"უმცროსი ბორჯღალოსნები" თებერვალში სამხრეთამერიკულ ტურნეში გაემგზავრებიან

AutoSharing Option
2015 წლის მსოფლიოს თასის მსვლელობისას ინგლისში საქართველოს, არგენტინისა და ურუგვაის რაგბის კავშირების პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" თებერვალში სამხრეთამერიკულ ტურნეში გაემგზავრებიან, სადაც ორ-ორ მატჩს არგენტინელ და ურუგვაელ თანატოლებთან გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ივნისში საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრები მანჩესტერში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებენ. შესაბამისად, ტურნე ამ შეჯიბრებისთვის მოსამზადებელი ეტაპია.

ჩვენი გუნდი სამხრეთ ამერიკას 16 თებერვლიდან ეწვევა და იქ 6 მარტამდე დაჰყოფს. პირველ ორ მატჩს "უმცროსი ბორჯღალოსნები" "პუმიტასის" (არგენტინა U-20) წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო ბოლო ორში "ტერიტოსს" (ურუგვაი U-20) ეთამაშებიან.

"მსგავსი რამ ქართული რაგბის ისტორიაში
ჯერ არ მომხდარა - ჩვენი ოცწლამდელები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში პირველად იასპარეზებენ. შესაბამისად, მოსამზადებელი სისტემაც შეიცვალა. მივემგზავრებით სამხრეთ ამერიკაში, სადაც ორ-ორ მატჩს არგენტინისა და ურუგვაის ოცწლამდელთა ნაკრებების წინააღმდეგ გავმართავთ.

გვინდა, რომ ამ ტურნეში წავიყვანოთ ლეგიონერებიც, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვიცით, გამოუშვებენ თუ არა მათ კლუბები. შესაბამისად, ოთხივე მატჩი ძალიან დიდ მოტივაციას და შესაძლებლობას ქმნის საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშეებისთვის, რომლებსაც სურთ, ტურნეში გასამგზავრებელ გუნდში მოხვდნენ.

ეს ტურნე ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც საინტერესოა სხვადასხვა კუთხით. ვნახავთ, თუ როგორ შეთამაშდება გუნდი, ვინაიდან წინა ნაკრები, რომელმაც "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფა" მოიგო, დაახლოებით ოთხი წლის მუშაობის შედეგი იყო. იმ მორაგბეებმა ასაკობრივ ნაკრებებში უამრავი ტურნირი გაიარეს ერთად. ახლა კი გვყავს ორი სხვადასხვა ნაკადი, რომლებსაც ერთად თამაშის დიდი გამოცდილება არ აქვთ.

ტურნემდე სამწვრთნელო შტაბი ორი შეკრების გამართვას გეგმავს იანვარში, რომლის დროსაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კლუბებიდან "დიდი 10"-ის და ჭაბუკთა A ლიგის მოთამაშეებს ვუხმობთ.

მოკლე, ერთკვირიანი ან ათდღიანი ორი შეკრება გვექნება. ამ პერიოდში დიდ ყურადღებას ბურთით თამაშზე გადავიტანთ, თუმცა ფიზმომზადებაც გვექნება. ამის შემდეგ შევხედავთ, თუ ვინ როგორ გამოიჩენს თავს, ვინ შეეწყობა გუნდს, ვინ აითვისებს ახალ ინფორმაციას უფრო სწრაფად და საბოლოო შერჩევას ამის მიხედვით გავაკეთებთ.

შეკრების პერიოდში "დიდი 10"-ის საახალწლო შესვენების ფანჯარას გამოვიყენებთ და გავმართავთ საკონტროლო მატჩებს რამდენიმე კლუბთან" - განაცხადა ოცწლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

მატჩების განრიგი
20 თებერვალი, ბუენოს აირესი
არგენტინა - საქართველო

24 თებერვალი, როსარიო
არგენტინა - საქართველო

28 თებერვალი, პაისანდუ
ურუგვაი - საქართველო

4 მარტი, მონტევიდეო
ურუგვაი - საქართველო

რაგბის კავშირის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული