U20: "ყველაფერი უნდა ვიღონოთ და ქართველებთან არ უნდა დავმარცხდეთ"

AutoSharing Option
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა, სადაც ოთხ საწვრთნელ მატჩს გამართავს. პირველი ორი შეხვედრა "უმცროს ბორჯღალოსნებს" არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებთან, "პუმიტასთან" ექნება, რომელიც ჩვენი გუნდის მსგავსად, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება.

არგენტინელები, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენს ჯგუფში არ არიან, იქ საპლეიოფო ეტაპზე შეიძლება გზაზე გადაგვეყარონ კიდეც. "პუმიტასის" მზადების შესახებ სტატია არგენტინულმა გამოცემა www.cordobaxv.com.ar-მა გამოაქვეყნა.

ჩვენი მომავალი მეტოქის შესახებ გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკოლას ფერნანდეს ლობე საუბრობს:

"წინასწარ განზრახული იყო ის, რომ მზადება ორ ეტაპად დავყავით. პირველ ეტაპზე,
რომელშიც მონაწილეობა ნაკრების 50-მა კანდიდატმა მიიღო, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ თამაშის გეგმის განხორციელებას და სხვადასხვა სტრატეგიულ ვარიანტს, რომლებსაც სამომავლოდ გამოვიყენებთ. ამასთან ერთად, ვიმუშავეთ უბურთოდ, დაცვაში აქტიური თამაშის ელემენტებზე. ვფიქრობ, სასარგებლო იყო წვრთნა ცალკე პოზიციების მიხედვით...

ყოველივე ამას მალე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩში გამოვიყენებთ, გამოვცდით. ქართველებს ყოველთვის ღონიერი გუნდი ჰყავდათ. ასეა ახლაც. ამ ნაკრებმა, რომელიც გვესტუმრება, შარშან მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფა მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. ვფიქრობ, საკმაოდ მძიმე ბრძოლა გველის...

ჩვენი მიზანია საკუთარ თამაშზე კონცენტრაცია. ამიტომ ცოტას ვფიქრობთ იმაზე, თუ რას შემოგვთავაზებს მეტოქე. საქართველოს ნაკრებთან ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ არაფრის დიდებით არ დავმარცხდეთ...

ძირითადი გუნდი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან თამაშამდე ერთი კვირით ადრე შეიკრიბება. რამდენიმე ტრავმირებული მორაგბის გარდა, ყველა სასურველი მოთამაშე გუნდში გვეყოლება. მთავარი იქნება, როგორ შევძლებთ წნეხის ქვეშ სათამაშო გეგმის განხორციელებას. ყურადღებას მივაქცევთ ძალიან ბევრ დეტალს, რომელიც ასპარეზობისას უმნიშვნელოვანესია...

ჩვენს მორაგბეებს შესანიშნავი შანსი ეძლევათ, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ. გუნდში დიდი კონკურენციაა და ვინც მას გაუძლებს, ის ითამაშებს."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს "პუმიტასთან" 20 თებერვალს გამართავს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე კი, რომელიც ივნისში ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება, ჯგუფურ ეტაპზე "უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები არიან: ახალი ზელანდია, უელსი და ირლანდია.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: უშანგი ჭეიშვილი, თორნიკე მატარაძე, გიორგი უშხვანი (სამივე - აია), ნიკა ნეფარიძე (კლერმონი), ლაშა საჯაია (ჯიქი), ლუკა გოგინავა (ლოკომოტივი), გიგა ხუროშვილი (არმაზი), გურამ პაპიძე (ყოჩები)
მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), დემურ ეფრემიძე (ყოჩები), გაგა არაბული (ლოკომოტივი)
მესამე ხაზი: ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), ილია სპანდერაშვილი (არმია), ცისკარა ბერიშვილი (ლელო), ირაკლი ცხადაძე (არმაზი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი), მიხეილ გორგასლიძე (აია).
#9: გელა აფრასიძე (ლელო), ლაშა მამუჩარაშვილი (ლოკომოტივი)
#10: რატი შანიძე (ლელო), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია)
#12-13: გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), სანდრო ილურიძე (აკადემია), გიორგი გოგოლაძე (არმია), გიორგი კოშაძე (ხარები)
#11-14: გიორგი მელაძე (ყოჩები), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), დავით მესხი (არმია)
#15: ირაკლი სვანიძე (ჯიქი), მირიან მოდებაძე (აია), სანდრო მერკვილიშვილი (არმია)

მატჩების განრიგი
20 თებერვალი
არგენტინა - საქართველო

24 თებერვალი
არგენტინა - საქართველო

28 თებერვალი
ურუგვაი - საქართველო

4 მარტი
ურუგვაი - საქართველო

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი
7 ივნისი
საქართველო-ახალი ზელანდია

11 ივნისი
საქართველო-უელსი

15 ივნისი
საქართველო-ირლანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მთელი სულით და გულით გქიმაგობთ ბიჭებო. აბა თქვენ იცით. შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ
dito
22:59 17-02-2016
0
...და ცუცქირიძე .ფაღდონ.
Р.S.
16:09 17-02-2016
0

სიახლეები პოპულარული