რაგბი. საქართველოს ჩემპიონატი: "ლელო" თავიდან შენდება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის, რომელიც სექტემბრის პირველ დეკადაში აიღებს სტარტს, ერთ-ერთი ფავორიტი, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი რამდენიმე წამყვანმა მორაგბემ დატოვა, მაინც თბილისის "ლელო" იქნება.

წინა ჩემპიონატში "ლელო" მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. იქამდე კი, ამ გუნდმა ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა. ცხადია, ეს ყოველივე ამ კლუბის პოტენციალზე მეტყველებს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბოლო ორი სეზონია ჭაბუკთა A და B ლიგების გათამაშებას ლელოელები იგებენ, ადვილად მისახვედრია, რომ გუნდში შესანიშნავი ცვლა მოდის.

ახლა გუნდიდან წასულებზეც ვთქვათ: საფრანგეთში გადაბარგდა საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი. მის გზას
დაადგა, ოღონდ ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე გუნდს, "მონპელიეს" შეუერთდა ცხრა ნომერი გელა აფრასიძე. გუნდიდან წავიდა საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი გიორგი ჭყოიძე. მომავალ სეზონში "ბათუმის" ღირსებას დაიცავენ საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა ხმალაძე და მეორეხაზელი სანდრო ქოიავა. თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა საქართველოს ნაკრების ყოფილი მესამეხაზელი ზვიად მაისურაძე. სეზონი დასრულებული იყო, როცა გულმა უმტყუნა "ლელოს" მესამეხაზელ ელგუჯა სურგულაძეს.

ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ "ლელომ" სხვა გუნდებთან შედარებით გაცილებით დიდი დანაკლისი განიცადა. შევსება კი, სწორედ საკუთარი ახალგაზრდული გუნდებიდან მიიღო. ასევე, "ლელოს" დაემატა "ყოჩების" პირველხაზელი ბაჩანა გოგიშვილი, რომელსაც ლელოელთა რიგებში აქამდეც უთამაშია.

ისე გამოდის, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელიც იმავდროულად, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის ასისტენტია, "ლელოს" შენებას თავიდან იწყებს. რამდენად შეძლებს ის, გუნდი ძველებურად კონკურენტუნარიანი დარჩეს, მომავალი გვიჩვენებს.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ გუნდში დარჩნენ სხვა ლიდერები: საქართველოს ნაკრების მოთამაშეები მერაბ კვირიკაშვილი და ალექსანდრე თოდუა, გამოცდილი ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი, მგეზავი ოთარ ბარკალაია. აქვე არიან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები,  მორკინალი ბექა საღინაძე და გარემარბი აკაკი ტაბუცაძე.

მოკლედ, "ლელოს" წინ საკმაოდ დაძაბული, საინტერესო სეზონი ელის. პირველ მატჩს გუნდი სტუმრად, ქუთაისში, "ბაგრატის" წინააღმდეგ გამართავს.

ლელოს შემადგენლობა
შერკინება: არჩილ აბესაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი, ცისკარა ბერიშვილი, ბაჩანა გოგიშვილი, გიგა გრიგალაშვილი, რევაზ დუგლაძე, მათე დარძულიძე, როლანდ კვაჭაძე, გიორგი ლომთაძე, ლაშა ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ მამისაშვილი, რევაზ მარგალიტაძე, სანდრო მამამთავრიშვილი, ლევან პაპიძე, ბექა საღინაძე, ზურაბ ხორბალაძე, თენგიზ ზამთარაძე, ზურაბ ჯულაყიძე, ლუკა ჯაფარიძე, გიორგი ჯღარკავა, გიორგი კუჭუხიძე.
უკანა ხაზი: თორნიკე ახობაძე, ოთარ ბარკალაია, ბექა ბუაძე, ბექა გავაშელიშვილი, ალექსანდრე თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი, ივანე კალანდაძე, ბექა მამუკაშვილი, სანდრო მინდიაშვილი, თენგიზ პერანიძე, ჯაბა სიხარულიძე, აკაკი ტაბუცაძე, თორნიკე ფანოზაშვილი, ალექსანდრე ხეცოიძე, ჯონი ხეცურიანი, ირაკლი ყიასაშვილი, რატი შანიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ხმალაძისა და ქოიავას წასვლა ბათუმში შეიძლება უარყოფითად შემეფასებინა სხვა დროს,მაგრამ ბათუმი ევროსარბიელზე გადის და ეს ყველაფერს სცვლის,ამ ბიჭებსაც ძალიან გამოადგებათ იქაური პრაქტიკა.
სოსო
12:47 12-08-2017
0
სტატიის ავტორს - გთხოვთ პატივი ეცით საკუთარ თავს, პროფესიას და მკითხველს!! რომ წერთ მესამეხაზელს გულმა უმტყუნაო - რას ნიშნავს ეს?! გულმა ჩვენ მტერს უმტყუნოს! ცოტა დაფიქრდით ხოლმე!
0

სიახლეები პოპულარული