რუსთავის "ხარებმა" პირველი წრე შეაჯამეს

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა. ეროვნულ პირველობას ბოლნისის "ყოჩები" ლიდერობს 36 ქულით, ხოლო რუსთავის "ხარები" და თბილისის "ლელო" 24-24 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.

20 ნოემბერს რუსთავის რაგბის სტადიონზე "ხარების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ მიმდინარე სეზონში რუსთაველი მორაგბეების ასპარეზობა შეაჯამა.

პრესკონფერენცია ქომაგებისადმი მიმართვით დაიწყო. როგორც მგელაძემ განაცხადა, ჩემპიონატის მეორე წრეში ბევრად დაძაბული მატჩები გაიმართება და გულშემატკივარს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა.

"პირველი წრე დასრულდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ვართ. ეს შედეგი, ცხადია, "ხარებისთვის" კარგია. ბოლო ორ მატჩში წავაგეთ, მაგრამ გუნდმა
შეხვედრები გააანალიზა და ახლა უკვე "ლოკომოტივთან" და "არმიასთან" საბრძოლველად უნდა მოვემზადოთ.

ჩვენი უმთავრესი პრობლემა რეზერვის არყოლაა. ძირითადის მოთამაშე რომ გამოდის თამაშიდან, იმავე სიძლიერის მორაგბემ უნდა შეცვალოს, რასაც ვერ ვახერხებთ. ასევე, ბოლო ორ მატჩში გვაკლდა გუნდის კაპიტანი ვაჟა ხუციშვილი, რომელიც ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული.

"ხარების" მომავალი თაობა კარგი მოდის. ჭაბუკთა ლიგაში რუსთაველი მორაგბეები პლეი ოფში არიან და ნახევარფინალის პირველ მატჩში "აკადემიას" 29:10 სძლიეს. სათადარიგო გუნდიც წაუგებლად ასპარეზობს და ამ უქმეებზე "ლელოსთან" რთული თამაში გველის. მჯერა, თითოეული ჩვენგანი ბოლომდე დაიხარჯება, რომ ეს წელი სატურნირო ცხრილში იმავე ადგილზე დავასრულოთ, რომელზეც ამჟამად ვიმყოფებით. ჩვენი ამოცანა, პირველ რიგში, არის ექვსეულში შესვლა და შემდეგ უკვე მედლისთვის ვიბრძოლებთ" - თქვა ლევან მგელაძემ.

"წინა სეზონთან შედარებით, უკეთესად ვასპარეზობთ და პირველი წრის ბოლოს მეორე ადგილი, ვფიქრობ, კარგი შედეგია. თავიდან უფრო კარგად დავიწყეთ. ბოლო ორ შეხვედრაში ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ მოვემზადებით შემდეგი თამაშებისთვის და ვეცდებით, ქომაგების იმედები გავამართლოთ" - დასძინა "ხარების" მორაგბე გიორგი ბასილაიამ.

ნათია ჯიოშვილი რუსთავიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული