"ჯიქი" მხოლოდ "დილას" დაფინანსების მეხუთედს ითხოვს - ინტერვიუ პალიკო ჯიმშელაძესთან

AutoSharing Option
გორის "ჯიქი" ქართული საკლუბო რაგბის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, რომელიც მეტადრე ბოლო წლებში პროგრესირებს. განვლილ ჩემპიონატში "ჯიქმა" საუკეთესო სეზონი ჩაატარა და გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა. გორელები ახალი სეზონისთვის სამზადისსაც ნაყოფიერად შეუდგნენ, შეკრება გაიარეს, შემადგენლობა გააძლიერეს და ცოტა ხნის წინ შვიდკაცა რაგბიში საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე პირველობა არავის დაუთმეს.

3 სექტემბერს სტარტს იღებს ახალი სეზონიც. "ჯიქი" პირველი ტურის მატჩს თბილისში, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" "არმიასთან" გამართავს.

აქვე დავამატებთ, რომ ახალი სეზონიდან მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონის შეჯიბრებაში გორის "გორდაც" ჩაებმება. ეს გუნდიც
"ჯიქთანაა" დაკავშირებული და, ფაქტობრივად, მისი ფარმკლუბია.

მოახლოებული სეზონის წინ "ჯიქის" სამზადისზე ვესაუბრეთ გუნდის მთავარ მწვრთნელს, პალიკო ჯიმშელაძეს, ხოლო კლუბთან დაკავშირებულ ფინანსურ და ტექნიკურ საკითხებზე "ჯიქის" გამგეობის თავმჯდომარეს, სოსო მაისურაძეს.

- ახალი სეზონის წინ მოსამზადებელი შეკრება სად და როგორ გაიარეთ?
პ.ჯ.
- ივნისში ავჭალაში შევუდექით შეკრებას და გავიარეთ ორ მცირე ეტაპად, ერთი კვირის გამოტოვებით. შემდეგ თითქმის მთელი ივლისი ვისვენებდით და 25 ივლისს კვლავ ავჭალაში დავიწყეთ ვარჯიში, ხოლო 2 აგვისტოს ასპინძისკენ ავიღეთ გეზი. იქაურ სარაგბო ბაზაზე მშვენიერ პირობებში გავიარეთ ფიზიკური მომზადება და შემდეგ სათამაშო დეტალების დამუშავებაზეც გავაკეთ აქცენტი. ასპინძის, ისევე, როგორ ავჭალაში გავლილი მოსამზადებელი ეტაპებით ძალიან კმაყოფილნი ვართ.

- ალბათ, ამანაც ჰპოვა ასახვა შედეგზე, ვგულისხმობთ ნაფარეულში შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე "ჯიქის" მიერ მიღწეულ წარმატებას...
- დიახ, ნაფარეულში გამართული შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. სიმართლე გითხრათ, არ ყოფილა იოლი შეკრებიდან დაბრუნების მერე ორიოდ დღეში ასეთ შეჯიბრებაში ჩაბმა და დღეში სამი მატჩის სიცხეში ჩატარება, მაგრამ ჩვენმა მორაგბეებმა გამოავლინეს სიმტკიცე, კარგი მომზადება და საუკეთესო შედეგიც ამიტომ აჩვენეს.

- კერძოდ, რომელ ასპექტში იყო შესამჩნევი გუნდის თამაშში პროგრესი?
- განსაკუთრებით, ფიზიკური შესაძლებლობის და მოედანზე დავალებების შესრულებების თვალსაზრისით ვარ ჩემი შეგირდებით კმაყოფილი. ისინი უფრო უკეთ და სწორად აზროვნებდნენ თამაშის დროს. მართებულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ მაშინაც, როცა მოქმედებისას თავისუფლებას ვაძლევდი.

- ვიცით, რომ სხვა გუნდებიდან დაიმატეთ ახალი მორაგბეები. რომელი პოზიციის გაძლიერება გინდოდათ ახლებით?
- მიუხედავად იმისა, რომ განვლილი სეზონი მესამე ადგილზე დავასრულეთ, გარკვეული პრობლემები თამაშში, რასაკვირველია, მაინც გვქონდა. კერძოდ, გასული სეზონის პლეი-ოფში "ყოჩებთან" და "ლოკომოტივთან" მატჩებში გამოჩნდა, რომ შერკინების ტაქტიკურ ფაზებში მოვიკოჭლებდით. აქედან გამომდინარე, პირველი და მეორე ხაზი მეტად გვინდოდა, რომ გაგვეძლიერებინა. ზოგადად კი, გუნდში დავიმატეთ ხუთი მორაგბე - ტარიელ დონაძე (არმია), თევდორე მაჭარაშვილი (ლელო), რეზო ბროძელი (არმაზი), ნიკა ბეჟუაშვილი და ბიძინა ჯიმშიტაშვილი (ორივე - ხარები).

სიახლეა ისიც, რომ შერკინებაში მოთამაშე-მწვრთნელი იქნება დავით გურგენაძე. ამასთან, კვლავ დაგვეხმარება შერკინების დამოძღვრაში გამოცდილი ზაზა ლეჟავა. გუნდი დატოვეს ვანო გაბროშვილმა და ლევან თხელიძემ. უნდა აღვნიშნოთ, რომ გარდა ამისა, გუნდში ასპარეზს ვუხსნით "ჯიქის" უმცროსი ასაკის გუნდების აღზრდილებს. ზედა ლიგაში დაწინაურებით კი, სტიმული და თავის გამოჩენის საშუალება, ცხადია, მათ სხვა თანაგუნდელებსაც მიეცემათ.

