რუმინეთი-საქართველო 8:7 - ჩვენი მარცხი და "ოსკარი" [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" ხუთწლიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. რუმინელებთან კი ბოლოს 2010 წლის მერე არ წაგვეგო. ეს სერიაც შეწყდა. "ბორჯღალოსნებმა" წელვანდელი გათამაშების ბოლო მატჩში სტუმრად, ბუქარესტში რუმინეთის ეროვნულ გუნდთან 7:8 წააგეს, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ფარი და "ანთიმოზ ივერიელის თასიც" მასპინძლებს დაუტოვეს.

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ რუმინელთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. წლების განმავლობაში მუდმივი მარცხის შემდეგ "სტეჟარიმაც" გაიხარა. მერა რა, რომ რუმინელთა რიგებში ახალზელანდიელი, სამოელი, სამხრეთაფრიკელი, ინგლისელი და ქართველი მორაგბე თამაშობდნენ. მათ ასპარეზობის უფლება ოფიციალურად ჰქონდათ. მთავარი ისაა, რომ აშკარად
ჯანზე მყოფ რუმინელებს ვერაფერი დავუპირისპირეთ, განსაკუთრებით კი, მეორე ტაიმში.

პირველ ტაიმს თითქოს არა უშავდა. ის მოვიგეთ კიდეც - 7:5, მაგრამ შერკინებაში რუმინელთა მიერ მოპოვებული უპირატესობა რომ კარგს არაფერს გვიქადდა, ცხადი იყო. ასე ჩვენი გუნდი სტატიკურ მდგომარებაში თამაშისას ახალი ზელანდიის ნაკრებსაც არ დაუჩაგრავს.

მასპინძელთა უპირატესობა ამ კომპონენტში თვალნათელი მას შემდეგ გახდა, რაც მე-4 წუთზე ფრთაზე გარემარბივით მორბენალმა მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ფეხი იტკინა და შესაცვლელი შეიქნა.

პირველ ნახევარში ჩვენი მორაგბეები ხელდახელ, თანამედროვე რაგბის თამაშს ცდილობდნენ და გამოსდიოდათ კიდეც. ერთი იყო, რომ ჩვენი პირველხაზელები მეტოქეს დინამიკურ თამაშში ვერ ჩაგრავდნენ, ხაზს იშვიათად ჭრიდნენ მიძალებისას. რუმინელები თავს თავგანწირვით იცავდნენ. სწორედ ამაზე ლაპარაკობდა თამაშის წინა დღეს მათი ერთ-ერთი მწვრთნელი მარიუს ტინკუ.

ლელო, რომელიც დასაწყისშივე მასპინძლებმა გაგვიტანეს, თითქმის კურიოზული იყო და ძალიან ჰგავდა ნოემბრის ტესტებზე იაპონიის ნაკრებთან გაშვებულ პირველ ლელოს.

"ბორჯღალოსნების" იერიშისას ბურთი წინ გადაგვივარდა. რუმინელთა ცხრა ნომერმა ფლორინ სურუჯუმ ბურთი ფეხით ჩვენს 22-მეტრიან ზონაში გადაკიდა. თავადვე მიჰყვა. საქართველოს ნაკრების ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი ბურთთან ყველაზე ახლოს იყო, მაგრამ მიწაზე დავარდნის შემდეგ ის მას თავზე გადაახტა და ხელში სურუჯუს ჩაუვარდა. რუმინელთა ცხრა ნომერი წაბორძიკდა, დაეცა, თუმცა მაინც შეძლო იქვე მიმყოლი ფულბეკისთვის, კატალინ ფერკუსთვის გადაცემა. ამ უკანასკნელს ხელს აღარავინ უშლიდა. რუმინელთა მგეზავმა და მთავარმა დამრტყმელმა ფლორინ ვლაიკუმ ვერ გარდასახა.

რუმინელებს კიდევ უფრო დაწინაურებაც შეეძლოთ. მოედნის ჩვენს ნახევარზე დანიშნულ შერკინებაში რუმინელებმა რამდენიკე მეტრით უკან დაგვახევინეს. ბოლოს წესიც დავარღვიეთ, მაგრამ ვლაიკუმ საჯარიმო ვერ გაიტანა.

იქამდე საჯარიმო კვირიკაშვილმაც ვერ გამოიყენა, რომელიც ასევე შერკინებაში თამაშისას მოვიპოვეთ. მერე, მალევე ჩვენმა ფულბეკმა ცენტრიდან არეკნითაც დაარტყა, მაგრამ კარის ძელებს შორის ბურთი ვერ გაატარა.

ლელო, რომელიც ჩვენმა გუნდმა გაიტანა, შესანიშნავი კომბინაციის შედეგი იყო. ჩვენმა მორაგბეებმა თერთმეტი ფაზა აკინძეს და მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა შექმნეს. ლელოში კი შუამარბმა მერაბ შარიქაძემ შეაღწია. კვირიკაშვილმა საკმაოდ რთული პოზიციიდან ზუსტად გარდასახა - 7:5. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში მეტოქეს დერეფანში ვაჯობეთ. ჩვენი ყველა აუტი მოვიგეთ და მასპინძლებს სამი ავართვით. ეს სურათი მეორე ტაიმში რატომღაც შეიცვალა. რუმინელებმა უკვე დერეფანშიც გვაჯობეს რამდენჯერმე. 52-ე წუთზე კი, მოლში თამაშისას დავჯარიმდით და ვლაიკუმ საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 8:7.

ამის მერე მასპინძლებს ანგარიშის გაზრდის შანსი ერთხელაც არ მისცემიათ, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს გუნდზე. მართალია, სალელოვედ ვერც ერთხელ ვერ შევუტიეთ, რაშიც წვლილი "სტეჟარის" დაცვას მიუძღვის, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილს ორჯერ მიეცა შანსი, საჯარიმო დარტყმით დაეწინაურებინა "ბორჯღალოსნები".

სამწუხაროდ, ჩვენმა მთავარმა დამრტყმელმა და საუკეთესო მექულემ ორივე შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ უცნაური რამ მოხდა. ევროპული რაგბის მამებმა ყველაფერი აურიეს და "რაგბი ევროპის ჩემპიონად" საქართველოს ნაკრები გამოაცხადეს, ფარიც "ბორჯღალოსნებს" ოფიციალურად გადასცეს საზეიმო ვითარებაში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არადა, წესდების დებულების თანახმად, პირველ ადგილზე რუმინეთის ნაკრებია. ჩვენ და "სტეჟარიმ" თანაბარი, 19-19 ქულა დავაგროვეთ. ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ურთიერთშეხვედრებში გამარჯვებულ გუნდს.

რუმინეთმა მოგვიგო და პირველიც ისაა.

წუთი წუთზე
მე-2 წთ: დაინიშნა პირველი აუტი ჩვენ სასარგებლოდ, რომელიც უპრობლემოდ მოვიგეთ.
მე-3 წთ: რუმინელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს, რომელიც ფულბეკმა კატალინ ფერკუმ ლელოთი დაასრულა. ფლორინ ვლაიკუმ გარდასახვა ვერ გაიტანა.
მე-5 წთ: "ბორჯღალოსნების" მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა.
მე-8 წთ: დაინიშნა პირველი შერკინება ჩვენ სასარგებლოდ, რომელშიც მეტოქე დავჯაბნეთ და დავაჯარიმეთ.
მე-9 წთ: საქართველოს ნაკრების ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმო ვერ გაიტანა.
მე-10 წთ: კვირიკაშვილმა იქვე არეკნით სცადა კარის დალაშქვრა, მაგრამ არ გამოუვიდა.
27-ე წთ: რუმინელთა მგეზავმა ფლორინ ვლაიკუმ საჯარიმო ვერ გაიტანა.
37-ე წთ: საქართველოს ნაკრებმა ხელდახელ, მრავალფაზიანი კომბინაცია გაითამაშა. მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა შექმნა და ლელო შუამარბმა მერაბ შარიქაძემ გაიტანა. კვირიკაშვილმა გარდასახა - 7:5.
52-ე წთ: ვლაიკუმ საჯარიმო გაიტანა - 8:7.
67-ე წთ: კვირიკაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ გაიტანა.
77-ე წთ: კვირიკაშვილმა 48 მეტრიდან საჯარიმო ვერ გაიტანა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. V ტური
რუმინეთი-საქართველო 8:7
რუმინეთი (15-9) ფერკუ, შენანი, უმაგა, ფაკაოსილეა, დუმიტრუ, ვლაიკუ, სურუჯუ (კალაფეტეანუ 65). (1-8) ბადიუ (კაპატანა 67), ტურაშვილი (პრისტავიტა 65), ტარუსი (გორდასი 70), ფან ჰერდენი, ანტონესკუ, ლუკაჩი (პოპირლანი 70), გორჩიოაია, მაკოვეი (ლაზარი 73).
ლ: ფერკუ. ს: ვლაიკუ
საქართველო (15-9) კვირიკაშვილი, თოდუა, კაჭარავა (კოშაძე 67), შარიქაძე, სვანიძე, ხმალაძე, ლობჟანიძე (ბეგაძე 65). (1-8) ნარიაშვილი, ბრეგვაძე (ჟვანია 65), ბეკოშვილი (ტაბიძე 41), ნემსაძე (ლომიძე 9), მიქაუტაძე, თხილაიშვილი, გორგოძე (ცუცქურიძე 74), გორგაძე
ლ: შარიქაძე. გ: კვირიკაშვილი
მსაჯი: იან დევისი (უელსი).

