ირაკლი მაჩხანელი: თურმე, რამდენი რამ მქონდა დაკარგული

AutoSharing Option
ირაკლი მაჩხანელი რაგბის საკმაოდ გვიან ეზიარა, მაგრამ ამ ფაქტორს არ შეუშლია ხელი ნიჭიერი სპორტსმენისთვის, რათა ოვალური ბურთის სამყაროში წარმატებებისთვის მიეღწია. მისი აგრესიული სათამაშო სტილი და სარაგბო ინტელექტი არაერთხელ ყოფილა გადამწყვეტი ფაქტორი "ბორჯღალოსანთა" წარმატებაში და ასევე, არაერთგზის გაუხარებია გულშემატკივარი თავისი მაღალი პროფესიონალიზმით.

ამას გარდა, ირაკლი მაჩხანელი უნივერსალიზმითაც გამოირჩევა. სხვადასხვა დროს უთამაშია როგორც გარემარბის, ასევე შუამარბისა და ფულბეკის პოზიციებზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში გაუმართლებია მასზე გაცემული ავანსები.

32 წლის მორაგბეს ეროვნულ გუნდში 67 კეპი აქვს მოხვეჭილი და 23 ლელო დადებული, უახლოესი მეგობრის -
ირაკლი აბუსერიძის
სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ კი "ბორჯღალოსანთა" კაპიტნის სამკლავური მოირგო და უკვე 7 მატჩში გაუძღვა ჩვენს გუნდს.

საფრანგეთში გატარებული 8 სეზონის შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და ამჟამად თბილისის "არმაზის" ღირსებას იცავს...

- როგორ დაიწყო ირაკლი მაჩხანელის სარაგბო კარიერა?
- 16 წლისა ჩემს კლასელს გავყევი რაგბის ვარჯიშზე. ძალიან მომეწონა სიტუაცია და მეორე დღეს უკვე სპორტული ჩანთით გამოვცხადდი "დინამოში", რომელსაც მიშა ჯვარიძე წვრთნიდა. ორ წელიწადში უმაღლესი ლიგის გუნდ "გუმარში" გადავედი. ასაკით მაინც პატარა ვიყავი და თამაში, ფაქტობრივად, არ მიწევდა, თუმცა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გურამ მოდებაძემ, იგივე ბურძგლამ, სპეციალური სავარჯიშო პროგრამა შემიდგინა, რაც მოგვიანებით ძალიან გამომადგა.

სათამაშო პრაქტიკა რომ მქონოდა, ცოტა ხანში "აკადემიაში" გადავედი, სადაც, შემიძლია ვთქვა, რომ ჩამოვყალიბდი კიდეც მორაგბედ პაატა ნარიმანაშვილის, გია ღლონტისა და დიმა ობოლაძის ხელმძღვანელობით.

Sportall.Ge

- პირველი ხმაურიანი წარმატება შვიდკაცა რაგბის ნაკრებში მოიპოვეთ, როცა "თბილისის თასზე" 11 ლელო გაიტანეთ...
- ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს უფლება მისცეს, შვიდკაცა რაგბის მსოფლიო სერიის ტურნირისთვის ემასპინძლა. საკმაოდ წარმომადგენლობითი ტურნირი იყო - საფრანგეთის ნაკრები გვყავდა სტუმრად, თუმცა ჩვენ ყველას ვაჯობეთ და ისტორიული გამარჯვებაც მოვიპოვეთ. საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავდა. ბიჭებმაც ხელი შემიწყვეს ბომბარდირობაში, თორემ მარტო მე ვერაფერს გავხდებოდი.

- ძალიან მალე დიდი რაგბის ნაკრებში მიგიწვიეს. ჰოლანდიასთან გქონდათ დებიუტი. როგორ გაიხსენებთ იმ მატჩს?
- ძალიან ვნერვიულობდი, ქომაგიც, ტრადიციულად, ბევრი მოვიდა სტადიონზე. უნდა ვთქვა, რომ მათი მხარდაჭერა ყოველთვის გვეხმარება და ასე იყო იმ დღესაც - მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულ წინააღმდეგობას ველოდით, ჰოლანდია ყველა სარაგბო კომპონენტში დავჩაგრეთ და 88:0 მოვიგეთ. არაერთი ლელო დავდეთ და საქართველო გავახარეთ. ეს იყო ჩვენი პირველი გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ პროგრესის გზით მივდიოდით.

- 2003 წელს იყავით იმ ნაკრების წევრი, რომელმაც ავსტრალიაში გამართულ მსოფლიო თასზე იასპარეზა. რა იყო ამ ტურნირზე ყველაზე მთავარი?
- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მოუმზადებლები ვიყავით - როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. ასეთ ტურნირებზე გამოცდილება ძალიან დიდ როლს თამაშობს და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ინგლისსა და სამოასთან უიმედოდ წაგებული შეხვედრების შემდეგ საკმაოდ კარგად ვეთამაშეთ სამხრეთ აფრიკას. დავით დადუნაშვილმა ისტორიული ლელოც გაიტანა, თუმცა ბოლო აკორდი კარგი ვერ გამოვიდა - მოსაგები მატჩი წავაგეთ ურუგვაისთან. თუმცა დანაკარგი მომდევნო მსოფლიო თასზე უკეთესი თამაშით ავინაზღაურეთ.

- მსოფლიო თასზე შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ საკლუბო კარიერა საფრანგეთის ელიტა 2-ის გუნდ "ბეზიეში" გააგრძელეთ...
- საკმაოდ გვიან, 24 წლისა წავედი საფრანგეთში სათამაშოდ და სწორედ იქ მივხვდი, თუ რას ნიშნავდა სპორტული ცხოვრება, რეჟიმი, სწორი კვება. თურმე, რამდენი რამ მქონდა დაკარგული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დიდი შრომის შედეგად მაინც მოვახერხე, იმ დონეზე ავსულიყავი, რომ სტაბილურად მეთამაშა ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში.

საქართველოსა და საფრანგეთის ჩემპიონატების შედარება ჯერჯერობით უხერხულია. მიმაჩნია, რომ საქართველოს წამყვანი გუნდები ფედერალ 1-ის საუკეთესო ათეულში აუცილებლად შევიდოდნენ, თუმცა ელიტაში თამაში ძალიან რთულია. ის სულ სხვა დონეა.

Sportall.Ge

- ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ მოვლენებს, საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშს დაემთხვა გამოსვლა მეორე და მესამე მსოფლიო თასებზე. რომელი მატჩები იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი?
- ირლანდიასთან მატჩი მინდა გამოვარჩიო. მიმაჩნია, რომ მიუხედავად მარცხისა, ძალიან კარგი რაგბი ვითამაშეთ და არაფერი დავუთმეთ მეტოქეს. რაგბიში შემთხვევით არაფერი ხდება და, ალბათ, რაღაც მცირედი დაგვაკლდა, რათა ელიტური დონის მეტოქის დამარცხებით პირველი დიდი სენსაცია მოგვეხდინა 2007 წლის მსოფლიო თასზე, თუმცა ბონუს-ქულა მაინც ავიღეთ. შემდეგ უკვე იოლად მოვუგეთ ნამიბიას და ჯგუფური ტურნირი 5 ქულით დავასრულეთ.

2011 წლის მსოფლიო თასზეც მცირედი დაგვაკლდა შოტლანდიის დასამარცხებლად. იმედია, მომავალ ჩემპიონატზე გავტეხავთ ნავსს და ჯგუფში 2 შეხვედრას მოვიგებთ.

- ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გადაწყვიტეთ, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებულიყავით. რამ გიბიძგათ ამ გადაწყვეტილებისკენ?
- სანამ ლეგიონერი გავხდებოდი, მაშინვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი საქართველოში და აქ დავასრულებდი კარიერას. "არმაზში" ჩემი ბავშვობის მეგობრები - ირაკლი აბუსერიძე და დავით კიკნაძე თამაშობენ. კლუბის ხელმძღვანელებმა შემომთავაზეს "არმაზში" თამაში და აი, მეც აქ ვარ.

Sportall.Ge

- წარმატებული სტარტის შემდეგ "არმაზს" უკანასკნელი თამაშები ჩაუვარდა. იყო საფრთხე, რომ საპლეიოფო ზონაშიც ვერ მოხვდებოდით. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე?
- გუნდში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა და ეტყობა, გამოუცდელობის ბრალიც იყო. რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვყავდა ტრავმირებული; იყო სხვა ნიუანსებიც, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ეს ჩავარდნა, თუმცა ბოლო შეხვედრაში უშუალო კონკურენტ "ჯიქებს" ვძლიეთ და ახლა იმედი გვაქვს, რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილ ტურებში მოვახერხებთ იმდენს, რომ საპლეიოფო ოთხეულში მოვხვდეთ.

- დამისახელეთ თანაგუნდელი, რომელთან ერთად ყველაზე კომფორტულად გრძნობთ თავს მოედანზე...
- 2002 წლიდან სანაკრებო შეკრებებზე ირაკლი აბუსერიძესთან ერთად ვცხოვრობ ოთახში. დიდი მეგობრობა გვაკავშირებს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. მოედანზე სწორედ "აბუს" გვერდით ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად.

Sportall.Ge

- ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი...
- ალბათ, 2011 წელს პორტუგალიასთან დაპირისპირება. გასვლაზე ვთამაშობდით, მატჩის უკანასკნელი წუთი იწურებოდა და 2 ქულას ვიგებდით, თუმცა მთავარმა მსაჯმა საკუთარ 22-მეტრიან ზონაში პირდაპირ კარების წინ დაგვაჯარიმა. მთელი ნაშრომი წყალში გვეყრებოდა - პორტუგალიელთა მგეზავი თუ გაიტანდა, წავაგებდით. დაარტყა და ძელებშუა გაიტანა, მაგრამ ბურთმა ჰორიზონტალურ ძელს ქვემოდან გაიარა და... ჩვენ მოვიგეთ. ასე რომ, ხანდახან იღბალიც უნდა შეგეშველოს.

- ...და თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ლელო...
- ყველაზე დასამახსოვრებელი ლელო დუბაის შვიდკაცაზე მაქვს დადებული ახალი ზელანდიის ნაკრებისთვის. ჩემთვის პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო და პირველივე შეხვედრაში საკუთარი კერპის, შვიდკაცა რაგბის ლეგენდის, პანტენანას წინააღმდეგ მომიწია თამაში. მანამდე ის მხოლოდ პოსტერებზე მყავდა ნანახი... სწრაფი კომბინაცია გავათამაშეთ, ირაკლი გიორგაძემ თავისი კაცი აიყვანა და დროული პასი მომაწოდა და აღარ გამჭირვებია ჩემთვის ისტორიული ლელოს დადება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ღმერთმა გაგიმარჯოს კარგო სპორტსმენო და კარგო ადამიანო
0
გისურვებ ჩემო ირაკლი წარმატებებს და იმ საუკეთესო ტრადიციების გაგრძელებას შენი წანამორბედი ჩვენი კაპიტნები რითაც გამოირჩეოდნენ. მე პირადად ილია ზედგენიძის ქცევები მომწონდა ძალიან. თავდადება, დარბაისლობა, თავშეკავება, კულტურა. თბილისში ჩატარებული ყველა ის მატჩი მახსოვს და ვესწრებოდი. აი ირლანდიასთან მარცხს რაც შეეხება ნამდვილად დავეთანხმები ირაკლის, რომ მცირედი დაგვაკლდა გამარჯვებამდე. მოგვიანებით კი ერთერთმა უცხოელმა ექსპერტმა ეს ასე ახსნა; ირლანდიელებმა იცოდნენ როგორ არ უნდა წაეგოთ, ხოლო ქართველებმა კი არ იცოდნენ როგორ უნდა მოეგოთო. ძალიან მიგნებული ახსნაა იმ ფორმაციის ნაკრების იმ კონკრეტული შემთხვევისთვის. მოგების ცოდნის აი ის ნაკლი, მეტნაკლებად დღეს უკვე ამ ბიჭებმა იციან. თუ განვითარებას გააგრძელებენ ეს ცოდნა კიდევ უფრო გაუღრმავდებათ და სამოასთან გამარჯვება ასეთი სასწაულით აღარ მოინათლება. ეს ირაკლი შენზეც, როგოტრც კაპიტანზეცაა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ ნამდვილად გრძნობ მაგ წილ პასუხისმგებლობასაც. ძალიან მინდა რომ შენც ისეთივე დიდი და წარმატებული კაპიტანი იყო, როგორც შენი წინამორბედები
რეზო110
14:51 31-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული