საქართველო-კანადა 49:24 - ჩვენი ნაალაფები ახალგაზრდული ალაფია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დასრულებულ "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" ფინალში კანადის ნაკრებს ბრწყინვალე სტილში 49:24 მოუგო, პირველი ადგილი დაიკავა და მომავალ წელიწადს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებებს ასეთი წარმატება აქამდე არასდროს მოუპოვებიათ. "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" პირველად გავიმარჯვეთ და ელიტაში თამაშის უფლება მოვიპოვეთ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან ასპარეზობა ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს გარანტირებული, რადგან 2017 წელს პლანეტის საუკეთესო ახალგაზრდულ ნაკრებებს საქართველო უმასპინძლებს.

ჯგუფურ ტურნირში ჩვენმა მეტოქემ, კანადის ნაკრებმა ტონგას გუნდს მოუგო და ფინალში თამაშის
უფლება ისე მოიპოვა. ცხადია, ეს "უმცროსი ნეკერჩხლის ფოთლების" სიძლიერეზე მიუთითებდა და მომავალ, გადამწყვეტ მატჩს ქართველი რაგბის ქომაგები დიდი სიფრთხილით, თუმცა მაინც ოპტიმიზმით ელოდნენ. სუსტი გუნდი ფინალში ვერაფრით მოხვდება. ეს სენტენცია კანადამ დაამტკიცა, ოღონდ მხოლოდ მეორე ტაიმში, როცა ჩვენს მორაგბეებს საქმე უკვე მოთავებული ჰქონდათ.

მატჩის პირველ ნახევარში მთლიანად "უმცროსი ბორჯღალოსნები" დომინირებდნენ და მეტოქეს მოედნის ცენტრალური ხაზის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევდნენ.

ერთადერთხელ, ტაიმის დამთავრებამდე ორი წუთით ადრე, როცა ჩვენი გუნდი 24:0-ს იგებდა, ცენტრიდან დაკიდებულ ბურთზე უყურადღებოდ ვითამაშეთ და კანადელებს ლელოს გატანის საშუალება მივეცით.

იქამდე კი, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი გუნდის უპირატესობა საგრძნობი იყო, რაც ოთხ ლელოში აისახა კიდეც. ანგარიში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მე-15 წუთზე გახსნეს. მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ კანადელები საკუთარ 22-მეტრიან ზონაში დაჯარიმდნენ. ბურთი ქართველმა მორაგბებმა აუტში გადაიტანეს, დერეფანი სუფთად მოიგეს, მოლი შეკრეს და მძლავრი ბიძგებით ლელოში შევიდნენ. ბოლოს ბურთით ხელში მიხეილ ბაბუნაშვილი იყო. მგეზავმა რეზო ჯინჭველაშვილმა ვერ გარდასახა - 5:0.

12 წუთში კანადელებმა ისევ ვერ გაუძლეს ჩვენი მორაგბეების ზეწოლას და ამჯერად მოედნის ცენტრში დაჯარიმდნენ. ჯინჭველაშვილმა ბურთი ისევ აუტში გადაიტანა. ხუთმეტრიანი დერეფანი ისევ იოლად მოვიგეთ და მოლით კვლავ ლელოში შევაღწიეთ. ამჯერად ლელო შერკინების ბურჯის, გიორგი მელიქიძის ანგარიშზეა. ჯინჭველაშვილმა ამჯერად გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 12:0.

მეტოქე ნელ-ნელა გატყდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, არ იცოდა, საქართველოს ნაკრების თამაშისთვის რა დაეპირისპირებინა. 33-ე წუთზე მეტოქის მოედნის ნახევარზე მათივე აუტი მოვიგეთ და ბურთი მარცხნივ ჩავათამაშეთ. მესამე ლელო გუნდს გარემარბმა გიორგი კვესელაძემ მოუტანა. ჯინჭველაშვილს გარდასახვა ისევ გაუცუდდა - 17:0.

ორი წუთის შემდეგ შედეგიანი შეტევა ისევ დერეფნის მოგების შემდეგ დაიწყო. მესამეხაზელი დავით პაპავაძის მიძალების შემდეგ ბურთი რაკიდან შეცვლაზე შესულმა თორნიკე ზოიძემ აიტაცა და ლელოში გადადო. ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 24:0. ნათელი გახდა, რომ ეს მატჩი ქართველების იყო. ზოიძის ლელოს ის ეპიზოდი მოჰყვა, რომელზეც ზემოთ უკვე ვთქვით - 7:24. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ საწყისი ათი წუთი ისევ ჩვენი გუნდის იყო. ჯერ გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს - 27:10. მერე, ორწუთიან შუალედში საქართველოს ნაკრებმა ორი ერთმანეთზე უკეთესი ლელო გაიტანა. 48-ე წუთზე ჩვენი გუნდის იერიში მარცხენა ფრთაზე განვითარდა. მორკინალების მიძალების შემდეგ ბურთი ცხრა ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანა, სადაც იერიშში ფულბეკი ირაკლი სვანიძე ჩაერთო, ამან კიდევ უფრო მარჯვნივ გარემარბ ანზორ სიჭინავას გადააწოდა, რომელმაც მეტოქე გადათელა და ლელოში ისე შეიჭრა. ჯინჭველაშვილმა ვერ გარდასახა - 32:10.

ორ წუთში ისევ "უმცროსი ბორჯღალოსნები" უტევდნენ. კანადელებმა ბურთი საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ფეხით გამოიტანეს. ის გარემარბის, გიორგი კვესელაძის ნადავლი გახდა, რომელმაც მეტოქის მოშიშვლებული ზურგი დროულად შეამჩნია. ბურთი ფეხითვე გადაიკიდა, მიჰყვა, იოლად დაეუფლა და ლელო გაიტანა. ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 39:10.

ამის შემდეგ, როგორც ჩანს, ჩვენი გუნდი ოდნავ მოდუნდა. კანადელებმა ტემპს უმატეს და 55-ე წუთზე ლელო გაგვიტანეს - 17:39. სამ წუთში საქართველოს ნაკრების მგეზავმა რეზო ჯინჭველაშვილმა გაიბრწყინა - ჩვენი გუნდის შეტევისას, ზედ კარის პირდაპირ ბურთი ფეხით გადაიკიდა და ეფექტური ლელო მიითვალა, რომელიც თავადვე გარდასახა - 46:17.

თამაშის დასრულებამდე დარჩენილ დროში კანადელებმა კიდევ ერთი გარდასახული ლელო ჩაიწერეს აქტივში, რასაც ჯინჭველაშვილმა ერთი საჯარიმოთი უპასუხა - 49:24.

საქართველო-კანადა 49:24
საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. ანზორ სიჭინავა, 13. ბადრი ლიპარტელიანი, 12. სანდრო ილურიძე, 11. გიორგი კვესელაძე, 10. რეზო ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. ნიკა ნეფარიძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ოთარ გიორგაძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. დავით პაპავაძე, 8. ბექა გორგაძე.
16. გიორგი თედორაძე, 17. ბექა კაკაბაძე, 18. თორნიკე ზოიძე, 19. გიორგი ცუცქირიძე, 20. რატი შანიძე, 21. თემურ თუთბერიძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი.
7ლ: მ. ბაბუნაშვილი, მელიქიძე, კვესელაძე (2), ზოიძე, სიჭინავა, ჯინჭველაშვილი. 4გ,2ს: ჯინჭველაშვილი.
სინბინი: ნეფარიძე.

მსოფლიოს ალაფა
VII ადგილისთვის
პორტუგალია-ჰონგ კონგი 47:21

V ადგილისთვის
ნამიბია-ფიჯი 24:36

III ადგილისთვის
ტონგა-ურუგვაი 43:44

ფინალი
საქართველო-კანადა 49:24

საბოლოო მდგომარეობა
1. საქართველო, 2. კანადა, 3. ურუგვაი, 4. ტონგა, 5. ფიჯი, 6. ნამიბია, 7. პორტუგალია, 8. ჰონგ კონგი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავთ, ბიჭებო მგლები ხართ გენაცვალეთ.
გელა
20:41 25-05-2015
0
სიტყვები არ მყოფნის, თითები მიკანკალებს და ძლივს ვკრიფავ ასოებს...გილოცავთ ლომებო!
murtalo
12:57 25-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული