლაშა ხმალაძე წამოეწია, ფეხით ბურთი "გაისწორა", ხელს აღარავინ უშლიდა და ლელოში შევიდა.

კვირიკაშვილმა გარდასახვა ვერ გაიტანა - 25:10.

15-ქულიანი უპირატესობა, ცხადია, ასეთი ტოლ-სწორი გუნდების თამაშისას საკმაოდ დიდია. იაპონელებს ერთხელაც არ მისცემიათ შანსი მატჩის გადასარჩენად. მოვლენები ელვისებური სისწრაფით დასკვნით ათ წუთში განვითარდა. სტუმრებმა მრავალფაზიანი შეტევის ორგანიზება შეძლეს და მეორე ლელო გაიტანეს. გარდასახვაც ზედ მიაყოლეს და ანგარიშში სხვაობა რვა ქულამდე შეამცირეს - 17:25.

ოთხ წუთში კვირიკაშვილმა ამაზე საჯარიმოთი გასცა პასუხი - 28:17. მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე კი, მეტოქის 22-მეტრიან ზონასთან გადაცემა კვირიკაშვილმა ჩაჭრა. ბურთი მარჯვენა, მოკლე ფრთაზე ხმალაძეს გადააწოდა. ამან გარღვევაზე მჭედლიძე გაიყვანა, რომელმაც მერე ბურთი შეცვლაზე შესულ გარემარბ ბექა წიკლაურს გადააწოდა. მას ხელს აღარავინ უშლიდა.

კვირიკაშვილმა საკმაოდ რთული პოზიციიდან გარდასახა - 35:17.

იაპონელები დანებებას არ აპირებდნენ და მომდევნო, კარგად ორგანიზებული შეტევა ისევ ლელოთი დაასრულეს - 24:35.

მატჩის ბოლო წამები "ბორჯღალოსნებმა" მეტოქის ნახევარზე გაატარა და ანგარიშის კიდევ უფრო შემცირების საშუალება იაპონელებისთვის აღარ მიუცია. საქართველოს ნაკრებმა ორი წლის წინათ თბილისში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.

ნოემბრის ტესტ-სერია
23.11.14. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-იაპონია 35:24
საქართველო (15-9): კვირიკაშვილი, მჭედლიძე, კაჭარავა (აფციაური 3, წიკლაური 59), შარიქაძე (ბეგაძე 79), თოდუა, ხმალაძე, ხუციშვილი. (1-8) ნარიაშვილი (ჟვანია 66), მამუკაშვილი (მაისურაძე 65), ქუბრიაშვილი (ჩილაჩავა 56), ნემსაძე (მიქაუტაძე 56), დათუნაშვილი, თხილაიშვილი (ჩხაიძე 69), კოლელიშვილი, ლომიძე.
5ლ: მამუკაშვილი, საჯარიმო, კვირიკაშვილი, ხმალაძე, წიკლაური. 2გ,2ს: კვირიკაშვილი.
იაპონია (15-9): გორომარუ, ჰესქეთი (ჰიროსე 75), ტატეკავა, საჰუ, მაცუშიმა, ტამურა (ონო 54), ჰივასი (იატომი 75). (1-8) მიკამი (ინაგაკი 63), კიზუ (იუჰარა 72), ჰატაკეიამა (კაკინაგა 63), თომპსონი, იტო (მაკაბე 51), ტუი, ჰოპგუდი მაფი.
3ლ: ჰესქეთი (2), საჰუ. 3გ,ს: გორომარუ.
სინბინი: ინაგაკი, თომპსონი.
მსაჯი: რომენ პუატი (საფრანგეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პეტიცია - დაეთმოს ტელეეთერი ქართულ რაგბის
მკითხველის კომენტარები / 4 /
დიდება ბორღალოსნებს.
ჴაატა II
13:11 24-11-2014
0
თავდადებული ბიჭები არიან! მართლა დიდი სიხარული მოაქვთ. რა ეგონათ აბა იაპონლებს გიორგობას რო ჩამოვიდნენ)))
ზურა
11:32 24-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული