სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
ვიაჩესლავ გროზნიმ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
AutoSharing Option
14:20 30-11-2016
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, გროზნიმ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც სიმბოლურ საჩუქარს უსახსოვრებს. მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ჯარიაშვილის უკრაინულად დასმული კითხვა მოიწონა: "Ласкаво просимо пан Грозный. Я дуже радий що ви возглвиілі Динамо. Сподіваюся що ваша прибивання тут не пройде даром. Бажаю вам успіху. რამ განაპირობა თქვენი არჩევანი, მოსულიყავით "დინამოში" და რისი მიღწევა გსურთ ამ გუნდთან ერთად?"

მკითხველი:
- ყველამ, მათ შორის, თქვენც, კარგად იცის, რომ ქართველებს ფეხბურთი გენში აქვთ, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გვაქვს... თქვენ იმ გუნდის მწვრთნელი ხართ, რომელსაც ყველაზე ძლიერი საფეხბურთო აკადემია აქვს საქართველოს მასშტაბით. რას ეტყვით თქვენი გუნდის აკადემიის წევრებს, ახალგაზრდა ფეხბურთელებს - სადაა ის ფორმულა, რომლითაც გენში არსებული ნიჭი რეალობაში უნდა აისახოს?
- რეალურად უნდა შევხედოთ ყველაფერს - "დინამოს" საუკეთესო აკადემია კი არა, საუკეთესო ინფრასტრუქტურა აქვს.

შემიძლია კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია შევაქო, რომელმაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს შესანიშნავი პირობები შეუქმნა, მაგრამ სიმართლეს გეტყვით: "ქაირათთან" შეხვედრას ვუყურე და ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდებიან ეს ფეხბურთელები, როგორ ემზადებიან... კი, კაი გუნდია "ქაირათი", მაგრამ მაპატიეთ, ეს თბილისის "დინამოა" და არ შეიძლება, მას ასეთი რამ ემართებოდეს.

აკადემიასთან დაკავშირებით ჩემი შეხედულებები მაქვს და კლუბის პრეზიდენტს ვესაუბრე. მწვრთნელებმა სტაჟირება ევროპაში უნდა გაიარონ. ფეხბურთელებს დიდ ყურადღებას ვაქცევ და ზოგიერთი პირველ გუნდში ვათამაშე კიდეც, ზოგიერთი კი პირველ გუნდთან ჯერ მხოლოდ ვარჯიშობს.

თუ გგონიათ, რომ "დინამოს" აკადემიაში ყველა ნიჭიერი ფეხბურთელია, ცდებით... არ არის მასე! ნიჭიერმა ფეხბურთელებმა თავიანთი შანსი უკვე მიიღეს, სხვებს კი ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი ჯერ. შესაძლოა, მათი დიდი ნაწილი "დინამომდე" ვერასდროს მივიდეს. ვნახოთ. მთავარია, მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ...

ქართულ ფეხბურთში ბევრი რამაა შესაცვლელი: სფფ სერიოზულად უნდა მოეკიდოს ინფრასტრუქტურას, ოღონდ არა ენით, არამედ საქმით. სფფ-ის წარმომადგენლები უნდა მოვიდნენ  "დინამოში", ნახონ, იკითხონ, როგორ გააკეთა ეს "დინამომ" და მიბაძონ. საჭიროა მწვრთნელების გადამზადებაც ძალიან მაღალ დონეზე და სერტიფიკატს საბჭოთა კავშირის მძღოლებივით არ უნდა იღებდნენ - მაშინ მართვის მოწმობას ისე იღებდნენ, ტარება არ იცოდნენ... გამოსასწორებელია ფინანსური მდგომარეობაც - პატარა ბიუჯეტების შემთხვევაში, ფეხბურთელები აქ არ დარჩებიან. ოდნავ უფრო მეტი ხელფასის შემოთავაზების შემთხვევაში, ისინი რუსეთის მესამე დივიზიონის გუნდშიც კი გაიქცევიან. აქ რისთვის იყვნენ? ცარიელი ტრიბუნებია და ტრავმა რომ მიიღონ, ვინ უმკურნალებს?

მკითხველი:

- ბატონო ვიაჩესლავ, როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ "დინამომ" მოახერხოს და ითამაშოს ის ფეხბურთი, რომელიც თქვენ გსურთ?  რას ხედავთ ხელის შემშლელ ფაქტორად და როგორ ფიქრობთ, რამდენი დრო დასჭირდება ამ ყველაფერს?
- ჩემი აზრით, გზა, რომლითაც ზაგრების "დინამო" მიდის, ძალიან სწორია. ისინი ნიჭიერ ფეხბურთელებს აგროვებენ, ზრდიან, ხდებიან ჩემპიონები, გადიან ჩემპიონთა ლიგაზე, შემდეგ კი ფეხბურთელებს კარგ ფასში ყიდიან. და ეს სწორია - კლუბის პრეზიდენტმა, რომელმაც ფული ჩადო ამ წარმატებისთვის, ხომ უნდა დაიბრუნოს თანხა? და ის ამ
You must have Flash Player installed in order to see this player.
გზით იბრუნებს. მხოლოდ ფული ჩადო და მოგება ვერ ნახო, არასწორია.

თბილისის "დინამომაც" ეს უნდა ქნას. კლუბი საშუალო დონის ფეხბურთელს ვერასოდეს გაყიდის. მოთმინება და ნიჭიერი ფეხბურთელის სწორად აღზრდაა საჭირო. "დინამოში" მხოლოდ ტოპ-დონის ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ!

მსოფლიოს არცერთ გუნდს წარმატებისთვის მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებით არ მიუღწევია. ეს ასე არ ხდება. გვერდით გამოცდილი ფეხბურთელების ყოლაც აუცილებელია, რომლებიც მათ გაზრდაში შეუწყობენ ხელს. თუ არ ვცდები, "ზესტაფონმა" აირჩია თქვენთან ეს არასწორი გზა - გზა მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებით და რა შედეგს მიაღწიეს საბოლოოდ, კი ნახეთ.

მკითხველი:
- ქუთაისის "ტორპედოსთან" მარცხის შემდეგ, ჩემი აზრით, სამწვრთნელო შტაბმა ძალიან სწორი დასკვნები გამოიტანა და თბილისის "დინამომ" ქობულეთში გამარჯვება მოიპოვა. პირველ რიგში, აღსანიშნავია დაცვის ხაზში ცვლილებები: ლობჟანიძე თავის ჩვეულ მარჯვენა ფლანგს დაუბრუნდა, ძირითადში დააყენეთ ხუბუტია, რომელიც რენეს შესანიშნავად შეუწყვილდა, მაგრამ გუნდში არსებობს პრობლემური პოზიციები, მათ შორის, მარცხენა მცველის დეფიციტია. რას ფიქრობთ ქუთაისის "ტორპედოს" მარცხენა მცველზე - იხილავდით ამ ფეხბურთელს თქვენს გუნდში?
- მადლობა, რომ თამაშებს უყურებთ და ხედავთ ცვლილებებს. ლუკა ლოჩოშვილის სახით, ჩემი აზრით, საქართველოში საუკეთესო მარცხენა მცველი გვყავს. ვფიქრობ, ლოჩოშვილი კალაძის გზას გაივლის: კალაძემ კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო, შემდეგ კიევის "დინამოში" გადავიდა, სადაც უფრო განვითარდა და "მილანში" წავიდა. ლოჩოშვილიც ძალიან სერიოზულად მუშაობს...

კლუბში ახალი ფეხბურთელების მოყვანა და ამ ახალგაზრდა ფეხბურთელების ბლოკირება არაა ჩემი მიზანი. ამას არ ვიზამ. მათ უნდა ითამაშონ. ქიმაძე კარგი ფეხბურთელია, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ მარცხენა მცველს არ ვეძებთ.

მკითხველი:

- რატომ არ ათამაშებთ გიორგი თევზაძეს?

- მოდით და თავად მას ჰკითხეთ, რატომ არ თამაშობს. ეს კითხვა ჩემთან არაა. ფეხბურთელები როგორც ვარჯიშობენ, იმის მიხედვითაც ხვდებიან ძირითადში. ივარჯიშოს, გამოასწოროს შეცდომები და მიიღებს თავის შანსს.

ერთხელ ჟურნალისტებს მოვიწვევ და თავად ნახავენ, რას ვითხოვ ვარჯიშზე ფეხბურთელებისგან. ბევრს ჰგონია, რომ ფეხბურთი იოლია: აირჩია მწვრთნელმა შემადგენლობა, გაიყვანა მოედანზე და ეგაა... ბევრი ნიუანსია, რომელიც დაგაინტერესებთ. გიორგი თევზაძეს ისეთივე შანსები აქვს ძირითადში მოხვედრის, როგორც ყველა "დინამოს" ფეხბურთელს!

მკითხველი:
- გამარჯობა. მაინტერესებს, იქნება "დინამო" თქვენი სამწვრთნელო კარიერის ყველაზე წარმატებული კლუბი, რომელიც შეძლებს ევროსარბიელზე ჯგუფში მოხვედრას მაინც და იქნება კონკურენტუნარიანი? წარმატებებს გისურვებთ.
- მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ფეხბურთელთა განვითარების გარეშე. შიდა ჩემპიონატი თუ არ მოძლიერდა, არაფერი გამოსწორდება. უკრაინაში რამდენიმე გუნდი იბრძოდა ჩემპიონობისთვის და რამდენიმე - ევროთასებისთვის. ჩემპიონატში დიდი თანხა იდებოდა და გულშემატკივარი დადიოდა თამაშებზე, სტადიონები ივსებოდა. იქ ინფრასტრუქტურის პრობლემებიც არ იყო....

ნამდვილად მსურს, "დინამო" ჩემს ყველაზე წარმატებულ კლუბად იქცეს. პრეზიდენტს არ აწყობს მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონობა, თასის მოგება, რადგან ეს არაფერს აძლევს. კი, აქ იგებს ყველაფერს "დინამო", მაგრამ ევროტურნირებზე არასათანადო ფორმაში გადის.

გამოუსადეგარი ლეგიონერები რომ მოდიოდნენ აქ, ეს ხომ პრეზიდენტის ბრალი არაა? ვიღაცას მოჰყავდა ისინი და პასუხისმგებლობა ხომ უნდა აიღონ? ტყუილად ფულის გადაყრას გუნდს არ ვთხოვ.

მკითხველი:
- გულშემატკივართა აზრით, საჭიროა გუნდის დაკომპლექტება გამოცდილი უცხოელი და ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებით, რათა მათ ისწავლონ გამოცდილი ფეხბურთელების გვერდით და კიდევ უფრო განვითარდნენ. თუმცა, მცირე გამონაკლისების გარდა, "დინამოში" მოჰყავდათ სრულიად უცნობი და არაფრისმაქნისი უცხოელები, რომლებიც არათუ აძლიერებდნენ გუნდს, არამედ სათადარიგოებს შორის მოხვედრაც კი უჭირდათ. მესმის, რომ ეს მენეჯმენტის პრობლემაა, რომელსაც თქვენც შეხვდებით. რას აპირებთ ამ კუთხით? საერთოდ უარს იტყვით გამოცდილ უცხოელებზე თუ გუნდის ხელმძღვანელობას მოსთხოვთ, ცოტა ფული დახარჯოს და ისეთი ფეხბურთელები მოიწვიოს, რომლებიც გუნდს რეალურად გააძლიერებენ?
- ლეგიონერების ყიდვას არ ვაპირებთ. რისთვის ვხარჯოთ ფული? არა, ლეგიონერებზე უარს არ ვამბობთ - ისინი გვეყოლებიან, თანაც საკმაოდ კარგი დონის, მაგრამ კლუბში ლეგიონერის მოყვანის რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითად, რომელიმე კლუბიდან შეგვიძლია მოვიყვანოთ ლეგიონერი, აღვზარდოთ ფეხბურთელი, გავყიდოთ და თანხა ნახევრად გავიყოთ იმ კლუბთან, რომლისგანაც მოვიყვანეთ.

ამის გარდა, ბევრი სხვა გზაც არსებობს და ამაზე ვიმუშავებთ.

ასევე, კიევის "დინამოსთან" გვაქვს შეთანხმება, რომლის თანახმად, საქართველოს ჩემპიონატისთვის გადაზრდილი ფეხბურთელები იქ წავლენ, ხოლო კიევის "დინამოს" ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო დრო არ ეძლევათ, აქ ჩამოვლენ.

ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების ზრდას ხელს არ შევუშლით, მაგრამ იქ, სადაც ნიჭიერი ფეხბურთელი არ გვეყოლება, გამოცდილი ლეგიონერის ჩამოყვანას ვეცდებით. ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ: მათ არ ვიყიდით!

მენეჯმენტი ახსენეთ... ის მენეჯმენტი აღარაა კლუბში, რომელიც იმ ტრანსფერებს აკეთებდა, ხომ ასეა?! და არც იქნება! ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ... უჩემოდ გუნდში ვერცერთი ფეხბურთელი მოვა. არც მენეჯერებთან ვმუშაობ და არც აგენტებთან - რაში მჭირდებიან? ჩემზე უკეთ ესმით ფეხბურთი თუ ჩემზე უკეთესი თვალები აქვთ? მე თავად ვაკვირდები ფეხბურთელს და თავად გამოვთქვამ მისი შეძენის სურვილს...

ვუშვებ თუ არა შეცდომებს? კი, ვუშვებ, ისევე, როგორც ყველა მწვრთნელი. ხშირად ნიჭიერ ფეხბურთელს, რომელიც გუნდში მომიყვანია, კონკურენციის გამო ვეღარ უთამაშია. არადა, საკმაოდ კარგი ფეხბურთელები იყვნენ... უკონკურენციობის დროს ბევრად კარგად თამაშობენ, ზოგი კი პირიქითაა. საქართველოშიცაა ბევრი ასეთი.

უკრაინის ჩემპიონატი იმიტომ იყო ძლიერი, რომ ფეხბურთელებს საკმაოდ კარგი ფინანსური კონტრაქტები ჰქონდათ. ევროპული გუნდები როცა სთავაზობდნენ კონტრაქტს, იქ არ მიდიოდნენ - უკრაინაში გაცილებით უკეთესი ხელფასი ჰქონდათ. საქართველოდან კი ნებისმიერი ფეხბურთელის წაყვანა მარტივია და ეს ცუდია, მაგრამ "დინამო" ამ გზით არ მიდის და არც მომავალში წავა.

მკითხველი:

- Ласкаво просимо пан Грозный. Я дуже радий що ви возглвиілі Динамо. Сподіваюся що ваша прибивання тут не пройде даром. Бажаю вам успіху. რამ განაპირობა თქვენი არჩევანი, მოსულიყავით "დინამოში" და რისი მიღწევა გსურთ ამ გუნდთან ერთად? რა მიზანი დაგისახათ ხელმძღვანელობამ ამ პოსტზე დანიშვნის დროს და რამდენ ხანში უნდა მიაღწიოთ ამ მიზანს?
- მადლობა უკრაინულად დასმული კითხვისთვის. ქართული ენის შესწავლა დაწყებული მაქვს და მალე ყველა კითხვაზე მეც ქართულად გიპასუხებთ (იცინის). მადლობა მხარდაჭერისთვის...

თბილისის "დინამო" დიდი გუნდია. არაერთი შემოთავაზება მქონდა სხვა კლუბებიდან და ვიცი, რომ ჩემ გარდა, "დინამოს" კიდევ 30-მდე კანდიდატურა ჰყავდა. "დინამო" არჩევანის წინაშე იდგა, ისევე, როგორც მე.

ეს დიდი ტრადიციების მქონე კლუბია და ხასიათით ძალიან მიხდება. საქართველოში გახსნილი ხალხია, ემოციური - მეც ასეთი ვარ! მაგალითად, შვეიცარიასა და მსგავს ქვეყნებში ძალიან გამიჭირდებოდა მუშაობა - იქ ხალხი ემოციურობას ვერ გამოხატავს. მე კი იქ მიყვარს მუშაობა, სადაც ბევრი ემოციაა.

ჩემს ხელთ ბევრი ფეხბურთელი განვითარდა. მიყვარს ახალგაზრდებთან მუშაობა და "დინამოშიც" ესაა. აქ აქცენტი აკადემიის ფეხბურთელებსა და საქართველოში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებზე კეთდება.

მკითხველი:
- მოგესალმებით, ბატონო ვიაჩესლავ. სამწუხაროდ, თბილისის "დინამოს'' მიმდინარე სეზონში არ აქვს ისეთი შედეგები, როგორსაც ველოდით და მიჩვეულები ვართ. თქვენ ცნობილი ხართ, როგორც "ახალგაზრდების მოყვარული'' მწვრთნელი. შესაბამისად, მაინტერესებს, რამდენად რეალურად გესახებათ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებით წარმატების მიღწევა, რომლებსაც თქვენ აძლევთ შანსს? ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ ქვეყნის შიდა მასშტაბით, არამედ ევროსარბიელის კუთხითაც...
- არა, მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებით წარმატებას ვერ მივაღწევთ და არც ვაპირებთ მხოლოდ ახალგაზრდებით თამაშს - მათ გამოცდილ ფეხბურთელებსაც მოვუყვანთ.

ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს და ილუზიები არაა საჭირო, თითქოს მალე მოვა შედეგი. თუ ევროტურნირებზე კარგად გსურთ თამაში, მაშინ მესი, რონალდო, იბრაჰიმოვიჩი იყიდეთ, მაგრამ ეს არაა წარმატების გარანტია... "მანჩესტერ იუნაიტედმა" გიჟური თანხა დახარჯა, მაგრამ ალბათ ვეღარ გაჩემპიონდება წელს.

გულშემატკივარს მოთმინებისკენ მოვუწოდებ, მაგრამ არასწორია, ჩვენგან შედეგს ითხოვდეთ, როცა სტადიონი ცარიელი გვხვდება. მედალს ორი მხარე აქვს: დაიწყეთ თამაშებზე სიარული, მეტ პასუხისმგებლობას გამოაჩენთ ფეხბურთელებში და მერე მოითხოვეთ შედეგი.

მკითხველი:
- ერთ-ერთი მთავარი სენი, რომელიც ქართულ გუნდებს ახასიათებთ, არის ევროტურნირების წინ შემადგენლობის რადიკალური ცვლა, რაც, საბოლოოდ, იმაზე უარეს შედეგს გვაძლევს, რაც შეიძლება თუნდაც სუსტი შემადგენლობის შენარჩუნებას მოეცა, რადგან ახალი ფეხბურთელები ვერ ასწრებენ ერთმანეთის გაგებას, გაცნობას, უბრალოდ, ვერ იხსნებიან და, საბოლოოდ, ევროტურნირების გარეშე ვრჩებით. თქვენ როგორ თვლით, როდის უნდა მოხდეს გუნდის გაძლიერება ევროტურნირებისთვის?
- შესაძლოა, გაძლიერება საერთოდ არ დაგვჭირდეს. ამ ნახევარი წლის განმავლობაში შეგვიძლია ისეთი გუნდი შევქმნათ, რომლის თამაში დაგვაკმაყოფილებს. ახალი ფეხბურთელი თავისი მოსვლით ხშირად რევს სიტუაციას.

აი, ნახეთ, ვენგერი ერთ სტილს თამაშობს, მოურინიო - მეორეს, გვარდიოლა - მესამეს და ა.შ. ფეხბურთელი, რომელიც შესანიშნავად თამაშობს ვენგერთან, თავს არაკომფორტულად იგრძნობს მოურინიოსთან და პირიქითაც... ვენგერს ყველაფერი ბურთის კონტროლზე აქვს აგებული, მოურინიოს კი ეს საერთოდ არ აინტერესებს - მას ბურთის სწრაფად გადატანა სურს მეტოქის ნახევარზე და მეტ აგრესიას ითხოვს. მე ეს მომწონს. თანამედროვე ფეხბურთში აგრესიის გარეშე ვერაფერს იზამ.

ვნახოთ, რა იქნება. ჯერ არ ვფიქრობ, რომ გაძლიერებას ვსაჭიროებთ.

მკითხველი:
- თქვენ არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი აღმოგიჩენიათ. საქართველოში კი ასეთები ძალიან ბევრია, უბრალოდ, მათი უმრავლესობა ზარმაცია და თავისი თავის რწმენა არ აქვს. იმისთვის, რომ ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარი ძალების ირწმუნოს და პირველივე ხელფასზე თავში არ აუვარდეს, საჭიროა ძალიან ზუსტი მიდგომა. ანუ მათ კარგ მწვრთნელთან ერთად სჭირდებათ ასევე კარგი ფსიქოლოგიც. ხართ თუ არა მზად, შეასრულოთ ეს ორი ფუნქცია?
- მთელი ცხოვრებაა ასე ვარ. ფეხბურთელს ფსიქოლოგიურადაც ვამზადებ. მასთან ტყუილი არაა საჭირო, გულწრფელი უნდა ვიყო, მაგრამ რასაც ვეუბნები, ჩვენში უნდა რჩებოდეს და ჟურნალისტებამდე არ მიდიოდეს. ოპერაციის დროს ვინმე კითხულობს, რა ქნა ქირურგმა? არა. მთავარი შედეგია, ხომ?! ამიტომ ამ მხრივ ჩაკეტილი ვარ, ფეხბურთელებს ვთხოვ, ჟურნალისტებთან არ ისაუბრონ იმაზე, რასაც ჩვენში ვსაუბრობთ. არ მსურს, ეს ნიუანსები მეტოქემ იცოდეს.

ვიცი, რომ რამდენიმე ფეხბურთელს სოც.ქსელი აქვს და ეს არ მომწონს - არ მინდა, ჰქონდეთ.

თუ "ტორპედომ" შეძლო და ქვეყნის თასი ქართველებით მოიგო, რატომ არ შეუძლია იგივე "დინამოს"? თუ "ტორპედოს" ფეხბურთელებს შეეძლოთ მეტოქისთვის ბურთის ართმევა, აქტიური პრესინგი, რატომ არ შეუძლია იგივე "დინამოს"? მხოლოდ იმიტომ, რომ მანქანები, აიფონები აქვთ და რაღაც ადგილებში დადიან?! რატომ ვერ უნდა ასრულებდნენ "შავ სამუშაოს"? თუ სპორტში რაღაცის მიღწევა სურთ, უნდა იმუშაონ. ნიჭი მხოლოდ 3%-ია, დანარჩენი 97% - შრომაა. და ვინც შრომობს,  წარმატებასაც ის აღწევს.

მკითხველი:
- მოგესალმებით, ბატონო ვიაჩესლავ. თქვენ დიდი გამოწვევის წინაშე დგახართ, ვინაიდან საქართველოს ჩემპიონატში 27-ე უცხოელი მწვრთნელი ხართ. სხვადასხვა დროს აქ მომუშავე 26 უცხოელი მწვრთნელიდან, მართლაც ერთეულებზე თუ ითქმის, რომ ქართულ ფეხბურთში გარკვეული კვალი დატოვესო (ასეთი მხოლოდ 3-4-ია)... თუმცა, მეორე მხრივ, ისიც სათქმელია, რომ ამ 26 სპეციალისტიდან, ასევე ერთეულმა უცხოელმა სპეციალისტმა მოახერხა და საქართველოს ჩემპიონატში სეზონი სრულად ჩაამთავრა. საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე წარმატებული უცხოელი მწვრთნელი ხორვატი სპეციალისტი ივო შუშაკი გახლდათ. გსმენიათ თუ არა მის შესახებ, ხართ თუ არა მზად, დაარღვიოთ ეს ცუდი ტრადიცია და რა არის თქვენი მიზანი "დინამოში" მუშაობის პერიოდში? გმადლობთ.
- კი, ივო შუშაკზე ბევრი მსმენია.

აქ "დინამოს" ტრადიციების დასაბრუნებლად მოვედი. პირველი უკრაინელი მწვრთნელი ვარ "დინამოს" ისტორიაში. პირველი უკრაინელი მწვრთნელი ვიყავი "სპარტაკში", "სოფიაში", "ტერეკში"... კლუბის ხელმძღვანელობის გვერდში დგომა მაქვს და შინაგანად ვგრძნობ, რომ ერთად "დინამოს" იმ ნაბიჯს გადავადგმევინებთ, რომელიც სხვა ქართული გუნდებისთვის სამაგალითო იქნება და მათ საქმისადმი მიდგომას შეაცვლევინებს. ჩვენ არა მხოლოდ "დინამოზე", არამედ ზოგადად, ქართულ ფეხბურთზეც ვმუშაობთ - გვსურს ქართულმა კლუბებმა სხვა სახის ვარჯიშები დაიწყონ. გვსურს, მათ მეტი პასუხისმგებლობა გაუჩნდეთ.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს დღეს დიდი პრობლემა აქვს: საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელს ის ძირითადში ვერ აყენებს. რატომ? იმიტომ, რომ დონეა დაბალი და ამ ჩემპიონატში ფეხბურთელი იმ დატვირთვას ვერ იღებს, რაც საჭიროა. ამიტომ ვაისი პოლონეთში, რუსეთში მიდის და ფეხბურთელებს იქ ნახულობს, რადგან იქ მათში მეტ დატვირთვას ხედავს. ჩემპიონატის დონეა ასამაღლებელი.

რატომღაც, ისლანდიელების წარმატება გვიკვირს, მაგრამ არავინ ამბობს, რომ ამ წარმატებისთვის ისინი 20 წელია ემზადებიან. ჯერ ინფრასტრუქტურა გამოასწორეს, შემდეგ უცხოელი მწვრთნელები მიიწვიეს, თავისიანები კი ევროპაში გაუშვეს. წლების მერე დაბრუნდნენ ის მწვრთნელები და დღეს ისლანდია წარმატებულია. აქაც სახელმწიფოს აქტიური ჩართვა, სისტემური მუშაობა და სტრატეგიული მართვაა საჭირო!

ყაზახეთმაც ეტაპობრივი მუშაობა დაიწყო. "ასტანა" რომ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებდა, ვინმე იფიქრებდა? ან იგივე "ლუდოგორეცი"? ყველა თავისი გზით მიდის და თუ სხვა ქართული კლუბები იმ გზას გაჰყვებიან, რომლითაც "დინამო" მიდის, ეს ჩემპიონატს მაღალ დონეს შესძენს, კონკურენცია გაიზრდება.

კარგი იქნებოდა, 21 წლამდე ფეხბურთელთა გაყიდვა აიკრძალოს. აქ იყოს, სანამ 21 წლის გახდება. 21 წელი ის ასაკია, როცა ფეხბურთელი ფორმის პიკშია და ასე მაღალ ფასადაც გაიყიდებოდა.

მკითხველი:
- "ტორპედოსთან" მარცხის შემდეგ ძალიან გადააწყეთ გუნდი. პირველ რიგში, განლაგება შეცვალეთ და 2 საყრდენის ნაცვლად, 4-1-4-1 განლაგებაზე გადახვედით, რაც მეტი შემტევი ფეხბურთელის ყოლისა და უკეთესი პრესინგის საშუალებას იძლევა. ხო არ აპირებთ, განლაგება ხშირად ცვალოთ?
- განლაგებას მატჩის მიმდინარეობისას ვცვლი. თუ გუნდს თამაში ისე არ მიდის, როგორც მსურს, ვცვლი განლაგებას. უკრაინაში აიპოდით, პლანშეტით ვსარგებლობდი, ინტერნეტი მქონდა და თამაშს "ლაივში" ვუყურებდი. სხვაობა 20 წამი იყო... აი, მაგალითად, კუთხურია: ჯერ ვუყურებდი, მოედანზე რა ხდებოდა, შემდეგ კი აიპოდზე და შენიშვნას ვაძლევდი იმ ფეხბურთელს, რომელმაც არასწორად ითამაშა.

არ მაინტერესებს, როგორ მსაჯობენ თამაშს. მატჩის ანგარიში მსაჯზე არაა დამოკიდებული, მას ფეხბურთელები წყვეტენ. მსაჯები ცდებიან, მაგრამ ფეხბურთელები არ ცდებიან?! საქართველოში ერთ-ერთი მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ მსაჯმა ბოდიში მომიხადა, პენალტი იყო და შევცდიო, მე კი ვუპასუხე, რომ მასთან არანაირი პრეტენზია მაქვს. ჩემმა ფეხბურთელებმა მომენტები ვერ გამოიყენეს, ძალიან ცუდად ითამაშეს დაცვაში და კიდევ კარგი, გოლი არ გავუშვით-მეთქი... მადლობა გადამიხადა, რომ ასე ვფიქრობ.

შედეგს ფეხბურთელები განაპირობებენ და არა მსაჯები. თუ ფეხბურთელებს ეცოდინებათ, რომ მათი მწვრთნელი ყველაფერს მსაჯს აბრალებს, ეს ცუდია. მათ უნდა იცოდნენ, რომ წარუმატებლობაში ბრალს ყოველთვის მათ და საკუთარ თავს ვდებ!

მკითხველი:
- როგორ მოგწონთ საქართველო? ენის სწავლის პროცესი როგორ მიმდინარეობს?
- საქართველოზე მხოლოდ დადებითს თუ ვიტყვი. ხალხი ძალიან კეთილი, პოზიტიურია... სადაც არ უნდა შევიდე, სულ პოზიტივს ვხედავ, განსაკუთრებით პოზიტიურები ტაქსის მძღოლები არიან. იმაზე მეტის გაკეთება მსურს საქართველოსთვის, ვიდრე შემიძლია.

ქართული ენა ერთ-ერთი ყველაზე რთულია. ბევრს ვკითხულობ საქართველოს შესახებ, ვსწავლობ, მცხეთაში ვიყავი... რთულია, მაგრამ ნელ-ნელა ვსწავლობ. თუ ბულგარეთში დღეში 20 ახალ სიტყვას ვსწავლობდი, აქ ამოცანად 10 დავისახე, მაგრამ 5 გამომდის. აი, ვერ ვიგებ, როდის უნდა ვთქვა "კი", როდის "ჰო" და როდის - "დიახ" (იცინის).
აუცილებლად ვისწავლი ენას.