საქართველოს ჩემპიონატი: "აიას" მძიმე სტარტი

AutoSharing Option
"აიასა" და "ხარების" დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

რუსთაველებმა მასპინძლებს დიდი ბრძოლა გაუმართეს და ბოლო წამებზე რომ გამართლებოდათ, გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ. არადა, მატჩამდე "აია" უპირობო ფავორიტად მოიაზრებოდა და "დინამოს" სტადიონზე შეკრებილი 500-მდე გულშემატკივარი ჩემპიონატის სასტარტო მატჩში საყვარელი გუნდისგან იოლ გამარჯვებას ელოდა.

ბესიკ ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის გაწვრთნილმა გუნდმა ქომაგი კი ანერვიულა, მაგრამ ხარვეზების მიუხედავად, საბოლოოდ გამარჯვება მას დარჩა.

საერთოდ, სეზონის დასაწყისში გუნდების უმეტესობა მძიმედ გამოიყურება და, როგორც ჩანს, ჯერ ქუთათურებიც არ არიან სასურველ კონდიციებში. მასპინძლები პირველ ტაიმში საკმაოდ მხნედ
გამოიყურებოდნენ, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარი აშკარად ჩააგდეს და მეტოქეს წამოწევის საშუალება მისცეს.

თუმცა აჯობებს, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. თამაში მასპინძლების აქტიურობით დაიწყო და მათი პირველივე შეტევა ლელოთი დაგვირგვინდა. თანაგუნდელებმა "აიას" ფულბეკს, ზურაბ ძნელაძეს გაუთავისუფლეს სივრცე, რომელიც სტუმრებს ხელიდან დაუსხლტა და ბურთი ჩათვლის მოედანზე დაამიწა. ქუთაისელთა ახალგაზრდა მგეზავმა მიხეილ ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:0.

მასპინძელთა კარგი სტარტის შემდეგ რუსთაველებიც გამოცოცხლდნენ და მათმა "სნაიპერმა" თორნიკე კიკნაძემ ზედიზედ ორი საჯარიმო გაიტანა - 7:6. ქუთაისელები მატჩის ასეთი სცენარით განვითარებას არ შეეგუენ და სტუმრებს თითქმის მაშინვე ლელოთი უპასუხეს. თავი "აიაში" წლეულს დაბრუნებულმა შუამარბმა დავით ლოსაბერიძემ გამოიჩინა.

მან თითქმის ნახევარი მოედანი გაირბინა და შეტევა ჩინებულად დააგვირგვინა. ჯინჭველაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა ვერ გაიტანა.

რუსთაველები მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ და შეტევაში წავიდნენ, მაგრამ მათ უშედეგო იერიშს ის მოჰყვა, რომ ქუთაისელებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს. გიორგი აბრამიძემ მარცხენა ფრთაზე გაილაღა, მეტოქეებს გვერდი აუარა და შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. ჯინჭველაშვილმა გარდასახვა კვლავ გააცუდა - 17:6.

სტუმრები მარცხს არ ეგუებოდნენ და შეტევებს განაგრძობდნენ. ტაიმის მიწურულს მათ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ მიზანმა კიკნაძესაც უმტყუნა.

მატჩის მეორე ნახევარი "აიას" შეტევებით დაიწყო და საწყისი 10 წუთის განმავლობაში ბურთს, ძირითადად, ქუთაისელები ფლობდნენ, მაგრამ რუსთაველებმა თამაში გაათანაბრეს და ანგარიშიც შეამცირეს.

კიკნაძემ საჯარიმო ზუსტად დაარტყა და სტუმრებს მატჩის გადარჩენის შანსი დაუბრუნა - 17:9.

რუსთაველები შეტევებს განაგრძობდნენ და კიკნაძემ ზედიზედ ორჯერ ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ სტუმართა დამრტყმელმა ორივეჯერ უზუსტოდ გაისროლა.

ალბათ, ამის გამოც იყო, რომ მორიგი საჯარიმო რუსთაველთა მთავარი მწვრთნელის ვაჟმა ვაჟა ხუციშვილმა დაარტყა და ჩამორჩენა ხუთ ქულამდე შეამცირა-17:12.

ბოლო წუთებზე რუსთაველებმა ,,აიას" მთელი ძალებით შეუტიეს. მასპინძლები მოედანზე უმცირესობაში იყვნენ, რადგან მსაჯმა "აიას" მარცხენა ბურჯი მიხეილ რატიაშვილი გაასინბინა.

ქუთათურებს მეტოქის შეჩერება ძალიან უჭირდათ. განსაკუთრებით დაძაბული რუსთაველთა ბოლო იერიში გამოდგა.

დრო უკვე დასრულებული იყო, ამიტომ სტუმრებმა ზედიზედ სამი ჯარიმა არ დაარტყეს, მეტოქეს ხუთფაზიანი შეტევა მოუწყვეს, თუმცა ქუთაისელებმა თავის დაცვა მოახერხეს და ბოლოს ბურთიც გადაკიდეს კიდეზე, რაც უკვე მათ გამარჯვებას მოასწავებდა.

აია-ხარები 17:12
აია: (15-9) ძნელაძე, კვერნაძე, ფრუიძე, ლოსაბერიძე, აბრამიძე, ჯინჭველაშვილი (41.სინაურიძე), როხვაძე (60.თუთბერიძე); (1-8) რატიაშვილი, მატკავა (77.სალდაძე), ულუმბელაშვილი (60.ტ. ჩხიკვაძე), შალამბერიძე, ძაგნიძე (60.ჩიტეიშვილი), რევიშვილი, დანგაძე (60. შაშიაშვილი), ყურაშვილი
3ლ: ძნელაძე, ლოსაბერიძე, აბრამიძე 2გ: ჯინჭველაშვილი
სინბინი: რატიაშვილი (67)
ხარები: (15-9) გულიტაშვილი, მელიქიშვილი, ღამბაშიძე, ნათელაშვილი, კიკნაძე, ბასილაია, ხუციშვილი; (1-8) წიკლაური (51.შ. მაჭარაშვილი), აღაშვილი, ხაბაშვილი (41.ღამბარაშვილი), ხელია, ქარუხნიშვილი, ქვლივიძე, გოგიაშვილი, მღებრიშვილი (78.ტყეშელაშვილი)
4ს: კიკნაძე (3), ვ. ხუციშვილი
მსაჯი: გიორგი ტრაპაიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული