არგენტინა-საქართველო 45:29 - რა გამოვგლიჯეთ "პუმებს"? [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტების ბოლო მატჩი არგენტინის ჩრდილოეთში, ხუხუიში გამართა და მასპინძელთა ეროვნულ გუნდთან 29:45 დამარცხდა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე მაჩვენებელი გააუმჯობესა. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს, რაც მანამდე, ოთხ შეხვედრაში ვერ შეძლეს - ჩვენების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ლელო იყო. ამასთან, 29 ქულა არგენტინასთან აქამდე არასდროს დაგვიგროვებია, თანაც, ეს სტუმრად, მეტოქის მოედანზე მოხდა.

არგენტინის ნაკრების პროგრესსა და მის ადგილზე თანამედროვე რაგბიში აქ არ შევჩერდებით, ეს ისედაც კარგადაა ცნობილი. მნიშვნელოვანი და საინტერესო ისაა, ჩვენ რამდენად ჩამოვრჩებით მათ. კაცმა რომ თქვას,
ძალიან შორსაც არ არიან.

ყბადაღებული თემაა, მაგრამ იმავე არგენტინას ყოველ წელიწადს თითოჯერ მაინც რომ ვეთამაშოთ (აღარაფერს ვამბობთ ექვსი ერის გუნდებსა და სხვა ბობოლებზე), ეს ჩამორჩენაც მალე აღმოიფხვრება.

რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? "ბორჯღალოსნები" 38-ე წუთისთვის 3:26 აგებდნენ, მეორე ტაიმში ჩამორჩენა უფრო გაიზარდა - 15:45. ამის მიუხედავად, გუნდმა მობილიზება ორივეჯერ შეძლო. სულ რამდენიმე წლის წინათ კი გავტყდებოდით და ხელებს ჩამოვუშვებდით.

ჩვენს გუნდს ეტყობა, რომ მეტი პოტენციალი გააჩნია, მეტი შეუძლია.

ამის დასტურად პირველი ტაიმის ბოლოს გატანილი უმაღლესი კლასის ლელოც გამოდგება. კონტრშეტევა მგეზავმა ლაშა ხმალაძემ საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან დაიწყო. გზად რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი, არგენტინელთა 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან შეტევაში დავით კაჭარავა, ვასილ ლობჟანიძე და ოთარ გიორგაძე ჩაერთნენ. მათ ხელდახელ შესანიშნავად იბურთავეს და ლელოში კაჭარავამ შეაღწია. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ლელო, რომელიც საქართველოს ნაკრებს ოდესმე გაუტანია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მერე გვქონდა საგრძნობი უპირატესობა შერკინებაში, რომელიც კიდევ უფრო გამოიკვეთა, როცა მოედანზე ჩვენი ახალგაზრდა ბურჯები გამოვიდნენ.

და მაინც, რატომ წავაგეთ არგენტინასთან, რით გვჯობია ეს გუნდი? სისწრაფეში, აგრესიულობაში, შეტევის ორგანიზებასა და ტაქტიკურ მონახაზში ჯერჯერობით "პუმები" წინ არიან.

ცუდი ისაა, რომ ცალკეულ მომენტებში დაცვაში თამაში გაგვიჭირდა, ისე, რომ მეტოქის გარემარბ რამირო მოიანოს სამი ლელოს გატანის საშუალება მივეცით. მასპინძლებზე ხშირად ჩვენ ვჯარიმდებოდით და მათმა მგეზავმა ნიკოლას სანჩესმა ხუთი დარტყმიდან ოთხი გაიტანა. ჩვენ მას მხოლოდ ერთი საჯარიმოთი ვუპასუხეთ, ისიც მატჩის დასაწყისში.

თუმცა, ისიც აშკარად გამოჩნდა, რომ, როდესაც ორივე გუნდში ცვლილებები განხორციელდა და არგენტინელთა ლიდერებმა მარტინ ლანდახომ, ნიკოლას სანჩესმა და ავგუსტინ კრევიმ მოედანი დატოვეს, უპირატესობას ჩვენი ნაკრები დაეუფლა და ისე გამოვიდა, რომ მეორე ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" 21:19 მოიგეს.

ესეც რაღაც ახალია - აქამდე პირველი ტაიმი ორჯერ გვქონდა მოგებული და, როგორც წესი, მეორეში ვმარცხდებოდით. ახლა პირიქით მოხდა.

პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც 8:26 წავაგეთ, საქართველოს ნაკრებმა სამი ლელო გაიტანა. ამათგან ერთი საჯარიმო ლელო იყო. "ბორჯღალოსნების" შერკინების მიძალებას მასპინძლებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და აშკარა ლელოსგან თავის ხსნას წესის დარღვევით აპირებდნენ. არბიტრი წამითაც არ შეყოვნებულა, საჯარიმო ლელო დააფიქსირა.

ძალიან კარგი გამოდგა სოსო მათიაშვილის მიერ გატანილი ლელოც. "ბორჯღალოსნები" მორკინალების დარტყმებით დიდხანს უტევდნენ მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში. რაკში არგენტინელები უხვად ჩაითრიეს, ისე, რომ მარცხენა ფრთა მოუშიშვლდათ. ეს დროულად შენიშნა შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ, რომელმაც ბურთი ხაზზე გაიტანა. იქ კი, რიცხობრივი უპირატესობის გათამაშება ჩვენებს არ გასჭირვებიათ.

ეს მეორე ლელოა ახალგაზრდა ქართველი მორაგბის სანაკრებო კარიერაში, რომელიც მატჩში ფულბეკის, მერაბ კვირიკაშვილის ნაცვლად ჩაერთო. მათიაშვილმა, ლელოს გარდა,  კიდევ ორი გარდასახვაც გაიტანა.

აბა, ის რა თამაშია, ჩვენმა მორაგბეებმა ერთი მძლავრი მოლი მაინც თუ ვერ ააგორეს. მატჩის მიწურულს ესეც შეძლეს. მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფანი მოვიგეთ და მოლი შევკარით, რომელიც არგენტინელთა ჩათვლის მოედანში სირბილით შევიდა. ლელო შეცვლაზე შესულმა შერკინების კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა მიითვალა.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტებზე სამი მატჩიდან ორი მოიგო (კანადა, აშშ) და ერთში დამარცხდა.

- აშშ-საქართველო 17:21 - გამარჯვება ამერიკულ ჯორჯიაში [VIDEO]
- კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]

ურიგო შედეგი არაა, მაგრამ გუნდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ალბათ, უკეთესი თამაშის ხარისხია სასურველი.

მატჩის შემდეგ
დანიელ ურკადი, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი გველოდა. ამიტომ საქმეს დასაწყისშივე სერიოზულად მივუდექით. მაღალი სისწრაფეები ჩავრთეთ, თუმცა მერე ეს სისწრაფე დავკარგეთ და მეტოქემ თავისი სათამაშო სტილი მოგვახვია თავს - ისეთი, როგორშიც ის ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. შეხვედრის ბოლო წუთებმა მწარე გემო დაგვიტოვა.

მატჩის ბედი მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში გადაწყდა. ამ დროს შეგვეძლო, თამაში უფრო გაგვეძლიერებინა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. მე-60 წუთამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, რასაც ვერ ვიტყვი ბოლო 20 წუთზე. არადა, თამაში 80 წუთი გრძელდება".

ივნისის ტესტები
არგენტინა-საქართველო 45:29
არგენტინა: (15-9) ტუკულეტი, მორონი, ორლანდო (შულცი 54), დე ლა ფუენტე, მოიანო (ორლანდო 67), სანჩესი (გონსალესი 60), ლანდახო (ვერტრანუ 60). (1-8) ჩაპარო (პასი 52), კრევი (მონტოია 41)მ ეილანი (ერერა 51), პეტი, ალემანო, ლესანა (მატერა 17), ვაესი, სენატორე (მაკომე 51).
5ლ: კრევი, ტუკულეტი, მოიანო (3) 4გ,4ს: სანჩესი
სინბინი: მოიანო
საქართველო: (15-9) კვირიკაშვილი (მათიაშვილი 48), მჭედლიძე, კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე, ლობჟანიძე (ბეგაძე 55). (1-8) ნარიაშვილი (მატარაძე 55), ბრეგვაძე (მამუკაშვილი 55), ბეკოშვილი (ხატიაშვილი 62), ნემსაძე (მალაღურაძე 71), მიქაუტაძე, გიორგაძე (ჩხაიძე 70), კოლელიშვილი (ცუცქირიძე 58), ლომიძე.
4ლ: კაჭარავა, საჯარიმო, მათიაშვილი, მამუკაშვილი. 3გ: მათიაშვილი (2), ავტ. ს: კვირიკაშვილი.
სინბინი: ნემსაძე
მსაჯი: ლუკ პირსი (ინგლისი).

