"ბეიბი ბლექსი" ქუთაისში - მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფები და კალენდარი

AutoSharing Option
ქართული რაგბისთვის 2017 წელი უმნიშვნელოვანესია იმ ისტორიული გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც მომავალში გველოდება.

ეროვნული ნაკრები თებერვლიდან ერთა თასის მორიგ გათამაშებაში ჩაებმება. ივნისში, სავარაუდოდ, "ბორჯღალოსნები" კანადას, აშშ-სა და არგენტინას ეწვევიან (ეს ჯერ დამტკიცებული არაა). ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრება კი წლეულს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი იქნება, რომელსაც თბილისმა და ქუთაისმა უნდა უმასპინძლოს.

"მსოფლიო რაგბის" 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2008 წლიდან, ყოველწლიურად იმართება და საქართველოში გასამართი ტურნირი მეათეა მისი არსებობის ისტორიაში. აქამდე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 8 ქვეყანას უმასპინძლია - ორჯერ იტალიას და თითო-თითოჯერ ახალ ზელანდიას, ინგლისს, სამხრეთ აფრიკას,
საფრანგეთს, არგენტინას, უელსს და იაპონიას.

გასულ ცხრა გათამაშებას სულ სამი გამარჯვებული ჰყავს - ახალი ზელანდია ხუთჯერ, ინგლისი სამჯერ და სამხრეთი აფრიკა ერთხელ.

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის 12 მონაწილე გუნდი სამ ოთხგუნდა ჯგუფშია გადანაწილებული. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ჯგუფის სამივე გამარჯვებული და ერთიც საუკეთესო მეორეადგილოსანი თასისათვის განაგრძობენ ბრძოლას, დანარჩენი ორი მეორეადგილოსანი და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი მეხუთე-მერვე ადგილებს გაითამაშებენ, ხოლო ჯგუფის ბოლოადგილოსნები და ერთიც უარესი მესამეადგილოსანი მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის იბრძოლებენ.

ტურნირის ბოლოადგილოსანი ელიტას დატოვებს და მის ადგილს მსოფლიოს ახალგაზრდული "ალაფის" გამარჯვებული დაიკავებს.

A ჯგუფი: ინგლისი, ავსტრალია, უელსი, სამოა
B ჯგუფი: ირლანდია, ახალი ზელანდია, შოტლანდია, იტალია
C ჯგუფი: სამხრეთი აფრიკა, არგენტინა, საფრანგეთი, საქართველო.

A და C ჯგუფის თამაშებს თბილისში "ავჭალის სარაგბო სტადიონი", ხოლო B ჯგუფს ქუთაისი მასპინძლობს. პლეი ოფები დედაქალაქში გაიმართება. თასის ნახევარფინალებს და გადამწყვეტ შეხვედრებს ვაკის სტადიონი უმასპინძლებს.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ილია მაისურაძე გახლავთ, მზადება ამ შეჯიბრებისთვის ჯერ კიდევ შარშან დაიწყო. ახლახან ჩვენმა გუნდმა ტურნე გამართა დიდ ბრიტანეთში და იქიდან დაუმარცხებელი დაბრუნდა. "უმცროსი ბორჯღალოსნები" მზადებას თბილისში განაგრძობენ და მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ სამ საკონტროლო მატჩს სამხრეთ აფრიკის "ვესტერნ პროვინისის" სარაგბო აკადემიის გუნდთან გამართავენ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გამართავს. ახალი ზელანდიის ნაკრების მასპინძლობის პატივი კი ქუთაისს ერგო, რომელიც მეტოქეებს "აია არენაზე" დაუპირისპირდება.

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი
31 მაისი
ინგლისი-სამოა
ახ. ზელანდია-შოტლანდია
ირლანდია-იტალია
სამ. აფრიკა-საფრანგეთი
საქართველო-არგენტინა
ავსტრალია-უელსი

4 ივნისი
არგენტინა-საფრანგეთი
იტლანდია-შოტლანდია
ახ. ზელანდია-იტალია
ავსტრალია-სამოა
საქართველო-სამ. აფრიკა
ინგლისი-უელსი

8 ივნისი
უელსი-სამოა
შოტლანდია-იტალია
არგენტინა-სამ. აფრიკა
ირლანდია-ახ. ზელანდია
საქართველო-საფრანგეთი
ინგლისი-ავსტრალია

13 ივნისი
ნახევარფინალები

18 ივნისი
ფინალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებებს ვუსურვებ 20-წლამდელთა ნაკრებს.აბა თქვენ იცით ბიჭებო...
vaspa
07:20 05-01-2017
0

სიახლეები პოპულარული