სხვა მატჩები
ესპანეთი-ბელგია 30:0
რუსეთი-გერმანია 52:25

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. რუმინეთი 5 4 0 1 +44 19 3
2. საქართველო 5 4 0 1 +92 19 3
3. ესპანეთი 5 3 0 2 +37 13 1
4. რუსეთი 5 2 0 3 -10 9 1
5. გერმანია 5 2 0 3 -80 8 0
6. ბელგია 5 0 0 5 -83 2 2.

იხილეთ სტატიის ინგლისური ვერსია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 32 /
ეხლა ყველაფერს რომ მელტონას აბრალებთ კვირიკაშვილმა 3ჯარიმა ვერ გაიტანა ლელოს ხაზზე რომ ბურთი წინ უვარდებათ რა მისი ბრალია. უბრალოდ საქართველოს ნაკრები ვერ დგას თავის დონეზე უნდა ჩამოიყვანონ გამოცდილი მწვრთნელები გუნდებში უცხოეთიდან და მოგვარდება ყველაფერი
misha
21:04 21-03-2017
0
შეგნებულად არ დავწერე ცხელ გულზე...
მე იმ კატეგორიიდან ვარ, რომელიც იცავდა ნაკრებს და მწვრთნელს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გული გვატკინეს ყველას მაინც გუნდის გვერდით ვარ.
მაგრამ არ შემიძლია არ გამოვთქვა გულისტკივილი მოთამაშეების მიერ თამაშის მიმართ დამოკიდებულებაზე. ჩვენ ბევჯერ დავმარცხებულვართ მაგრამ არასდროს მქონია ასეთი შეგრძნება... უფრო სწორად სიამაყის შეგრძნება მქონდა ყოველთვის, ყოველი თამაშის შემდეგ განურჩევლად შედეგისა... კვირას იყო გამონაკლისი! ეს იყო საკუთარი თავის, კვართის და გულშემატკივრის უპავტიცემულობა. სად წავიდა ის თავგანწირვა და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლა?
მივესალმები ახალი თაობის გამოჩენას და გამოცდას ნაკრებში. გამოცდის არსი მდგომარეობს მის შედეგში ვიღაცა მას ჩააბარებს და ვიღაცა ვერა. ვფიქრობ თითქმის ყველამ ჩააბარა ეს გამოცდა. ახალებმა სწორედ ასეთ თამაშებში უნდა მიიღონ გამოცდილება აქ სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ვეტერანებმა უნდა მისცენ მაგალითი თავდადების, ბძოლის და ომის... მაგრამ ვინმემ ეს დაინახეთ?
არ ვიცი რა ხდება კულისებს მიღმა, მაგრამ ვფიქრობ რაღაც წესრიგში არ უნდა იყოს...
თუ ვინმეს გული შეტკივა ნაკრებზე ან სათქმელი აქვს - იქნება ეს მწვრთნელი თუ რაგბისტი ახლავე უნდა თქვას, რათა არცერთი წუთი არ დაიკარგოს ჩვენი რაგბის განვითარების გზაზე. მოვითხოვ რომ კაპიტანმა და მწვრვთნელმა დაწვრილებით ისაუბრონ ასთი უსახური თამაშის მიზეზებზე.
მწვრთნელის საკითხს რაც შეეხება ზაფხულის ტესტებამდე არაფერი იქნება და ზაფხულის მერე შედეგსაც და ხარისხსაც ერთად შევაფასებთ ყველა...
გზავნილი
06:26 21-03-2017
0

სიახლეები პოპულარული