საქართველოს ნაკრებმა IRB-ის რეიტინგში ერთი საფეხურით წაიწია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით წინ წაიწია და დღესდღეობით 70,26 ქულით მე-14 ადგილზეა.

ეს პროგრესი, უწინარესად, იმითაა განპირობებული, რომ აქამდე ჩვენს წინ მყოფმა იაპონიის ნაკრებმა წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ერთა თასის გათამაშებაში ზედიზედ ორი მატჩი წააგო და დაქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ იაპონელები, რომლებსაც ახალი მწვრთნელი ავსტრალიელი ედი ჯოუნზი ხელმძღვანელობს, ნოემბრის ტესტებზე თბილისში გვეწვევა.

ამდენად, ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ასპარეზობენ ამომავალი მზის ქვეყნის შვილები სხვადასხვა რანგის ტურნირზე.

წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ერთა თასის გათამაშებაში იაპონიის ნაკრებმა პირველ მატჩში ფიჯის ეროვნულ გუნდთან 19:25
წააგო. იაპონელთა მსგავსად, ნოემბერში თბილისში ფიჯელებსაც ვიხილავთ. მეორე ტურში ედი ჯოუნზის სამწყსო ტონგასთან დამარცხდა - 20:24. ფიჯი კი ვერას გახდა სამოასთან - 26:29.

ამრიგად, იაპონიამ მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-16 ადგილზე გადაინაცვლა, ფიჯი მე-15 საფეხურზე დამკვიდრდა, ჩვენი გუნდი კი, როგორც უკვე ვთქვით, მე-14 ადგილზეა.

იმ გუნდებიდან, ვინც წელს ტესტებზე გვეპაექრება, კლასიფიკაციაში მხოლოდ კანადის ნაკრები გვისწრებს, რომელმაც 72,92 ქულა დააგროვა და ამჟამად მე-13 საფეხურზეა. აშშ-ის ეროვნულ გუნდს კი 65,63 ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა.

IRB-ის რეიტინგი
1. ახალი ზელანდია - 91,43 ქულა, 2. ავსტრალია - 86,42. 3. სამხრეთ აფრიკა - 84,97. 4. ინგლისი - 82,99. 5. უელსი - 82,89. 6. საფრანგეთი - 81,91. 7. არგენტინა - 80,36. 8. ირლანდია - 79,85. 9. სამოა - 77,23. 10. ტონგა - 76,19. 11. შოტლანდია - 75,86. 12. იტალია - 74,08. 13. კანადა - 72,92. 14. საქართველო - 70,26. 15. ფიჯი - 69,91. 16. იაპონია - 68,34. 17. აშშ - 65,63. 18. რუმინეთი - 64,54, 19. ესპანეთი - 61,63. 20. ნამიბია - 61,24. 21. რუსეთი - 61,07. 22. ურუგვაი - 60,95. 23. ბელგია - 59,17. 24. ჩილე - 58,32. 25. პორტუგალია - 57,75.

მეტოქეთაგან მხოლოდ კანადა გვისწრებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული