ესპანეთი-საქართველო 25:18 - მილტონ ჰეიგის მარცხიანი დასაწყისი. დასასრული?

AutoSharing Option
ესპანეთი-საქართველო 25:18
ესპანეთი (15-9) პელუშონი, ლერუ, სემპერე, გარსია, ასკარა, მელი (ბლანკო 53), რუე. (1-8) პრადალი, აუსკი (ფიპსი), მორენო, პარკერი (ლაიონზი 65), რეკუერდა, ჟიბუენი (როკა 63), როლსი, ვიზენსანი.
3ლ; სემპერე (2), ვიზენსანგი. 2გ,2ს: პელუშონი.

საქართველო (15-9) გიგაური (შკინინი 54), მაჩხანელი, კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, კვირიკაშვილი, აბუსერიძე. (1-8) ნარიაშვილი (მამუკაშვილი 75), მამუკაშვილი (ასეიშვილი 70), შეყლაშვილი (ჩილაჩავა 52), დათუნაშვილი, მიქაუტაძე (ნემსაძე 47), ჩხაიძე, ბერიშვილი, ბასილაია (კალმახელიძე 54).
3ლ: ბასილაია, მაჩხანელი, ჩილაჩავა. ს: კვირკაშვილი.
მსაჯი: დევიდ ვილკინსონი (ირლანდია)

საქართველოს ნაკრებმა 2012 წლის სარაგბო სეზონი მარცხით
დაიწყო. "ბორჯღალოსნებისგან", მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელებთან ერთად დებიუტი ერთბაშად შვიდ მორაგბეს ჰქონდა, წაგებას არავინ ელოდა მადრიდში ესპანეთის ნაკრებთან, რომელსაც შარშან თბილისში 60:0 მოვუგეთ.

ესპანელები რევანშისთვის ემზადებოდნენ. მათი მიზანი მკვეთრად გამოსახული იყო, რადაც უნდა დასჯდომოდათ, ჩვენი გუნდისთვის უნდა მოეგოთ. საამისოდ მადრიდში არსებულ სამხედრო კოლეჯთანაც დაამყარეს ურთიერთობა და გუნდთან ამ დაწესებულების ფსიქოლოგები მუშაობდნენ. ძნელი სათქმელია, რამდენად გაამართლა ამ აქციამ. რადგან მიგვაჩნია, რომ ეს თამაში ესპანეთის ნაკრებს არ მოუგია. ის ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა წააგო.

მიზეზი შესაძლოა ბანალური იყოს - მეტოქის არასათანადოდ დაფასება. თუმცა, კაცმა რომ თქვას, მეტოქესაც ისეთი არაფერი გაუკეთებია. სამჯერ საკუთარი ოცდაორმეტერიანი ზონიდან გამოიქცნენ და სამივეჯერ ჩვენი ნაკრების ლელომდე მიაღწიეს.

სამი ლელო საქართველოს ნაკრებმაც გაიტანა. მაგრამ თუ ესპანელთა ფულბეკმა მატიე პელიკონმა ორის გარდასახვა შესძლო, ჩვენ მგეზავ მერაბ კვირიკაშვილს ყველა გაუცუდდა. ერთი საკმაოდ სერიოზული პრობლემა, რაც აქამდე საქართველოს ნაკრებს არ ჰქონია, თუ "მეკოს" დარტყმები არ წაუვიდა, გუნდში სხვა დამრტყმელი არავინაა.

ამ თამაშში ჩვენი გუნდი აქამდე არნახული უდისციპლინობით გამოირჩეოდა. უკვე მესამე წუთზე გარემარბი ალექსანდრე თოდუა გაასინბინეს, მეტოქის მიმართ განზრახ ბინძური თამაშისთვის ანუ შუბური ბოჭვისთვის. იგივე ილეთი პირველი ნახევრის მიწურულს გიორგი ჩხაიძემაც გაიმეორეა. არბიტრმა 10 წუთით ისიც დაასვენა.

ირლანდიელ რეფერის მანამდეც შეეძლო კიდევ ერთი ჩვენებურის გაძევება იგივე დანაშაულისთვის, მაგრამ რამდენიმე წუთით ადრე მასპინძელთა ანალოგიური ქმედება დაუსჯელი დარჩა და ჩვენც დაგვინდო.

არადა, ესპანეთის ნაკრები არ არის ისეთი ძალის გუნდი, მასთან ასეთი, შეიძლება ითქვას, გადამეტებული აგრესია გჭირდებოდეს. ისე გამოვიდა, რომ საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა რიცხობრივ უმცირესობაში 20 წუთის განმავლობაში ითამაშა. ეს ესპანელებმა შესანიშნავად გამოიყენეს და სწორედ ამ პერიოდში 15 ქულის მოპოვება შეძლეს.

საკმაოდ გვიჭირდა დაცვაში. მასპინძელთა ფეხმარდ უკანახაზელებს ვერაფერი მოვუხერხეთ. ხოლო თუ იშვიათად, მაგრამ მაინც მოგვეძალებოდნენ მეტოქის მორკინალები, ვჯარიმდებოდით.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა აღვნიშო, რომ ესპანეთის ნაკრებს რაიმე განსაკუთრებული, ჩვენთვის ახალი არაფერი შემოუთავაზებია. უბრალოდ, არცერთი შეცდომა არ გვაპატიეს და დიდი ზეიმიც მოაწყვეს. ცხადია, გასაკვირი არ არის ესპანელებს საქართველოს ნაკრების დამარცხება ასე ძალიან რომ გაუხარდათ. მათ ხომ ის გუნდი დაამარცხეს, რომელსაც მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან გასვლის და ელიტურ სარაგბო ქვეყნებთან თამაშის პრეტენზია აქვს.

ძნელია იმის მტკიცება, გამოდგება თუ არა ეს მარცხი გაკვეთილად. მიუხდავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეცდომები დავუშვით და საკმაოდ დიდი იყო ტექნიკური წუნი, მატჩის მოგება, თუნდაც თამაშის ასეთი ცუდი ხარისხით, მაინც შეიძლებოდა. ახლა მთავარია, სწორი ანალიზი და სათანადო დასკვნების გამოტანა.

მოდით, თამაშის დეტალებზეც შევჩერდეთ. ესპანელებმა მატჩის დასწყისშივე, მე-3 წუთზე გაგვიჭრეს დაცვის ხაზი. ფულბეკმა მატიე პელიკონმა ბურთი მოედნის საკუთარი ნახევრიდან წამოიღო და რომ არა თოდუას შუბური ბოჭვა, ალბათ ლელოსაც გაგვიტანდენ, თუმცა ამჯერად მასპინძლები საჯარიმოს დასჯერდნენ. ის პელიკონმა დაარტყა ზუსტად - 3:0.

თოდუა, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ გაასინბინეს. ესპანელებმა ამით ისარგებლეს და სამ წუთში ლელო გაგვიტანეს. ბურთი ფეხით მოედნის ცენტრთან ახლოს ეპანელთა მგეზავმა ჩარლი მელიმ დაჰკიდა, მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში ჩვენმა მორაგბეებმა იმარჯვეს, თუმცა საბოლოოდ მას მაინც შუამარბი სეზარ სემპერე დაეუფლა და ლელო ალამთან ახლოს გაგვიტანა, პელიკონმა ვერ გარდასახა და უკევ მე-6 წუთისთვის 0:8-ს ვაგებდით.

საქართველოს ნაკრებმა თამაშის მეტნაკლებად დალაგება მე-10 წუთის შემდეგ შეძლო და მე-15 წუთზე საკმაოდ კარგი, მრავალფაზიანი შეტევა ეფექტური ლელოთი დაასრულა. ცხრა ნომერმა ირაკლი აბუსერიძემ მარცხნივ გრძელ ფრთაზე დროულად შენიშნა უყურადღებოდ მიტოვებული მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია და ბურთი ფეხით გადაუკიდა. ბასილაიას მეტოქე წამოეწია, თუმცა ლელოში მაინც შეაღწია- 5:8. კვირიკაშვილმა ვერ გარდასახა, რამდენიმე წუთით ადრე მანვე საჯარიმო ცენტრიდან ასევე უხეიროდ დაარტყა.

ამის შემდეგ, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე უნდა დამდგარიყო. ორ წუთში მეტოქის ნახევარზე ისევ "ბორჯღალოსნები" უტევდენ, კვირიკაშვილმა ბურთი ფეხით შეაცურა, რომელსაც უმალვე ესპანელთა გარემარბი სებასტიან ასკარა დაეუფლა, რომელიც ადვილად დაუსხლტა ვიზავის ალექსანდრე თოდუას, ჩვენი გუნდის 22-მეტრიან ზონამდე ირბინა და იქაც ფულბეკი რეზო გიგაური უსაქმოდ დატოვა. მერე ბურთი იქვე მიმყოლ მესამეხაზელ მატიე ვიზენანს გაატანა. მის მიერ გატანილი ლელო პელიკონმა გარდასახა - 15:5.

ანგარიშის შემცირება ჩვენმა გუნდმა ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე შესძლო. საჯარიმო კვირიკაშვილმა გაიტანა, თუმცა ორ წუთში, წესის დარღვევისთვის არბიტრმა გიორგი ჩხაიძე გაასინბინა და ისევ კაცნაკლულნი დავრჩით. პელიკონმა საჯარიმო გაიტანა და ანგარიშში ათქულიანი სხვაობა აღადგინა - 18:8. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები დასაწყისშივე აქტიურად ათამაშდა. 46-ე წუთზე კიდევ ერთი ლელოს გატანის შანსი ბასილაიას მიეცა, თუმცა მან უკან თანაგუნდელს გადააწოდა და ამ ეპიზოდიდან მაქსიმუმ შერკინებას გამოვრჩით. შეტევა შერკინებიდან ისევ ბასილაიამ განაგრძო, რაკიდან ერთი მოკლე დარტყმის შემდეგ ბურთი ირაკლი აბუსერიძემ აიტაცა და უკან მიმყოლ მეორეხაზელ ლევან დათუნაშვილს აუგდო. "ჩაქუჩა" გუნდის კაპიტნის ჩანაფიქრს ვერ მიხვდა და ბურთი მეტოქის ნადავლი გახდა. ესპანელი უკანახაზელების მორიგი სპრინტი კი მესამე ლელოთი დასრულდა. თავი ამჯერადაც სეზარ სემპერემ გამოიჩინა. პელიკონმა გარდასახა - 25:8.

ანგარიშში 17-ქულიანი სხვაობა მეტისმეტი იყო, თუმცა ამ შემთხვევაშიც მატჩის გადარჩენის შანსი მაინც არსებობდა. გუნდის თამაში საგრძნობლად გამოაცოცხლა შეცვლაზე შესულმა გიორგი შკინინმა, რომლის ბურთთან შეხების ლამის ყველა შემთხვევა სახიფათო იერიშით აღინიშნა.

58-ე წუთზე დერეფანი მეტოქის ლელოდან 40 მეტრში მოვიგეთ. ჩხაიძემ ბურთი აბუსერიძეს ჩამოუგდო, რომელმაც მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე მესამეხაზელ გივი ბერიშვილს დაარტყმევინა. წარმოქმნილი რაკიდან "აბუმ" ისევ მარცხნივ შკინინს გამოუთამაშა, რომელმაც მაღალი სისწრაფით რამდენიმე მეტრი გაირბინა და კიდევ უფრო მარცხნივ გარემარბი ირაკლი მაჩხანელი ჩართო შეტევაში. მის მიერ გატანილი ლელო კვირიკაშვილმა ისევ ვერ გარდასახა - 13:25.

თამაშის დასრულებამდე 24 წუთი იყო დარჩენილი, რაც 12-ქულიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად სრულიად საკმარისია. "ბორჯღალოსნები" ბევრს ეცადნენ, სათამაშო უპირატესობასაც თითქოს ფლობდნენ, მაგრამ მატჩის დასრულებამდე მხოლოდ ერთი ლელოს გატანა მოახერხეს. ესპანელთა ჩათვლის მოედანის მისადგომებთან ოთხწუთიანი იერიში დებიუტანტმა ლევან ჩილაჩავამ დაასრულა. კვირკაშვილმა ამჯერადაც ვერ გარდასახა - 18:25.

აღსანიშნავია, რომ აქამდე საქართველოს ნაკრების არცერთ თავკაცს, ჩვენს ეროვნულ გუნდში სანაკრებო კარიერა მარცხით არ დაუწყია, თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ ყველამ მარცხით დაასრულა.

პორტუგალია-რუსეთი 32:33
პორტუგალია: 15. ანტონიო აგილარი, 14. გონსალო ფორო, 13. ფედერიკო ოლივეირა, 12. კარლ მურეი, 11. ბერნარდო სილვეირა, 10. იანიკ რიკარდო, 9. ფრანსისკო მაგალიაეში. 1. კრისტიან სპაშუკი, 2. მაიკ ტაჯერი, 3. ჟორჯე სგურადო, 4. დავიდ პენალვა, 5. გონსალო უვა, 6. ვასკო უვა, 7. ჟულიენ ბარდი, 8. ჟუან სევერინო.
16. ვასკოს მარკესი, 17. ფრანსისკო ფერნანდესი, 18. ჟუან მურე, 19. რუი დორეი, 20. ლუის სოუზა, 21. ჟოზე პინტუ, 22. ჯოზეფ გარდნერი.

რუსეთი: 15. ი.კუშნარიოვი, 14. ვლადიმირ ოსტროუშკო, 13. დიმიტრი გერასიმოვი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. დენის სიმპლიკევიჩი, 10. ანტონ რიაბოვი, 9. ალექსანდრ იანუშკინი. 1. ვლადიმირ ბოტვინიკოვი, 2. ვალერი ცნობილაძე, 3. ევგენი მატვევი, 4. დენის ანტონოვი, 5. ვლადმირ ბოლტენკოვი, 6. ანდრეი ტემნოვი, 7. ანდრეი გარბუზოვი, 8. ვიქტორ გრესევი.
16. გრიგოლ ცნობილაძე, 17. ინოკენტი ზიკოვი, 18. პაველ კვერნაძე, 19. არტიომ ფატახოვი, 20. ალექსანდრე შაკიროვი, 21. სერგეი ტრიშინი, 22. მიხაილ ბაბაევი.

საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა ერთა თასის კიდევ ერთი შეხვედრა. ლისაბონში რუსეთის ნაკრებმა მინიმალური სხვაობით 33:32 მოუგო მასპინძელთა ეროვნულ გუნდს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულისთვის პორტუგალიელები 20:9-ს იგებდნენ. რუსებმა კი იმდენი მოახერხეს, რომ მეორე ნახევარში 33:20 დაწინაურდნენ. პორტუგალიელები ბევრს ეცადნენ თამაში გადაერჩინათ, თუმცა მაქსიმუმი, რაც შეძლეს ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება იყო. აღსანიშნავია, რომ რუსთა გუნდში სამმა ქართველმა ითამაშა.

კიდევ ერთი შეხვედრა რუმინეთისა და უკრაინის ნაკრებებს შორის უამინდობის გამო გადაიდო.

ერთა თასი 2012
თ მ ფ წ ბ ქ
1.რუმინეთი 1 1 0 0 +8 4
2.ესპანეთი 1 1 0 0 +7 4
3.რუსეთი 1 1 0 0 +1 4
4.პორტუგალია 2 0 0 2 -9 2
5.საქართველო 1 0 0 1 -7 1
6.უკრაინა 0 0 0 0 0 0

ორი წლის ჯამი
თ მ ფ წ ბ ქ
1.საქართველო 6 5 0 1 +126 23
2.რუმინეთი 6 4 0 2 +105 20
3.პორტუგალია 7 3 0 4 +6 16
4.რუსეთი 6 3 0 3 +3 15
5.ესპანეთი 6 3 0 3 -26 14
6.უკრაინა 5 0 0 5 -164 0

III ტური
25 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია, რუსეთი-რუმინეთი, უკრაინა-ესპანეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
არ შეიძლებოდა 7 ახალი მოთამაშის ერთბაშად მოედანზე გაყვანა.ყველა მწვრთნელმა გაიგო ეს რისი მაქნისიცაა ძირითადი შემადგენლობა,ნუთუ ეს მწვრთნელი ისეთი გაუთვიცნობიერებელია რომ ნახევარი გამოუცდელი შემადგენლობის მოედანზე გაყვანა პროფესიონალ მორაგბეებთან ერთად გაუთვიცნობიერებელი და უაზრო საქციელი იყო.მითუმეტეს პირველი მატჩი თანაც გასვალზე.ახალი მოთამაშეებით გუნდის ჩანაცვლება კაია მაგრამ არა ერთბაშად.ეს უნდა ხდებოდეს ნელ-ნელა და ეტაპობრივად.უკმაყოპილო ვარ ამ მწვრთნელის უაზრო საქციელით.........
ბაბუ
15:16 14-02-2012
0
რაგბის ფედერაციის საიტზეც ვიყავი,არავითარი კომენტარი...პასუხს არავინ იძლევა.საწყენია.
tamazi
15:01 14-02-2012
0

სიახლეები პოპულარული