U20. საქართველო VS უელსი - გაბრაზებული "უმცროსი ბორჯღალოსნები"

AutoSharing Option
დღეს, 11 ივნისს, "უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიოს 20-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს უელსელ თანატოლებთან გამართავენ. შეხვედრა "მანჩესტერ სიტის" აკადემიის სტადიონზე, თბილისის დროით 18:45 სთ-ზე დაიწყება და მის ტელეტრანსალციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოქმედ ჩემპიონებთან, ახალი ზელანდიის ნაკრებთან 0:55 დათმო.

U20. საქართველო-ახ.ზელანდია 0:55 - გაკვეთილი მიღებულია... [VIDEO]
U20. ქართველი მორაგბე ახალზელანდიელი მეტოქისთვის კბენის გამო დასაჯეს [VIDEO]

თამაშის წინა დღეს "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ვიდნესის რაგბის კლუბის ბაზაზე კაპიტნის ვარჯიში გამართეს. სამწვრთნელო შტაბმა კი
გუნდში რიგი გადანაცვლებები განახორციელა.

სასტარტოში თამაშს მატარაძე, ხუროშვილი და ტაბიძე დაიწყებენ - ნეფარიძე და მელიქიძე კი მარქაფაში არიან. მესამე ხაზიდან მეორეში გადაინაცვლა ოთარ გიორგაძემ, ცხადაძე მარქაფაშია, ხოლო 6 ნომერზე თამაშს ილია სპანდერაშვილი იწყებს. პირველ მატჩში მარქაფაში ვიხილეთ ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ბექა გორგაძე, რომელიც უელსთან 8 ნომერზე ითამაშებს და გუნდის კაპიტნის მოვალეობებს იტვირთავს. სათადარიგო იქნება გუნდის კაპიტანი ვასილ ლობჟანიძე...

უელსთან ასევე ითამაშებენ ის მორაგბეები, რომლებიც წინა მატჩის განაცხადში არ იყვნენ: გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ლადო მიმინოშვილი და ლუკა გოგინავა.

მატჩის წინა დღეს მომავალ დაპირისპირებასა და გუნდში განხორციელებულ ცვლილებებზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ ისაუბრა:

"ყოველთვის რთულია თამაში ძლიერ გუნდთან, რომელსაც წაგებული აქვს წინა მატჩი. ვიცით, რომ უელსმა დამაჯერებლად მოიგო 20-წლამდელთა 6 ერი, ხოლო მსოლფიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი წააგო ირლანდიასთან. უელსი საკმაოდ რთული, კარგად დაბალანსებული, კონტაქტური და ორგანიზებული გუნდია.

ჩვენი ბიჭები "გაბრაზებულები" არიან იმიტომ, რომ ვერ მოახერხეს ზელანდიასთან თავის რეალიზება - ელემენტალური შეცდომები მოგვივიდა. ხვალისთვის აუცილებელია დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ და კარგი თამაში ვითამაშოთ.

ბექა გორგაძე თავისი მიდგომითა და პროფესიონალიზმით საერთაშორისო დონის მორაგბეა - მე და მთლიანად სამწვრთნელო შტაბს, ამ ბიჭის გვჯერა და ჩვენგან დიდ ნდობას იმსახურებს. წინა მატჩში ის შეცვლაზე შევიდა. თუმცა, მანამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო მისი სამატჩო განაცხადში შეყვანა, ვინაიდან კლუბში ნახევარფინალი არც თუ ისე დიდი ხნის წინ ითამაშა და გვინდოდა, დაესვენა. მაგრამ მან მალევე გაიარა რეაბილიტაცია. ოთარ გიორგაძე დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა 8 ნომერზე სათამაშოდ, თუმცა, ახლა ვფიქრობთ, რომ ბექა მზადაა თამაში დაიწყოს. გიორგაძე კი მეორე ხაზში გადაინაცვლებს.

წინა მატჩში, იმ მცირე ეპიზოდებში, სადაც ჩვენ თავი გამოვიჩინეთ, ვასილ ლობჟანიძე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ფიგურა იყო, როგორც კაპიტანი და გამოცდილი მორაგბე.

საერთოდ ძნელია, როდესაც გუნდს თამაში ვერ წაუვა, კაპიტანმა რაიმე რადიკალურად გამოასწოროს, თან ვასოს ისედაც დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა.

გარდა ამისა, ეს მსოფლიო ჩემპიონატია და საქმეში გელა აფრასიძეც უნდა ვნახოთ და მასაც ვენდოთ".

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები:
უკანა ხაზი:
15. მირიან მოდებაძე (აია), 14. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 13. გიორგი კოშაძე (ხარები), 12. გიორგი კვესელაძე (არმაზი), 11. სანდრო მერკვილიშვილი (არმია), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. გელა აფრასიძე(ლელო სარ)
შერკინება:
1. თორნიკე მატარაძე (აია), 2. გიორგი ხურიშვილი (არმაზი), 3. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფ), 4.დემურ ეფრემიძე (ყოჩები), 5. ოთარ გიორგაძე (კლერმონ, საფ), 6. ილია სპანდერაშვიილ (არმია), 7. გიორგი ცუცქირიძე (ბრივ, საფ), 8. ბექა გორგაძე კაპ (მონ დე მარსან, საფ)
მარქაფა:
16. ლუკა გოგინავა (ლოკომოტივი), 17. ნიკა ნეფარიძე (კლერმონ, საფ), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფ), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 20. ირაკლი ცხადაძე (არმაზი), 21. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), 22. სანდრო ილურიძე (აკადემია), 23. რატი შანიძე (ლელო სარ)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული