რა დააშავა ჰოვარდ ვებმა?

AutoSharing Option

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის მსაჯს ჰოვარდ ვებს ჯოჯოხეთის ყველა კარის შეღება მოუხდა - ესპანელებისა და ჰოლანდიელების შეხვედრაში, რომელშიც მან ცამეტჯერ ყვითელი, ხოლო ერთხელ წითელი ბარათი ამოიღო, ინგლისური გაზეთების დათვლით, არბიტრის თითქმის ყველა გადაწყვეტილება სწორი იყო, მაგრამ ნარინჯისფერთა რისხვას მაინც ვერ გადარჩა. ჰოლანდილელებს რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია, ყველაზე მეტად კი ელჯერო ელიას მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ კუთხურის ვერდანახვით არიან აღშფოთებულნი. გეხსომებათ, ელიას დარტყმული ბურთი ესპანელთა „ცოცხალ კედელს“ მოხვდა და კუთხურზე გადავარდა, რაც ვებმა და მისმა ასისტენტებმა ვერ შეამჩნიეს. შესაბამისად, ინგლისელმა

არბიტრმა კარიდან დარტყმა დანიშნა, საიდანაც ბურთმა სულ ცოტა ხანში ჰოლანდიელების კარის ბადეში ამოჰყო თავი - კუთხური რომ დანიშნულიყო...
„საერთოდ, წაგებაში სხვისი დადანაშაულება არ მიყვარს, მაგრამ მსაჯი ესპანეთს ეხმარებოდა“ - თქვა „ლივერპულის“ ვარსკვლავმა დირკ კუიტმა.

გაზეთი „სანი“ კი ამტკიცებს, რომ მართალია, კუთხურთან დაკავშირებით ჰოლანდიელები მართლები არიან, მაგრამ მათ თანამემამულეს ჯეროვანი სიმტკიცე რომ გამოეჩინა, მაგ დროისთვის უკვე ორი ჰოლანდიელი უნდა ყოფილიყო გაძევებული. ისინი გასახდელის გზას ჯერ კიდევ პირველ ტაიმში უნდა გაჰყოლოდნენო, წერს ყველაზე მაღალტირაჟიანი ინგლისური გაზეთი. „სანმა“, რასაკვირველია, აზრის გამოთქმა სხვადასხვა ადამიანებს სთხოვა, რომელთაგან ერთი პრემიერლიგის შეფი რიჩარდ სკუდემორი იყო. სკუდემორმა თქვა:
„მსაჯისთვის ურთულესი მატჩი იყო. მადლობა ღმერთს ამ შეხვედრას სწორედ ჰოვარდი უძღვებოდა, თორემ კაცმა არ იცის რა მოხდებოდა“.
ინგლისურმა პრესამ ჰოლანდიურშიც ჩაიხედა და ნახა, რომ იქ, ვები, ლამის ქვეყნის მტრად არის გამოცხადებული. AD შპორტწერელდ  წერდა: „ჩვენი გუნდი მეტწილად მსაჯის სისულელეების გამო დამარცხდა“.

ხოლო არიენ რობენმა სხვა ეპიზოდი გაიხსენა - კერძოდ ის, როდესაც მას, საჯარიმო მოედანში კარლეს პუიოლმა, როგორც თავად ამბობს, წესის დარღვევით არ მისცა გოლის გატანის საშუალება, რის გამოც ვებს ესპანელთა მცველი უნდა გაეძევებინაა.

„რად უნდა ლაპარაკი, რომ პუიოლი გასაძევებელი იყო. არ წავიქეცი და სწორედ ამის გულისთვის დავისაჯე. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მსოფლიო დონის მსაჯია საჭირო. ძალიან მეეჭვება, რომ ამ დღეს მსაჯმა საქმეს თავი უმარლეს დონეზე გაართვა“.
ნერვიულობით გადაღლილმა და დაზაფრულმა ვებმა თამაშის მეორე დღე პრეტორიაში ფიფას ბაზაზე გაატარა, დაისვენა, მისმა მეგობარმა კი „დეილი მეილს“ უამბო 38 წლის არბიტრის მოსაზრებებისა და განცდების ამბავი.

„ჰოვარდმა მითხრა, რომ კვირა საღამო მის კარიერაში ყველაზე რთული იყო. ამ დღეს მან ორი უმძიმესი საათი გაატარა. მისივე სიტყვებით, ის ემოციურად და ფიზიკურად გამოფიტულია, თუმცა დიდ მადლობას უხდის ფიფა-ს, რომელმაც მხარდაჭერა აგრძნობინა. ჰოვარდმა მითხრა, რომ ფიფა მარტო მას კი არ ამოუდგა მხარში და ეს მარტო ფინალის შემდეგ კი არ მოხდა, არამედ ზოგადად, ამ ორგანიზაციამ მსაჯებისადმი მთელი ტურნირის განმავლობაში დიდი მხარდაჭერა გამოამჟღავნა“.

ხოლო, რაც შეეხება ეპიზოდს, როდესაც ნაიჯელ დე იონგმა ხაბი ალონსოს მკერდში წიხლი აძგერა, ამაზე ინგლისურმა პრესამ ორივე ფეხბურტელის კომენტარი მოიძია. ყოფილი ლივერპულელის, ახლა მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ალონსოს კომენტარს კომენტარი არც კი ჰქვია: „ისე დამარტყვა, რომ კვლავ მტკივა“ - აი, სულ ეს იყო, რაც თქვა. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“ ჰაფბეკს, მან ასე თქვა:
„ვებმა ყვითელი ბარათი მაჩვენა, რაც რასაკვირველია, იმას ნიშნავდა, რომ იღბლიანად გამოვძვერი“.

ბოლოს კი, მოდი, მსაჯთა საქმეების ცნობილი ექსპერტის, 2006 წლის მუნდიალის ერთ-ერთი არბიტრის გრემ პოლის მოსაზრებებს გავეცნოთ. პოლმა თავის ტრადიციულ სვეტში ასე დაწერა:

„პირველივე წუთზე, როდესაც რობინ ვან პერსიმ მოწინააღმდეგეს კოჭში ჩაარტყა, ნათელი გახდა, რომ ეს შეხვედრა „ჩვენი მშვენიერი სახეობის“ საუკეთესო ნიმუში ვერ იქნებოდა. შემდეგ იყო და ამ ჩემპიონატის „ბოროტმა ძალამ“ მარკ ვან ბომელმა ესპანეთის ნაკრების გამთამაშებელს ანდრეს ინიესტას ზურგსუკნიდან ისე შეუტია, რომ წითელ ბარათს იმსახურებდა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: უნდა დავდოთ თამაშის გაფუჭებაში ბრალი ინგლისელ მსაჯს ჰოვარდ ვებს, როგორც ეს უკვე ბევრმა გააკეთა? რასაკვირველია, არა. სჯობს, განვიხლიოთ ასეთი საკითხი: რატომ იხევენ უკან დიდ, გადამწყვეტ შეხვედრებში (მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია) ფეხბურთელების პირდაპირ გაძევებისა და შეუბრალებლად დასჯისგან მსაჯები? ფაქტია, საფეხბურთო წესები ვებს სრულიად უხსნიდა ხელ-ფეხს. ამ წესების თანახმად, მას ჰოლანდიელთა ანტიფეხბურთის აღკვეთა პირველივე წუთიდან შეეძლო. იმას, რომ მაგალითად, უკნიდან სასტიკი თავდასხმა მკაცრად უნდა დაისაჯოს, ახალი წესების მოგონება ნამდვილად აღარ სჭირდება, თუმცა არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი: მსაჯებს მენტალიტეტი, გადამწყვეტი შეხვედრებისადმი დამოკიდებულება უნდა შეუცვალონ და ამაში მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.

1. ფეხბურთელთა საქციელზე და ამ საქციელის შედეგებზე პასუხისმგებლობა უნდა დააწვეთ არა მსაჯებს და თუნდაც მწვრთნელებს, არამედ საკუთრივ ფეხბურთელებს.
2. პრესამ მხარი უნდა დაუჭიროს მსაჯებს და არ უნდა აკრიტიკოს ისინი იმისათვის, რომ წესები პირველივე წუთიდან დაიცვა.
3. მწვრთნელებსა და გუნდების სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს უნდა აეკრძალოთ არბიტრების კრიტიკა.
4. ფეხბურთელებს უნდა აეკრძალოთ მსაჯების გარშემო შემოჯარვა. ინგლისში, მაგალითად, წესი ასეთია: თუ მსაჯს სამ ფეხბურთელზე

მეტი შემოჯარება, ფეხბურთის ასოციაციას გუნდის დასჯის უფლება აქვს, მაგრამ ამ წესით ფაქტობრივად არ სარგებლობენ.
დაგვეთანხმებით, ვებს ვან პერსი პირველსავე წუთზე რომ გაეფრთხილებინა და შემდეგ, შესვენებამდე სამივე გასაძევებელი ჰოლანდიელი რომ გაეძევებინა, მეორე დღეს გაზეთები აჭრელდებოდა სათაურებით: „მსოფლიოს ჩემპიონატში მსაჯი გაგიჟდა“. ანდა, წარმოიდგინეთ, როდესაც ფეხბურთელები ვებს მიცვივდებოდნენ – და ისინი ამას საკმაოდ ხშირად აკეთებდნენ – არბიტრს წესების შესაბამისად ყველა რომ გაეფრთხილებინა, რა ამბავი ატყდებოდა. მაშინ დაიცავდა ფიფა ვებს ენერგიულად? დაუდგებოდა ბოლომდე გვერდში?
ხალხი ხშირად გაიძახის, რომ მას ფული მსაჯის ყურებაში არ გადაუხდია. ვებს ჰოლანდიელები შეხვედრის დასაწყისშივე ათი კაცით რომ დაეტოვებინა შეხვედრის გაფუჭებას დააბრალებდნენ. და ხალხი მართალია — ფეხბურთი ნამდვილად არ არის სახეობა, სადაც ყურადღების ცენტრში მსაჯი უნდა იყოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ანტი-ფეხბურთის ტაქტიკაც აღსაკვეთია. მსაჯებს მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა მათ სრულფასოვნად შეასრულონ თავიანთი ამოცანა“.
 

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილად კარგად იმსაჯა ამ კაცმა. მნიშვნელოვანი შეცდომა არ დაუშვია და თამაშიც არ გააფუჭა, სხვათაშორის ჰოლანდიელებისაგან განსხვავებით
დავითი
03:59 16-07-2010
0

სიახლეები პოპულარული