- საწვრთნელი მატჩები თუ გამართეთ?
- 20 და 26 აგვისტოს ვითამაშეთ ორი საწვრთნელი მატჩი, მოვუგეთ თბილისის "ლოკომოტივს" - 21:14, შემდეგ კი, "ყოჩები" დავამარცხეთ დიდი ანგარიშით.

- ახალი სეზონის სასტარტო მატჩი "არმიასთან" გაქვთ. რას ფიქრობთ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით?
- ჩემპიონატის პირველი თამაშია და მოთამაშეებისთვის ყოველთვის რთულია შესაბამის რიტმსა და ხასიათში თავიდანვე ჩაჯდომა. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ, გუნდი არა მხოლოდ ფიზიკურად და ტაქტიკურად, არამედ პირველი ტურიდანვე ამ ჩემპიონატისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად იყოს. ყველანი სავსე ვართ ენერგიით. ოღონდ მეტად მძიმე თამაში იქნება, რადგან "არმია" კარგად დაბალანსებული გუნდია. გაძლიერდა შემადგენლობითაც. შერკინებაში დაიმატა კარგი მორაგბეები, გააძლიერა უკანა ხაზიც.

მგონია, რომ "არმია" განვლილ სეზონთან შედარებით წლეულს უკეთეს პოზიციას დაიკავებს საქართველოს ჩემპიონატის საბოლოო ცხრილში.

- აქვე თქვენი კონკურენტებისა და ჩემპიონატის ფავორიტების შესახებაც გვითხარით საკუთარი მოსაზრება...
- "ლელოდან", მართალია, წავიდა რამდენიმე მოთამაშე, მაგრამ ძირითადი ბირთვი ისევ შენარჩუნებული აქვს და ისეთივე ძლიერია, როგორც აქამდე. გაძლიერდნენ "ლოკომოტივი" და "ბათუმიც". გუნდების უმეტესობა მეტ-ნაკლებად მაინც გაძლიერდა.

საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ჩემპიონატის დონე ყოველ წელს უფრო და უფრო მაღლდება და მოახლოებული სეზონი, დარწმუნებული ვარ, უწინდელზე უკეთესი იქნება. განვლილი ჩემპიონატის ფინალში "ლელო"-"ლოკომოტივის" პაექრობა ხარისხით საქართველოს ჩემპიონატზე უკანასკნელი 10-15 წელიწადის მანძილზე გამართული ფინალებიდან ყველას სჯობდა. ეს კი ცოტა რამეზე არ მეტყველებს. ჩვენი მხრივ კი შევეცდებით, წლეულსაც კარგად ვიასპარეზოთ.

* * *
"ჯიქი" გორის გუნდია, თუმცა, ჯერჯერობით, მას ქალაქის მერია ვერ აფინანსებს. ჯერ არც გორის რაგბის სტადიონზე ჩაატარებს "ჯიქი" საშინაო კალენდარულ მატჩებს. თუმცა, ქალაქის ხელმძღვანელობა ორივე საკითხის მოგვარებას ჰპირდება მორაგბეებს. ამ საკითხზე "ჯიქის" გამგეობის თავმჯდომარეს, სოსო მაისურაძეს ვესაუბრეთ.

- გორის მერიასთან მოლაპარაკების პროცესში ვართ. მერიიდან არის მზაობა და ამ დღეებში უნდა გადაწყდეს სტადიონების იჯარასთან დაკავშირებით საკითხი. კერძოდ, საუბარია გორის და ავჭალის სტადიონებზე საშინაო მატჩების გამართვასა და ვარჯიშთან დაკავშირებულ იჯარაზე.

რაც შეეხება გუნდის დაფინანსებას - წლეულს ბიუჯეტი გაწერილია და მისი შეცვლა ვეღარ მოხდება, გაისად კი გვპირდებიან, რომ აუცილებლად იქნება "ჯიქისთვის" გორის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული.

როგორც გვითხრეს, ეს ბიუჯეტი ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს მზად. თუ კვლავაც ვერ მოხერხდება "ჯიქისთვის" დაფინანსების მოძებნა, ჩათვალეთ, რომ გორთან ურთიერთობა დამთავრებული იქნება. თუმცა, იმედს გვაძლევენ, რომ ეს საკითხი მოგვარდება.

მოგეხსენებათ,  გორის მერია აღარ აფინანსებს გორის "დილას" და მისთვის გათვლილი თანხაც გამოუთავისუფლდა, თანაც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვითხოვთ იმის მეხუთედს, რაც "დილას" ჰქონდა. იმედი გვაქვს, ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
გორის ჩემპიონო გენაცვალე! ჯიგარი ხარ!
0
გორში რეგბი და კერძოთ "ჯიქები" მარტო მისასალმებელია! ასაკში შესული ხალხია მარტოდ წინააღმდეგი... ახალგაზრდები აიტაცებენ რეგბის ხელში და თავდაუზოგავათ ჩაებმებიან! იმიტომ, რომ ახალგაზრდებს ცხოვრებაში წარმატების მიღწევა უნდათ და არა გორის ქუჩა-უბნებში უსაქმური ყიალი. ქართული რეგბი მაგარი ბრედია და ქართულ რეგბისტებს გზა აქვთ გახსნილი მთელ მსოფლიოში! როგოც ჭიდაობაში, ისევე რეგბში გორელი ახალგაზრდები თავის ჯანს გამოიყენებენ და გვასახელებენ ქართველებსაც, ქართლელებსაც, გორელებსაც, მშობლებსაც, ახლობლებსაც!
ცხოვრებასაც ნახავენ და იცხოვრებენ ჯანსაღათ და შემართებით.
ჯანგიანი "ჟიგულების" მენტალიტეტი არ უნდა უღობავდეს გზას გორელ ახალგაზრდებს!
"ჯიქები" წინ! გორელები წინ!
გორის ჩემპიონი
10:42 10-09-2016
0

სიახლეები პოპულარული