სხვა მატჩები
სამოა-უელსი 17:19
ახ. ზელანდია-ბრ. ლომები 30:15
ფიჯი-შოტლანდია 27:22
ავსტრალია-იტალია 40:27
იაპონია-ირლანდია 13:35
სამ. აფრიკა-საფრანგეთი 35:12
კანადა-აშშ 28:28
რუმინეთი-ბრაზილია 56:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 36 /
სპანდერაშვილი, საღინაძე, კვესელაძე, ჯიმშელეიშვილი ნელ-ნელა უკვე დროა ძირითად ნაკრებში დაიწყონ ადაპტაცია. ეს პროცესი უცებ არ ხდება, დრო ჭირდება და დასაკარგი დრო მემგონი არ გვაქვს. სადაცაა მოგვადგება კარს მსოფლიო თასი და იმ დრომდე კარგი, ჩამოყალიბებული და თავდაჯერებული შევსება უნდა მიიღოს ნაკრებმა. მილტონმაც არ დაიშურა საქებარი სიტყვები, რამდენიმე კაცი ბრწყინვალე მორაგბე იქნებაო და ვნახოთ, ველოდები ცვლილებებს...
fraternity
18:10 29-06-2017
1
ნიკო.მამრიკიშვილი მეც მომწონს,მისი თავისებური მანერა,საკმაოდ მხიარული და რაც მთავარია რაგბის მოყვარული და მცოდნე.გუცაევი ბევრს აფორმებდა,მაგრამ ორი იმდენი ხვდებოდა და რუსი მსაჯი ვერ კი არა,არ ხედავდა.სამ წელზე მეტი აქვს საავადმყოფოში გატარებული.ამ ტურნეზე ჩვენ პირველად დავამარცხეთ ამერიკაში კანადა,ამერიკა,4 ლელო დავუდეთ არგენტინას,ასე რომ პარამეტრები ობიექტურად გაუმჯობესებულია,თუმცა ადრე ბორჯღალი სრული შემადგენლობით არასოდეს წასულა ამერიკაში,არგენტინას კი ბოლო 12 თამაშში მესამე გამარჯვება გამოუვიდა,ჩვენამდე კი სულაც 5 წაგება ჰქონდა მიყოლებით.ამერიკასთან და არგენტინასთან ჩვენ რაც ჩავარდნები გვქონდა,იმის გამო გვქონდა,რომ სისწრაფეში ვერ ავდევდით მათ შემტევებს,არგენტინა კი შეტევაში ტაქტიკურადაც გვჯობდა,ჩვენი უხეში შეცდომები სწორედ სისწრაფეში სხვაობამ განაპირობა და უმეტესად საქართველოში მოთამაშე ბიჭებისაგან მოდიოდა,ჩვენთან ხომ გაცილებით ნელა ვთამაშობთ,ხოლო თუ ყველა ჩამოთვლილ ნაკლს გამოვასწორებთ,მაშინ ზელანდიასაც გავბდღვით,შერკინება ხომ უძლიერესი გვყავს.სირბილის სწავლა ჟერ კიდევ სკოლაში უნდა ისწავლოს სპორტსმენმა,მაგრამ მიშამ სპორტის აკადემია გაანადგურა და სპეციალისტები თან ახალგაზრდა საიდან მოვიყვანოთ.მეკომ პირველი თამაში მაგრად ითამაშა,მაგრამ ლელოს მომენტში აშკარად რაღაცა ეტკინა და შემდეგ აშკარად გაუფუჭდა თამაში,მაგრამ მისი ჩამოწერა აშკარად ნაადრევია,ჯერ კიდევ ბევრი შეუძლია.მათიაშვილმა კარგად წარმოაჩინა თავი და ეჭვგარეშეა,მომავალში გაცილებით მეტ დროს მისცემენ,მსოფლიოსთვის კი შეიძლება ოცწლამდელებიდანაც წამოგვესწრონ ბიჭები ,ვნახოთ,იმედი ვიქონიოთ და მაშინ ხელით თამაშიც გაცილებით გაუმჯობესდება.მთლიანობაში ამ ტურნეს მე მაინც დადებითად შევაფასებდი და ამის დადასტურებას ნოემბრის ტესტებზე დაველოდოთ
სოსო
18:12 27-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული