სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
საბა კვირკველიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
AutoSharing Option
11:26 23-12-2016
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველმა საბა კვირკველიამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, კვირკველიამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის სანაკრებო მაისურს უსახსოვრებს. ფეხბურთელმა დავით ჭკადუას შემდეგი კითხვა მოიწონა: "ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, შეცვლიდი თუ არა რამეს შენს ცხოვრებაში თუ კარიერაში და თუ კი, რას?" საბას თქმით, ის ამ კითხვას საკუთარ თავს ხშირად უსვამს.

მკითხველი:
- გამარჯობა, საბა. პროფესიონალურ კარიერაში დაცვის გარდა სხვა პოზიციაზე თუ გითამაშია? და შენი აზრით, ნაკრებში ვის წინააღმდეგ ჩაატარე საუკეთესო თამაში? გისურვებ ისეთ ევროპულ გუნდში გადასვლას, სადაც შენი ფიზიკური მონაცემების მქონე ფეხბურთელს დააფასებენ.
- არა, მცველის გარდა სხვა პოზიციაზე არასოდეს მითამაშია.

საუკეთესო მატჩს რაც შეეხება, უელსთან თამაშს გამოვყოფდი. ამ მატჩის შემდეგ 3 დღე ფეხზე ვერ ვდგებოდი. მთლიანმა ნაკრებმა კარგად ვითამაშეთ.

მკითხველი:
- მოგესალმები, საბა. ნაკრების წევრებს გაქვთ თუ არა მწვრთნელისგან სპეციალური ინდივიდუალური მითითებები, თუ როგორ უნდა მოემზადოთ ნაკრების თამაშებისათვის საკლუბო მოღვაწეობის პერიოდში და როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა გააკეთოთ კონკრეტულად, რომ საქართველოს ნაკრებმაც შეძლოს რომელიმე ტურნირზე მოხვედრა?
- კონკრეტული დავალება არ გვაქვს. ყველა ფეხბურთელი პროფესიონალია და კლუბში ჩასვლისას მწვრთნელის დავალების გამო სანაკრებოდ მომზადებას ვერ დაიწყებს. კლუბი არ მისცემს ამის უფლებას.

ვფიქრობ, თუ ის უთამაშებლობა, რაც მე, ვაკო ყაზაიშვილს, თორნიკე ოქრიაშვილს და სხვებს გვქონდა, არ გვექნება, ყველაფერი კარგად იქნება... მთელ ნაკრებს სათამაშო პრაქტიკა თუ ექნება, წარმატებას მივაღწევთ. გამოჩნდა, რომ შეგვიძლია თამაში.

მკითხველი:
- გამარჯობა, საბა. შენი და ზოგადად, ყველა ქართველი სპორტსმენის დიდი გულშემატკივარი ვარ და ამომავალ ვარსკვლავებს თვალყურს ყოველთვის ვადევნებდი. არც შენ გამომპარვიხარ - "ზენიტის" დუბლებიდან" გაკვირდები და შენში ყველაზე მეტად შრომისმოყვარეობას ვაფასებ და მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, ნაკრების კაპიტნის სამკლაურსაც ჩაიბარებ. შენი აზრით, რა არის ჩვენი ნაკრების სისუსტე? არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩვენ ის ნაკრები ვართ, სადაც მცველი ფორვარდზე სწრაფია. ასე შორს ვერ წავალთ. კი, შენი მახარებს, მაგრამ საერთო ჯამში, გული მწყდება...
- ფეხბურთია და შესაძლოა, მეკარე იყოს ყველაზე სწრაფი. ამ ეტაპისთვის ნაკრებში ვინცაა, ეს არის საუკეთესო გუნდი და ამას მწვრთნელიც გვეუბნება. ფორვარდს კი ხან წაუვა თამაში და ხანაც - არა.

სისუსტე? უთამაშებლობა, იღბალი. ლევან მჭედლიძეს ჰქონდა ერთი პერიოდი ტრავმები... პრობლემები მეც მქონდა, ვაკო ყაზაიშვილსაც და ნაკრების 5-6 ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა თუ არ აქვს, ეს გუნდზეც უარყოფითად აისახება, მაგრამ მწვრთნელი რადგან მაინც გვაყენებს შემადგენლობაში, ე.ი. ახლა ამაზე უკეთესი გუნდი ვერ დაყენდება. ასეც ხდება.

მაღალი დონის ფეხბურთელები და მწვრთნელი გვყავს, კარგი გარემოა ნაკრებში, მაგრამ იღბალი გვაკლდა ყველა მატჩში.

მკითხველი:
- საბა, მოგესალმები. პირველ რიგში, მინდა გითხრა, რომ შენ პირადად ჩემთვის სამშობლოს სიყვარულისა და პროფესიონალიზმის ეტალონი ხარ. იქნებ გაიხსენო ის დღე, როდესაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოგიძახეს: ელოდი თუ არა და რა შეცვალა იმ დღემ შენს ცხოვრებაში, როგორი იყო შენი ემოცია, როდესაც გაიგე და გაითავისე, რომ
You must have Flash Player installed in order to see this player.
სამშობლო გეძახდა, სამშობლოს სჭირდებოდი? და რას ეტყოდი, რას ურჩევდი პატარა ფეხბურთელებს იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობა და სამშობლოს ღირსების დაცვა ჰქვია? გისურვებ წარმატებებს...
- თუ არ ვცდები, 2012 წელი იყო, როცა ნაკრების ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩზე გამომიძახა თემურ ქეცბაიამ. ამ დროს რუსეთის ფედერაციიდან მქონდა წინადადება რუსეთის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით და მათ ნაკრებში თამაშზე. ასე რომ, ამ დროს წყდებოდა ჩემი მომავალი - ან უნდა ჩავსულიყავი საქართველოში და რუსეთის მოქალაქეობაზე უარი მეთქვა, ან მათი მოქალაქეობა ამეღო და იმ ნაკრებში მეთამაშა.

ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს თუ ექნებათ ისეთი შემთხვევები, როგორიც მე და ჯანო ანანიძეს გვქონდა, ვეტყოდი, რომ კი, ფეხბურთი კარგია, მაგრამ მას სულ ვერ ითამაშებ. დრო მალე გადის. "რუბინში" 5 წელია ვთამაშობ და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გუშინ მივედი... ოდესღაც, ფეხბურთს თავს რომ დაანებებ, მერე გული დაგწყდება, შენი ქვეყნისთვის ვერაფერი რომ ვერ გააკეთე. გული დაგწყდება, შენი სამშობლოს მაისური რომ უარყავი და მას სხვა ქვეყნის მაისური ამჯობინე. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რუსეთის თუ სხვა რომელიმე ქვეყნის ნაკრები იქნება.

კი, შემეძლო რუსეთის მოქალაქეობა ამეღო და ლეგიონერის სტატუსი არ მიმეღო, მაგრამ ასე არ მოვიქეცი. საქართველო ავირჩიე და ზუსტად ვიცი, არასოდეს ვინანებ.

მკითხველი:
- საბა, პროფესიონალი ხარ და ნაწილობრივ, ეს იქნება პასუხი ჩემს კითხვაზე, მაგრამ მაშინ, როცა კლუბში უსამართლოდ გექცევიან, ხშირად ნაკრების გულშემატკივრებისგან ზედმეტად მკაცრი კრიტიკაც გატყდებათ ფეხბურთელებს თავს, შენ მაინც გადიხარ მოედანზე და ქვეყნის პირველი გუნდის გაუვალი კედელი ხარ. როგორ ახერხებ პროფესიონალიზმის შენარჩუნებას? და რას ურჩევ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მსგავს ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ უძლებენ და ფეხბურთში იკარგებიან?
- ბოლო თვეებში იცით, როგორი პრობლემებიც შემექმნა, მაგრამ მხოლოდ ნაკრების ხათრით ვვარჯიშობდი. "რუბინში" ისეთი სიტუაცია იყო, რაც არ უნდა მექნა, არ მათამაშებდნენ.

ელემენტარულს გეტყვით: ესპანეთის ნაკრებთან მოგების შემდეგ "რუბინში" ჩავედი და მესამე დღეს 23-კაციან განაცხადში არ შემიყვანეს. 8-9 თამაში ვითმენდი, გუნდი აგებდა და მეგონა, შეიცვლებოდა რამე, მაგრამ ყოველი მარცხის შემდეგ შემადგენლობა უცვლელი რჩებოდა. ჩემს დროს მსგავსი სიტუაცია არ მახსოვს...

ყველაზე მძიმეა, როცა ვარჯიშზე გადიხარ, 5 დღეში შენს გუნდს თამაში აქვს, მაგრამ იცი, რომ არ ითამაშებ. ამიტომ მხოლოდ საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლისთვის ვემზადებოდი და იმ 90 წუთის გასაძლებად, რომელსაც ნაკრებში გავატარებდი, მაქსიმუმს ვაკეთებდი. შედეგით კმაყოფილი არავინაა, მაგრამ თამაშის ხარისხმა მგონი ხალხს იმედი გაუჩინა.

- მკითხველი:
- გამარჯობა, საბა. მაინტერესებს, თუ არის შემოთავაზებები ევროპის გუნდებიდან? არის ამასთან დაკავშირებით ჭორები, მაგრამ მაინტერესებს შენი აზრი და არის თუ არა შანსი, რომ მალე გიხილოთ სხვა გუნდის მაისურით?
- კი, არის შემოთავაზებები, მაგრამ არ განვიხილავ, რადგან სტაბილური გუნდები არ არიან. ყველაზე მაგარი ასაკი მაქვს ახლა ფეხბურთელისთვის - 23-24 წელი, რომელიც "რუბინში" მომისპეს და ამას არ შევეგუები. ახლა მირჩევნია, რუსეთში დაკარგული 1-2 წელი ავინაზღაურო.

ფული არაფერ შუაშია. ფული რომ მინდოდეს, ჩუმად ვიჯდებოდი და მივიღებდი ჩემს ხელფასს, მაგრამ არა! ფეხბურთის თამაში მსურს. არ მინდა ისეთ გუნდში გადასვლა, რომელსაც მომავალ წელს ჩავარდნა დაეწყება, ჩემპიონატიდან გავარდება... მყარი გუნდი მინდა.

ჩემთვის ყაზანი ყველაფერია და ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი სიტუაცია თუ შემექმნებოდა. სხვა გუნდის ვარიანტებს აქამდე არ განვიხილავდი. თვითონ "რუბინი" ისეთ სიტუაციას მიქმნიდა, რომ არ მივდიოდი. დღეს კი კლუბში ვერავინ მიხსნის, რატომ არ მათამაშებენ.

მაჩვენე ჩემზე კარგი შედეგი და ხმას არ ამოვიღებ. ცუდი ვარ? გამიშვი იჯარით ან გამყიდე. მაგრამ არა, არ მიშვებდნენ...

მკითხველი:

- სანამ თამაშობდი, ჩემი პირადი აზრია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყავი არათუ გუნდში, არამედ მთელ ჩემპიონატში და მაინც ისე მოხდა, რომ აღარ გათამაშებენ, გუნდის შედეგები კი არც ისე სახარბიელოა. ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად ისმის მწვრთნელის თუ ხელმძღვანელობის მისამართით კრიტიკა რუსულ პრესაში?
- არ ვიცი. რუსულ პრესას ნამდვილად არ ვკითხულობ და დიდად არც ქართულს, რადგან 1-2-ჯერ ისეთი რამ წავიკითხე, რამაც შემდგომ კითხვის სურვილი გამიქრო.

ჩემი აზრით, ადამიანი, რომელიც ნორმალურად მსჯელობს, იმ შედეგს, რაც "რუბინს" აქვს, დადებითად ვერ ჩათვლის.

არ ვარ მე ის, ვინც დაჯდება და რაღაცას დაუცდის. მანამ, სანამ მაქვს ავტორიტეტი რუსეთში და მანამ, სანამ ნორმალურ მცველად ვითვლები, მირჩევნია, კლუბი შევიცვალო.

მკითხველი:
- საბა, გამარჯობა. თამაშის მანერით ძალიან გამსგავსებ ჟერარდ პიკეს და მასავით წარმატებულ კარიერას გისურვებ. რაც შეეხება კითხვას: ამ სეზონს თუ არ ჩავთვლით, "რუბინში" ბოლო წლებია სტაბილურად ასპარეზობდი და საკმაოდ კარგი პრესაც გქონდა, ბევრი ქართველი ფეხბურთელისგან განსხვავებით არც ტრავმები გაწუხებს. მგონი, ერთი პერიოდი პრემიერლიგაში ყველაზე "სუფთად" მოთამაშე მცველებში პირველი ადგილიც გეკავა და მოკლედ, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ევროპული საზომით უფრო დიდ კლუბში უნდა გადასულიყავი, ვიდრე "რუბინია". რა მოხდა, რამ შეგიშალა ხელი, რომ აღარ გაგრძელდა ეს აღმასვლა? ნემანია ვიდიჩის მაგალითიც გვაქვს - 2 წელი "სპარტაკში" და მერე "მანჩესტერ იუნაიტედის" უცვლელი წევრი გახდა...
- ცხოვრებაში ოჯახის წევრის გარდა არ უნდა ენდო არავის! მე ვენდე, თან ძალიან და სწორედ ამიტომ იყო, რომ ვარიანტებს არ განვიხილავდი. მეუბნებოდნენ, არ წახვიდე, არ მიგვატოვო, გუნდი ცუდ სიტუაციაშია, ახალი სეზონიდან ყველაფერი გამოსწორდებაო... კაბინეტში ვიჯექი და ვსაუბრობდით ამ ყველაფერზე. ყოველდღე მიბარებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ აბა, შენ იცი, გუნდი შენ უნდა გაამხნევო, შენი იმედი გვაქვს... მეც არანაირ ტრანსფერს არ განვიხილავდი. ბევრი ისეთი შემოთავაზება მქონდა, რომელზეც მერე, გვიან გავიგე, რადგან კლუბში არაფერი მითხრეს.

ჯოჯოხეთს რაც ანათებს, კი იცით და ეს მოხდა შემდეგ...

მკითხველი:
- მოგესალმებით, საბა. როგორ გაიხსენებთ 2011 წლის 22 ივლისს, ანუ დებიუტს რუსეთის პრემიერლიგაში? და რა შეგიძლიათ თქვათ დათო კვირკველიას შესახებ, ვინც "რუბინში" თქვენამდე თამაშობდა?
- დათო კვირკველია, ლაშა სალუქვაძე... მათ ყველა აფასებს. ბერდიევს აქვს ნათქვამი, "რუბინი" ქართველის გარეშე "რუბინი" არ არისო.

მათ კარგი სახელი დატოვეს კლუბში და აფასებენ, უყვართ. მეც მინდა, აქ კარგი სახელი დავტოვო და გუნდში, ქალაქში ქართველი რომ მივა, ჩემ გამო ვინმეს არ უთხრან, აი, თქვენ ქართველები ასეთი ცუდები ხართო. მინდა ყველა ისე კარგად მიიღონ, როგორც დათოსა და ლაშას შემდეგ მე მიმიღეს.

დებიუტს რაც შეეხება... ბერდიევი ისეთი მაღალი დონის მწვრთნელია, ვერც გადმოგცემთ. მოწინააღმდეგეს დეტალებში განიხილავს. იყო პერიოდი, როცა ორივე მცველმა ტრავმა მიიღო, მე კი დუბლებში ვიყავი და თასის თამაშზე "რუბინს" "ურალთან" ჰქონდა მატჩი. იმ შეხვედრაში ძირითადში დამაყენეს და გამიმართლა, კარგად ვითამაშე. 5 დღეში ჩემპიონატი იწყებოდა "კრილია სოვეტოვთან" მატჩით. იქაც დამაყენეს.

5-6 მატჩი სასტარტოში ვიყავი და ყველა მოვიგეთ. შემდეგ ახალი კონტრაქტიც გავაფორმე და გუნდის სრულყოფილი წევრი გავხდი.

მერე იყო პერიოდი, როცა კლუბში ძალიან მაღალი დონის მცველები იყვნენ. არ მახსენდება რომელიმე რუსულ კლუბს ამ დონის მცველები ჰყოლოდა: ანსალდი, რომელიც დღეს "ინტერშია", ნავასი, ბაკეტი, მარკანო... ვიცოდი, რომ ძლიერები იყვნენ და კონკურენცია მომიწევდა. იჯარით სხვაგან წავედი და როცა დავბრუნდი, ახალი მწვრთნელი დამხვდა, ვის ხელშიც ძალიან მაგრად ვგრძნობდი თავს. განა იმიტომ, რომ ვთამაშობდი, უბრალოდ, მაფასებდა.

მკითხველი:
- ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, შეცვლიდი თუ არა რამეს შენს ცხოვრებაში თუ კარიერაში და თუ კი, რას? თუ არა, რატომ?
- შეცვლით არ შევცლიდი, რადგან ყველაფერი ის, რაც ჩემს თავს ხდება, შესაძლოა, არ ყოფილიყო. ვგულისხმობ ისეთ გუნდში მოხვედრას და თამაშს, როგორიც "რუბინია". უბრალოდ, იმ ადამიანებს აღარ ვენდობოდი და მათ მიმართ სხვა დამოკიდებულება მექნებოდა, ვინც ბევრ რამეში მომატყუა. არ დავუჯერებდი და სულ ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა.

მკითხველი:
- საბა, გამარჯობა. პირველ რიგში, მინდა გითხრა, რომ ერთ-ერთი ის ქართველი ფეხბურთელი ხარ, ვისიც ძალიან მეიმედება (არამარტო მე, ალბათ მთელ საქართველოს) და მჯერა, აუცილებლად ითამაშებ რომელიმე ტოპ-ჩემპიონატის ტოპ-კლუბში (ალბათ, უფრო ინგლისში), ამისთვის ყველაფერი გაქვს. მეორე, რაც მინდა, რომ გითხრა, არის ის, რომ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რადგან შენი მშობლიური ქვეყანა არ გაცვალე რუსეთზე (როგორც ვიცი, გქონდა შემოთავაზება) და ეს ნამდვილად დასაფასებელია. ახლა რაც შეეხება შეკითხვას: შენი აზრით, რა მოტივაცია შეიძლება შეუქმნას ადამიანმა ფეხბურთელთა იმ ახალგაზრდა თაობას, რომელიც ამჟამად იზრდება საქართველოში? მათ აქვთ უამრავი საფიქრალი, სანერვიულო და საზრუნავი ფეხბურთის გარდა (ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე). საინტერესეოა, შენ როგორ მოახერხე ამ ყველაფრის გადალახვა და ცხოვრების იმ ეტაპამდე მისვლა, რომელზეც ახლა ხარ...
- ჩემს ოჯახში არანაირი ფუფუნება არ იყო, მაგრამ უნდა გჯეროდეს, რომ შეგიძლია... ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო... უნდა იშრომო და საწადელს მიაღწიო.

საქართველოში სამჯერ დამიწუნეს, მეუბნებოდნენ, ფეხბურთის თამაშს თავი დაანებე და წადი, კალათბურთი ითამაშე, სიმაღლე ხელს გიწყობსო, მაგრამ არა!

ფეხბურთელისთვის სამი რამაა მნიშვნელოვანი: ჯანმრთელობა, უფლის წყალობა და იღბალი. შენ რაც არ უნდა მაგარი იყო და რაც არ უნდა ივარჯიშო, თუ რწმენა და იღბალი არ გაქვს, არაფერი გამოვა. რასაც სხვები გეუბნებიან, დამცირებად არასოდეს მიიღო. მე რომ დამცირებად მიმეღო ის სიტყვები, რასაც მეუბნებოდნენ, დავანებებდი ფეხბურთს თავს და დღეს სხვაგან ვიმუშავებდი.

ყველა მწვერვალს ვერ მიაღწევს. შეიძლება ნაკრებში ან მაგარ გუნდში ვერ ითამაშო, მაგრამ შენი შრომა აუცილებლად დაფასდება. თუ საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, იბრძოლე ბოლომდე შენი მიზნისთვის.

ის, რომ საქართველოში შესაძლებლობა არაა და გაჭირვებაა, მხოლოდ დღევანდელი პრობლემა არაა - ეს ყოველთვის ასე იყო. ავიღოთ მაგალითისთვის ძველი თაობა: ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, კახა კალაძე... ის თაობაც ამ მდგომარეობაში იყო. ყველა გაჭირვებით მოდიოდა.

ზოგს უმართლებს, ზოგს კი ისე არ უმართლებს, როგორც ეკუთვნის, მაგრამ რაც იშრომე, იმას უკან მიიღებ.

მკითხველი:

- საბა, გამარჯობა. შენს კარიერას დასაწყისიდანვე ვადევნებ თვალს და ვფიქრობ, შენი სათამაშო ინტელექტიდან გამომდინარე, შეგიძლია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდე. ორი კითხვა მაქვს შენთან: 1) რომელი მცველი მოგწონს ყველაზე მეტად და შენი აზრით, რომელ მცველს ჰგავხარ ყველაზე მეტად თამაშის მანერით? 2) როდის გიხილავთ ტურინის "იუვენტუსში"?
- "იუვენტუსი" ჩემი ოცნების გუნდია და თუ ოდესმე შემოთავაზება მექნება, დაუფიქრებლად წავალ.

ადრე საუკეთესო პაოლო მალდინი იყო, დღეს კი, ჩემი აზრით, სერხიო რამოსია. ვიზუალურად ყველა პიკეს მამსგავსებს და ის მართლაც მაღალი დონის მცველია, მაგრამ საუკეთესო სერხიო რამოსია.

მკითხველი:
- დარწმუნებული ვარ, ყოველი ჩატარებული მატჩის შემდეგ საკუთარ თამაშს აანალიზებ და განიხილავ. მაინტერესებს, ხშირად რა ნიუანსებს აწყდები და როგორ ფიქრობ, რამდენად რეალისტურია შენი შეფასებები საკუთარ თავთან მიმართებაში? წარმატებები.
- წაგებულ თამაშს არ ვუყურებ. მწვრთნელი ნახავს და მეტყვის ჩემ მიერ დაშვებულ შეცდომებზე. აი, მოგებულ თამაშებს კი სიამოვნებით ვუყურებ.

უელსთან მატჩს ჩემს პატარა შვილთან ერთად თავიდან ვუყურე. წაგებული მატჩის ყურება არ შემიძლია.

მკითხველი:
- როდესაც მცველად თამაშობ, მოწინააღმდეგის თავდამსხმელი უნდა "წაიკითხო", გაანეიტრალო. ხომ არ თამაშობთ ხოლმე ზოგჯერ ან იშვიათად თავდამსხმელად ვარჯიშებზე, უკეთ რომ გაიგოთ მისი ფსიქოლოგია?
- ადრე ვთამაშობდი, კი. მერე ბერდიევი პარტნიორის მოტყუებაზეც მავარჯიშებდა.

მკითხველი:

- მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 24 წლის ხარ, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე საკმაო გამოცდილება დაგიგროვდა. მცირედი გამართლებისა და კიდევ უფრო მეტი მონდომების პირობებში, არც ტოპ-ჩემპიონატის ტოპ-გუნდში უნდა გაგიჭირდეს მოხვედრა. რომელი ჩემპიონატი და რომელი გუნდია საბა კვირკველიასათვის ყველაზე მისაღები და სასურველი?
- თუ მივაღწევ იმ დონეს, რომ ტურინის "იუვენტუსმა" მიმიწვიოს, დიდი სიამოვნებით წავიდოდი ჩემი ოცნების გუნდში. ისე კი, ტოპ-ჩემპიონატების პირველ 8 გუნდში ვითამაშებდი.

მკითველი:
- გამარჯობა, საბა. დავუშვათ, დადგა დრო, როცა საქართველოს ჩემპიონატის დონე საგრძნობლად ამაღლდა და მუდმივად ხვდებიან მასში მოთამაშე გუნდები ევროჯგუფებში და წარმატებითაც თამაშობენ. შეთავაზება მიიღე "სამტრედიიდან" ან გორის "დილადან", ან თუნდაც სხვა გუნდიდან... დაბრუნდები ამ შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონატში 3 წლით?
- ღმერთმა ქნას, ჩემპიონატის დონე ამაღლდეს და მერე გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს, წინასწარ რამის თქმა არ მსურს.

მკითხველი:
- რომელ ფეხბურთელს ვერ ეტყოდი უარს მაისურის გაცვლაზე?
- ვერცერთ ტოპ-ფეხბურთელს.

მკითხველი:
- საბა, როგორ ხარ? შენი აზრით, საქართველოში რომ არ დაბადებულიყავი, გექნებოდა უკეთესი კარიერა? რას ნიშნავს შენთვის, იყო ფეხბურთელი და იყო ქართველი?
- მაგ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ იმიტომ, რომ არავინ იცის, როგორი კარიერა მექნებოდა, სხვა ქვეყანაში რომ დავბადებულიყავი.

ჩემთვის ქართველობა სიამაყეა. მოედანზე რომ გამოვდივარ და საქართველოს ჰიმნს ვმღერი, წინ მთელი ჩემი განვლილი გზა მიდგება. ის გზა, რომელიც აქ მოხვედრამდე გამოვიარე.

მკითხველი:
- მოგესალმები, საბა. მინდა იცოდე, რომ ძალიან ცოტაა ფეხბურთელი, რომელიც ამა თუ იმ გარემოებით განპირობებულ უთამაშებლობას არ ეგუება და ყოველთვის ცდილობს შეძლებისდაგვარად ფორმის შენარჩუნებას. ეს ყველაფერი შენს პროფესიონალიზმზე მიუთითებს, რომელიც, პირველ რიგში, ისევ შენ წაგადგება. შეკითხვაც სწორედ ამას ეხება: ამდენხნიანი უქმობის შემდეგ შენ მაინც თამამად ჩამოდიხარ ნაკრების შეკრებაზე და თამაშსაც თითქმის უშეცდომოდ ატარებ. რა განაპირობებს შენს ასეთ შემართებას და რწმენას საკუთარ თავში?
- პირველ რიგში, სიყვარული. ვიცოდი, რომ ნაკრების თამაში ახლოვდებოდა და ვვარჯიშობდი, ზედმეტ წონას არ ვიმატებდი, ჯანმრთელობას ვუფრთხილდებოდი. არავინ ეგუება უთამაშებლობას, მაგრამ არის დრო, როცა უნდა მოითმინო.

მქონდა ორი ვარიანტი - "კრასნოდარს" და "როსტოვს" ვსურდი იჯარით, მაგრამ ნებისმიერს ვეტყვი, რომ მე "რუბინმა" არ გამიშვა! შევედი ხელმძღვანელობასთან, "კრასნოდარში" გამიშვით-მეთქი, მაგრამ არ გამიშვეს. იჯარით არც დღეს მიშვებენ არსად - გუნდი, სადაც წავალ, იქნება მყიდველი.

მე რომ მაშინ გავეშვი, ამდენი პრობლემა არ შეიქმნებოდა. არ შევეგუები იმას, რომ ადამიანი არასწორად მექცევა. მათ ჩემი სათქმელი ბევრჯერ ვუთხარი. ჩემ დაუფასებლობას ოჯახის წევრსაც არ ვაპატიებ. როცა ვთხოვე გაშვება, არსად გამიშვეს და სკამზე დამსვეს, საიდანაც ჩემი გუნდის თამაშს მაყურებინებდნენ.

მკითხველი:
- შენი სიმაღლის მცველისთვის მეტად უჩვეულო პლუსი გაქვს, საკმაოდ სწრაფი ხარ. )) რისი დამსახურებაა ეს ყველაფერი? ბავშვობიდანვე ასე იყო თუ განსაკუთრებით ვარჯიშობდი ამ კომპონენტში?
- ბავშვობაში ძალიან სუსტი ვიყავი. "რუბინში" სისწრაფეზე ვვარჯიშობდით და აქედან მაქვს ეს პლუსი.

მკითხველი:
- ვინ არის შენი მთავარი მამოძრავებელი ძალა?
- ოჯახი, რომელმაც გაჭირვების დროს ჩემთვის ყველაფერია გააკეთა. თბილისში ჩამოსვლისას, კერძო სახლი არ გვქონდა და ნაქირავებში ვცხოვრობდით. სხვა რამის საშუალება არ გვქონდა და ამის თქმის არ მერიდება, პირიქით, ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ იმდენს მივაღწიე, რომ დღეს ჩემი ოჯახი ბედნიერია და ჩემით ამაყობს.

დასახული მიზნის 50% შევასრულე, 50%-იც წინაა.

მკითხველი:
- რამდენიმე წლის უკან ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც თქვენ ვარჯიშზე სიმღერა "ტაგანკას" ასრულებთ, რაც ძალიან კარგად გამოგდიოდათ. როდის ველოდოთ თქვენს მეორე რეპერტუარს?
- ახალი სეზონიდან.