გულშემატკივრის სვეტი
არქივის კალენდარი
U20. არგენტინა-საქართველო 49:11 - მეორე მარცხი "პუმიტასთან"
09:26 25-02-2016
24 თებერვალს სამხრეთამერიკულ ტურნეში მყოფმა საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა არგენტინელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და 11:49 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს გამართული "უმცროსი ბორჯღალოსნებისა" და "პუმიტასის" პირველი დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, 36:17 დასრულდა (იხილეთ ვრცლად).

* * *
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტის ცნობით, შეხვედრა ბუენოს აირესში, 37-გრადუსიან სიცხეში წარიმართა. წინა მატჩისგან განსხვავებით, გუნდებმა 26-26 მოთამაშე ათამაშეს. პირველ ნახევარში მატჩის დაწყებიდან 3 წუთი იყო გასული, როდესაც მეტოქე რაქში ჩავარდნისთვის დაჯარიმდა და ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მოგვეცა, მაგრამ გელა აფრასიძის დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა.

მე-5 წუთზე კი ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ხელიდან მასპინძლებმა არ გაუშვეს - აგდებული დერეფნიდან, ჩენ 22-ში გაჭრეს და ჩათამაშების შემდედ მატჩის პირველი ლელო მიითვალეს. გარდასახვა ზუსტი იყო - 7:0.

თამაშის განახლებიდან მეტოქემ ბურთი ფეხით დაგვიბრუნა. ფეხითვე ვუპასუხეთ, მაგრამ დაუფლების შემდეგ "პუმიტასმა" ფრთაზე შეძლო შეტევის გაგრძელება. არგენტინელებმა ლელომდე ახლოს დამცველები ფრთაზე მიიზიდეს და ოფლოუდით შეტევა შიგნით შეაბრუნეს და მეორე ლელოც დაამიწეს - 14:0.

ამის შემდეგ გარკვეული დროით ჩვენ გადავედით შეტევებზე. მომენტებში როგორც მოკლე დარტყმებით, ასევე ხელდახელ ვახერხებდით გაშლას. მატჩის დაწყებიდან დაახლოებით 17 წუთში აიღე და მიეძალე გავაჩაღეთ. მეტოქის ლელოს ხაზთან ახლოს ჩვენი შერკინება დაინიშნა, რომელშიც ვიმძლავრეთ - მიხეილ გორგასლიძე მოეხსნა და ზედ ლელოსთან კიდეში აფრასიძე შეიყვანა. გელას აუტის ხაზთან თავისივე ლელოს გარდასახვა ვერ გამოუვიდა - 14:5.

ტაიმის ბოლომდე მეტოქე შერკინებაში დაჯარიმდა და აფრასიძემ ამჯერად ზუსტად დაარტყა - 14:8, მაგრამ მასპინძლებმა მალევე შეძლეს ლელოს დამიწება - 21:8.

მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე მეტოქეს საკუთარი შერკინება მოვუგეთ და დავაჯარიმეთ. სიზუსტემ არც ახლა უმტყუნა აფრასიძეს - 21:11.

ამის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ვუტევდით, ფაზების აკინძვაც გამოგვდიოდა, მაგრამ ქულებში გარდასახვამდე საქმე ვერ მიდიოდა.

მოგვიანებით დიდმა სიცხემ და დაღლამაც თავისი ქნა და
You must have Flash Player installed in order to see this player.
შედარებით უფრო გაგვიჭირდა თავის დაცვა. არგენტინელებმა კი მატჩის დასრულებამდე კიდევ სამი ლელოს მითვლა მოახერხეს და საბოლოო ანგარიში 49:11 დააფიქსირეს.

U20. არგენტინა-საქართველო 49:11
საქართველო: 15 ირაკლი სვანიძე, 14 ლადო მიმინოშვილი, 13 გიორგი კოშაძე, 12 სანდრო ილურიძე, 11 დავით მესხი, 10 დავით მოძღვრიშვილი, 9 გელა აფრასიძე, 1 უშანგი ჭეიშვილი, 2 ლაშა საჯაია, 3 ნიკა ნეფარიძე (კაპ), 4 დემურ ეფრემიძე, 5 მიშა ბაბუნაშვილი, 6 გიორგი ცუცქირიძე, 7 ირაკლი ცხადაძე, 8 მიხეილ გორგასლიძე
16 თორნიკე მატარაძე, 17 ლუკა გოგინავა, 18 გურამ პაპიძე, 19 გაგა არაბული, 20 ილია სპანდერაშვილი, 21 ლაშა მამუჩარაშვილი, 22 გურამ ქანდაურაშვილი, 23 რატი შანიძე, 24 ვანო ფუტკარაძე, 25 ცისკარა ბერიაშვილი, 26 სანდრო მერკვილიშვილი.

* * *
შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ქართული რაგბის ისტორიაში წელს პირველად იასპარეზებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც პლანეტის 12 უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრები ითამაშებს. ტურნირი 5-25 ივნისს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება. მანამდე კი, სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში, ქართველი 20-წლამდელები არგენტინელ და ურუგვაელ თანატოლებთან ამხანაგურად ითამაშებენ.

მომავალი მატჩები
ურუგვაი - საქართველო
28 თებერვალი, მონტევიდეო - 16:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 23:00 სთ)
4 მარტი, მონტევიდეო - 16:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 23:00 სთ).
hh
23:03 27-02-2016
რეგიონებში უნდა გავიდეს რეგბი. თუ ბავშები რეგიონებში სკოლაში რეგბს არ ითამაშებენ არ გამოვა არაფერი. უკან უკან წავალთ.
besa
00:47 26-02-2016
არგენტინელი მოდელი უნდა გადმოვიღოთ