ივნისის ტესტები 2017: "ბორჯღალოსნების" სამი ტესტი და ორი ამხანაგური

AutoSharing Option
2017 წლის ივნისში "ბორჯღალოსნები" ტესტ-მატჩების გასამართად ამერიკის კონტინენტზე გაემგზავრებიან.

"მსოფლიო რაგბმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოკეანის გაღმა ქართველები ჯერ ჩრდილოეთს ეწვევიან და 10 ივნისს კანადის, ხოლო 17-ში აშშ-ის წინააღმდეგ ითამაშებენ. ამის შემდეგ მილტონ ჰეიგის შეგირდები სამხრეთში გადაინაცვლებენ და პირველი დონის გუნდს - არგენტინას შეხვდებიან.

აქამდე "ბორჯღალოსნები" ჩრდილოეთ ამერიკაში ორჯერ ყოფილან: მათ 2009 წელს "ჩერჩილის თასზე" ითამაშეს, ხოლო 2012 წელს ტესტები გამართეს - ოთხივე მატჩში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ (ორ-ორჯერ კანადასა და აშშ-ს).

2010 და 2013 წლებში კანადა და შტატები აქეთ გვეწვივნენ: სამი
თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდა (ორჯერ კანადასთან და ერთხელ შტატებთან), რუსთავში კი აშშ-მა იმარჯვა.

კანადას მეხუთედ 2015 წელს, ინგლისში, მსოფლიო თასის წინ, მოსათელ თამაშში შევხვდით და დავმარცხდით.

არგენტინა (იტალიის შემდეგ 2003 წელს, მსოფლიოს წინ) მეორე იყო პირველი დონის ქვეყნებიდან, რომელსაც მსოფლიო თასისა და მის შესარჩევთა გარეშე ვეთამაშეთ - პუმებს 2013 წელს ვესტუმრეთ. გარდა ამისა, მათ სამჯერ შევხვდით მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე (2007, 2011, 2015) და სამჯერვე დავმარცხდით. სამჯერ ვერაგბეთ არგენტინის "ა" ნაკრებსაც, ოღონდაც ორჯერ მოვუგეთ.

არის შანსი, რომ ტესტ-მატჩების შემდეგ "ბორჯღალოსნები" სამხრეთ ამერიკაში დარჩნენ და ორი ამხანაგური თამაშიც გამართონ, ოღონდ "საქართველო XV"-ის აბრით. რაგბის კავშირებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ახლა ჯერი "მსოფლიო რაგბიზეა". ეს ორი მატჩი საერთაშორისო ტესტ-სარკმლის მიღმა ხვდება და მათი ჩატარებისთვის "მსოფლიო რაგბის" დამატებითი დასტური ამიტომაა საჭირო.

"არგენტინელებმა, ოფიციალური ტესტ-მატჩის გარდა, კიდევ ერთი თამაშის გამართვა შემოგვთავაზეს. საუბარია არგენტინის პირველობის ნაკრებისა და ჩვენი "ა" ნაკრების შეხვედრაზე. გვაქვს კიდევ ერთი ვარიანტი - არგენტინის კვალად ამავე "ა" ნაკრებით ურუგვაისაც ვერაგბოთ. ვფიქრობთ, რომ ოფიციალური ტესტ-მატჩების შემდეგ 10-12 ლიდერი დაისვენებს, მათ ადგილს კი ახალგაზრდები დაიკავებენ და ძლიერ გუნდებთან თამაშით გამოცდილებას შეიძენენ" - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის ოპერაციული მიმართულებების ხელმძღვანელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ხურციძემ.

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული