სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
«« იანვარი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
AutoSharing Option
16:02 16-09-2016
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის გამარჯვებულმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, ხინჩეგაშვილმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად სიმბოლურ საჩუქარს უსახსოვრებს. ოლიმპიურმა ჩემპიონმა შემდეგი კითხვა მოიწონა: "როგორ ახერხებ ყველა გულშემატკივარს ერთნაირი ყურადღება მიაქციო?"

აღსანიშნავია, რომ ხინჩეგაშვილმა საუკეთესო კითხვა იმ კითხვებიდან შეარჩია, რომელსაც საკონტაქტო ინფორმაცია თან ახლდა.

მკითხველი:
- რამ განაპირობა შენი ასეთი დიდი წარმატებები?
- შრომამ, მიზანდასახულობამ და, რა თქმა უნდა, იმ ხალხის გვერდში დგომამ და მხარდაჭერამ, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში ჩემთან იყო.

მკითხველი:
- ლადო, გამარჯობა! პირველ რიგში, უღრმესი მადლობა იმ სიხარულისთვის, რასაც გვანიჭებ. რას ნიშნავს შენთვის ის, რომ რიოში ჩვენი უდიდესი იმედი იყავი? ზედმეტი წნეხი ხომ არ არის შენთვის ის, რომ ჩვენ შენგან გამუდმებით უმაღლესი სინჯის მედალს ვითხოვთ?
- ეს მეტი პასუხისმგებლობაა, რომელიც ხშირად ხელსაც გიშლის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს ხელისშემშლელი ნამდვილად არ არის. სხვა მხრივ კი სასიამოვნოა, რომ გულშემატკივარს ჩემი იმედი აქვს და მუდმივად პირველობას ელის.

მკითხველი:
- პირველ რიგში, გილოცავ ოქროს მედალს ოლიმპიადაზე და მადლობა ჩვენი, ქომაგების გახარებისთვის. ალბათ შინაგანი სიმშვიდის და თავდაჯერების გარეშე ამას ვერ შეძლებდი. გამოსარჩევია ჰიგუისთან ფინალი. აგებდი, და მეორე პერიოდში გადახვედი შეტევაზე. თუმცა მომგები გამათანაბრებელი ქულა მიიღე, როცა იაპონელმა 30 წამიანი დრო ვერ დაასრულა შეტევით. 2 შეკითხვა მაქვს: 1) საინტერესოა ეგ 30 წამიანი რო არ მიეღო იაპონელს, ანგარიში მის სასარგებლოდ იქნებოდა. გქონდა თუ არა ეგ გათვლა, რომ შენი უფრო მეტად აქტიურობით მიეღო ჰიგუჩის 30 წამიანი, თუ როგორც დუბოვთან შეხვედრაში, ბოლოსკენ უმზადებდი მომგებიან შეტევას? 2) პირველ პერიოდში გასაოცარი თავდაცვა აჩვენე, როცა ჰიგუჩის შემოტევები მოიგერიე. შეტევაზე მეორე პერიოდში გადახვედი. ეგ შენი ტაქტიკა იყო თავიდანვე თუ მეტოქეს სწავლობდი პირველი პერიოდის მანძილზე, რათა მეორეში შეგეტია? გისურვებ ზედიზედ 2 ოქროს მომგები პირველი საქართველოს სახელით გამომსვლელი სპორტსმენი ყოფილიყავი მომავალ ოლიმპიადაზე.
- კეთილი სურვილებისთვის დიდი მადლობა.

ჭიდაობაში ეს კანონზომიერებაა: თუ პირველს გაფრთხილებენ და შემდეგ აქტიური ჭიდაობა არ მიმდინარეობს, მსაჯი ვალდებულია ორივე მოჭიდავეს მოუწოდოს აქტიურობისკენ და უკვე მოწინააღმდეგე გაგიფრთხილოს და მას ჩაურთოს 30-წამიანი. ეს მქონდა გათვალისწინებული, მაგრამ მთლად ამის იმედადაც არ ვყოფილვარ გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარი თავის იმედი მქონდა. შესაძლოა, მსაჯმა მოწინააღმდეგე სულაც არ გაგიფრთხილოს და ასეთ დროს ხომ შენით მოგიწევს შეტევა და ქულის აღება?! ხოდა, მზად ვიყავი ამისთვის. მისი გაფრთხილების შემდეგ ნახევარი წუთი დრო რჩებოდა და 1 შეტევისთვის საკმარისად მეყოფოდა ეგ დრო.

რაც შეეხება მეტოქის შეფასებას: ეს მოწინააღმდეგე ყველასთვის უცხო იყო და მასზე არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. ასე რომ, პირველ პერიოდში ჭიდაობასთან ერთად ამ სპორტსმენს ვსწავლობდი კიდეც.

მკითხველი:
- გამარჯობათ. პირველ რიგში გილოცავ ლადო ოლიმპიურ ოქროს და მომავალშიც წარმატებებს გისურვებ. საქათველოში გვქონდა მაგალითები, როდესაც ახალგაზრდა ჩემპიონებმა ნაადრევად
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაანებეს თავი სპორტს. შენ თუ გყავს ვინმე ისეთი სამაგალითო სპორტსმენი, ვისი შედეგიც გინდა გააუმჯობესო? ანუ შემდეგისთვის შენი მოტივაცია რა არის? ალბათ დამეთანხმები, მოტივაციის გარეშე ძნელია შედეგი დადო. მადლობა წინასწარ.
- ლევან თედიაშვილის სახით საქართველოში ცოცხალი ლეგენდა გვყავს და ყველა სპორტსმენს მინიმუმ მისი შედეგის განმეორება სურს. ჩემი მიზანიც ეს იქნება. ჭიდაობას თავს არ ვანებებ, კარიერის გაგრძელება მსურს.

მკითხველი:
- პირველ რიგში, გილოცავ ამ წარმატებას და მადლობა ჰიმნის აჟღერებით მთელი ერის გახარებისთვის. წარმოდგინე, ოლიმპიადაზე გამოდიხარ და ეჭიდავები რუსს ბრინჯაოსთვის... გაქვს ტრავმა და თუ მომგებიან ილეთს გააკეთებ, შენი კარიერა იქვე დასრულდება და ეს იქნება ბოლო ჭიდაობა. რას იზამ - მოიგებ თუ გადადებ შემდეგისთვის, სანამ ტრავმა მოგიშუშდება? რათქმაუნდა, გისურვებ რომ არასდროს დადგე ამ არჩევნის წინაშე, მაგრამ მაინც მაინტერესებს რას იზამ. მადლობა.
- რაც არ მომხდარა, იმაზე ვერ გიპასუხებთ (იცინის).

მკითხველი:
- ლადო, გილოცავ ჩემპიონობას. მაინტერესებს რომ არა ჭიდაობა, რა საქმით დაკავდებოდი? ღმერთი გფარავდეს.
- სპორტი ძალიან მიყვარს და რის საშუალებასაც ჩემი ფიზიკური მონაცემები მომცემდა, იმ სპორტით დავკავდებოდი. თუ არა და, ჩემი აზრით, ადამიანი თუ შრომობს და მიზანდასახულია, ის ნებისმიერ სფეროში მიაღწევს წარმატებას.

მკითხველი:
- პირველ რიგში, მოგესალმები და გილოცავ აწ უკვე ოლიმპიურ ჩემპიონობას. 25 წლის ასაკში მიაღწიე ყველაფერს, რასაც შეიძლება სპორტსმენმა მიაღწიოს. და მე, რომელსაც 25 წლის ასაკში ვერაფერი მიმიღწევია კარიერული თვალსაზრისით, მაინტერესებს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მივაღწიო დასახულ მიზანს, აი, როგორც, მაგალითად შენ?
- რასაც აკეთებ, ის საქმე უნდა გიყვარდეს და მას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო. ამავე დროს, მას სწორი გზით უნდა მიყვებოდე და იცოდე, რას აკეთებ. შრომა კი კარგია, მაგრამ უაზროდ შრომა არაფერს გარგებს. პროგრესს სწორი გზა სჭირდება.

მკითხველი:
- პირველ რიგში, გილოცავ და მივულოცავ შენს ამ წარმატემას ლადო შენ და მთელს საქართველოს. ის დანაკლისი და გულისწყვეტა, რაც შენ და ჩვენ გვქონდა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალში, კანონზომიერება აღსდგა ღმერთის დახმარებით და მადლობა ამ ყველაფრისათვის შენ პირველ რიგში. ახლა კითხვას რაცშეეხება... 2 ევროპა, 1 მსოფლიო, 1 ოლიმპიადა. 25 წლის ასაკში... ტოკიოს ოლიმპიადის სტარტზე, ვფიქრობ, შენ იქნები იმ სტადიაზე, რომ საშუალება გექნება გააუმჯობესო ლეგენდარული ლევან თედიაშვილის სპორტული შედეგი. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის სპორტული მოტივაცია ტიტულის მოპოვების და ხომ შეგვპირდები, რომ არ დაკმაყოფილდები ერთხელ მოპოვებული უმაღლესი სინჯის მედლით?
- ცხადია, ამით არ დავკმაყოფილდები. ქართველები მაქსიმალისტები ვართ და მეც, როგორც ქართველი, კიდევ არაერთ გამარჯვებას ვეცდები.

მკითხველი:
- ლადო, გილოცავ დიდ გამარჯვებას! ახალგაზრდულ ასაკში უკვე ყველაფერს მიაღწიე... მიუხედავად მიღწევებისა, შენ უკვე დააანონსე, რომ ყველაფრის თავიდან მოგება გინდა. როგორ ახერხებ თავს შეუქმნა ასეთი მოტივაცია?
- მიყვარს ჩემი საქმე. სპორტი სუფთა საქმეა და მსურს აქ ვიყო. ამაზე საინტერესოს ვერაფერს ვხედავ, რითაც შემიძლია დავკავდე.

მკითხველი:
- გამარჯობა ლადო. ოლიმპიადიდან ჩამოსვლის შემდეგ, გორის დილას სტადიონზეც გქონდათ პატარა შეხვედრა გორელ ქომაგებთან შენ, გენოს და ლაშას. თავად თუ გაინტერესებს ფეხბურთი, თუ გულშემატკივრობ "დილას" და თუ ახერხებ სტადიონზე მისვლას? მოგეხსენება, შენნაირი წარმატებული სპორტსმენის ტრიბუნაზე გამოჩენა დამატებითი მოტივაციაა სხვა ქომაგებისა და სპორტსმენებისთვისაც...
- კი, ნამდვილად, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ. ქართული კლუბებიდან, პირველი ჩემთვის გორის "დილაა" და სწორედ მას ვგულშემატკივრობ. ბევრი ჩემი მეგობარი თამაშობს ამ გუნდში და გორში ყოფნის პერიოდში საშინაო მატჩებს არასდროს ვაცდენ.

კლუბს წარმატებებს ვუსურვებ, გაემეორებინოთ შარშანწინდელი შედეგი, ისევ გამხდარიყვნენ ქვეყნის ჩემპიონები და საერთაშორისო ასპარეზეც მიეღწიოთ წარმატებისთვის.

სამომავლოდ კი, რაც შეიძლება მეტ გორელს ვისურვებდი "დილაში".

მკითხველი:
- ლადო, გილოცავ გამარჯვება. შენ გაიხარე, რომ გაგვახარე. წონის შეცვლას ხო არ აპირებ? შემდეგ ოლიმპიადაზე უკვე 29 წლის იქნები და ამ წონის შენარჩუნება ხო არ გაგიჭირდება?
- ისედაც ვჭიდაობდი სხვა წონით კატეგორიაში - 61კგ-ში და სავარაუდოდ, ამას მწვრთნელებთან ერთად განვიხილავ და ამ წონას დავუბრუნდები, მაგრამ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ყოველი ოლიმპიადის შემდეგ იცვლება რაღაცები წესებში. ამას უნდა დავაკვირდეთ და იმის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

მკითხველი:
- შენი კარიერის განმავლობაში თუ ყოფილა შემთხვევა რომელიმე უცხო ქვეყნის ნაკრების მხრიდან, ასე ვთქვათ, გადაბირების მცდელობა და მოქალაქეობის შემოთავაზება? და თუ ყოფილა, გთხოვ, დაგვისახელე ეს ქვეყნები. ყველა ძალიან ვამაყობთ შენით და ველით შენგან მორიგ დიდ გამარჯვებებს!
- ამ ბოლო დროს აღარ, მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრებში ჭიდაობის პერიოდში ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა. კონკრეტულად ყველა არ მახსოვს, მაგრამ თუ გადასვლის სურვილს გამოვიჩენდი, სანაცვლოდ ყველანაირ პირობის შექმნას მპირდებოდნენ. თუმცა არასდროს მდომებია...

ევროპული და კავკასიის ქვეყნები იყო. აზიურებიდან არ მქონია შემოთავაზება...

მკითხველი:
- გამარჯობა, ლადო. გილოცავ ოლიმპიურ ჩემპიონობას . ჩემს დაბადების დღეზე გამახარე (ფერიცვალებას )... შენს ბავშობაში თუ იყვნენ ნიჭიერი ბავშვები, ვისაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ვერ განვითარდნენ? თუ კი, რამ შეუშალათ ხელი შენნაირ წარმატებისთვის რომ მიეღწიათ?
- იყო, კი. დღევანდელი გადმოსახედიდან კი ჩანს ყველაფერი, მაგრამ მაშინდელი გადმოსახედიდან ჩემზე ბევრად პერსპექტიული ბავშვებიც იყვნენ. სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებები კი ჰქონდათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგი დაიკარგა, ზოგთან ერთად ახლაც ვარ ნაკრებში და წარმატებულია, ზოგი რაღაც ეტაპამდე იყო წარმატებული.

ალბათ, ზოგს მონდომება დააკლდა, ზოგს - ტრავმამ შეუშალა, ზოგსაც ელემენტარული ხელშეწყობა არ ჰქონდა და სხვა გზით მოუწია სიარული.

მართალია, სახელმწიფო სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კარგადაა და თავიანთ რესურსებს სპორტში მაქსიმალურად დებენ, მაგრამ კარგი იქნებოდა ამ ბავშვებს, სანამ წარმატებებს მიაღწევენ, მეტი ყურადღება დაეთმოს. ამით წარმატების მისაღწევად მეტი შანსი მიეცემათ და საქართველოსაც ასახელებენ.

მკითხველი:
- მოგესალმები, ლადო. გვეამაყები ყველას. ხშირ შემთხვევაში დამარცხებულ მოწინააღმდეგეზე სპორტსმენი იმდენად ყურადღებას აღარ ამახვილებს და არ მუშაობს მასზე... შენი აზრით, რამდენად შეიძლება გამოიწვიოს ამან მომავალში იგივე სპორტსმენთან წაგება? და შენ თუ გქონია ასეთი შემთხვევა?
- როცა იგებ და გამარჯვებული ხარ, შენს შეცდომებს დიდად აღარ აქცევ ყურადღებას. რთულია, მოგებულ შეხვედრაში შენს შეცდომებზე გაამახვილო ყურადღება. სწორედ ამისთვისაა საჭირო მწვრთნელი, რომელმაც უნდა შეგახსენოს და გითხრას, რომ კი მოიგე, მაგრამ აი აქ, ამ მომენტში შეცდომა დაუშვი...

მეტოქის დაუფასებლობის მომენტი კი არასდროს მქონია.

მკითხველი:
- გამარჯობა, ლადო. მინდა მოგილოცო ოლიმპიური ჩემპიონობა და მადლობა გადაგიხადო იმ სიხარულისთვის, რაც შენ მთლიანად ერს მიანიჭე. თითოეულ შეხვედრას ცოტაოდენი ჩამორჩენითა და თითქოს მეტოქის დაზვერვით იწყებდი, მაგრამ შეხვედრის მეორე პერიოდში უკვე საკმაო უპირატესობას იპოვებდი, მეტოქეს, ასე ვთქვათ, ტეხავდი და ჭიდაობას შენი გამარჯვებით ასრულებდი. ეს ყოველივე შენი ტაქტიკა იყო თუ ჭიდაობის დროს "გაფიქრდებოდა" ეს ყოველივე?
- ჭიდაობას არასდროს ვგეგმავ. ვიცი, როგორ უნდა წავიყვანო ჭიდაობა - უნდა ვიჭიდავო მე და არ ვაჭიდავო მოწინააღმდეგე! როგორ მიწევს და რა იქნება საჭირო, ამის გაგება შეხვედრის მსვლელობისას ხდება. შესაძლოა, ჯერ პასიურობა და შემდეგ კონტრშეტევა იყოს საჭირო და ასე ვიქცევი.

მკითხველი:
- გამარჯობა, ლადო. პირველ რიგში, მინდა მოგილოცო ოლიმპიური ჩემპიონობა და მთელი საქართველოს სახელით მადლობა გადაგიხადო იმ სიხარულისთვის, რაც თითოეულ ჩვენგანს მოგვანიჭე. რაც შეეხება ჩემს შეკითხვას: ფინალურ შეხვედრაში შენ იაპონელ რეი ჰიგუჩის უპირისპირდებოდი. ის ახალგაზრდა, გამოუცდელი და ცოტა არ იყოს უხერხული მეტოქე იყო ყველა მისი მოწინააღმდეგისთვის, თუმცა შენ ამ ყოველივეს თავი გაართვი, მისი სისწრაფე შენი ძალით გააკონტროლე და როცა უკვე ანგარიში 3-3 იყო და ამ ანგარიშზე იგებდი, ორივე ხელით დაუჭირე მარჯვენა ხელი და ფაქტიურად ის "გათიშე". თუმცა ამ ყოველივეს იაპონელი მსაჯების პროტესტი მოყვა. შენი აზრით, ის ჩელენჯი უკვე განწირულებმა გადმოაგდეს თუ ჭიდაობის წესები ძიუდოსაში აერიათ?
- როცა შეხვედრა შენი მარცხით მთავრდება, მისგან თავის დასაღწევად ყველა რესურსს იყენებ. ეს ჩელენჯიც სამაგისოდაა - ბოლო შანსს იყენებ, ეგებ გაამართლოს?! მწვრთნელების ადგილას მეც ანალოგიურად მოვიქცეოდი.

მკითხველი:
- თავიდან უნდა გითხრა, რომ გვეამაყები. ყველას კარგად გვახსოვს 2012 წლის ფინალი, სადაც მსაჯებმა ალალი ოქრო წაგართვეს, თუმცა ამის შემდეგ თავი არ დაზოგე და მთელი 4 წლის თავჩაუხრელი შრომა ოლიმპიური ოქროთი დაგიფასდა. ანალოგიური დაჩაგვრის მცდელობა იყო მეოთხედფინალში შენსა და აზერბაიჯანელ ალიევს შორის დაპირისპირებაში, სადაც აშკარა ქულები წაგართვეს. მსაჯების არაობიექტურობა უფრო დიდ სტიმულს გაძლევს თუ შენზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს?
- როგორი ძლიერი სპორტსმენიც არ უნდა იყო, მსაჯების არაობიექტურობა შენზე მოქმედებს. მაგრამ როცა ოლიმპიურ თამაშებზე იღებ მონაწილეობას და პროფესიონალი გქვია, საამისოდ მზად უნდა იყო. იმ შეხვედრაში მსაჯების შეცდომების გამო ემოციურ ფონზე ავირიე, მაგრამ მალევე შევძელი გონს მოსვლა და შეხვედრის წარმატებით დასრულება.

მკითხველი:
- ვინ იქონია ყველაზე დიდი გავლენა შენს წარმატებულ სპორტსმენად ქცევაში და ვის გარეშე გაგიჭირდებოდა ამდენის მიღწევა ?
- ყველა მწვრთნელმა, ვისთან ერთადაც მიმუშავია ამ წლების განმავლობაში. ასევე ჩემს სპორტულ კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვნის დედაჩემს, რადგან ყოველთვის მიქმნიდა ყველა იმ პირობას, რაც საჭირო იყო სპორტსმენისთვის. სპორტსმენს მხოლოდ ვარჯიში არ სჭირდება. სახლში მისვლისას ამ ვარჯიშს აღდგენითი პროცესიც სჭირდება. ასე რომ ერთ-ერთი მწვრთნელი დედაჩემი იყო.

მკითხველი:
- გამარჯობა, ჩემპიონო! გილოცავ ამ დიდ წარმატებას! ისე გემრიელად ჩაკბიჩე კვარცხლბეკზე მედალი ნერწყვი მომადგა :) თუ შეგიძლია მიპასუხო, რომელ ქართულ კერძს ან დასალევს მიამსგავსებდი ამ შეუფასებელი მედლის გემოს?
- (იცინის). ვერაფერს ვერ შეადარებ ამას. უბრალოდ, ეს სიმბოლური ჟესტია იქიდან გამომდინარე, რომ ოქრო სხვა ლითონებთან შედარებით რბილია და სპორტსმენები სინჯავენ ხოლმე.

მკითხველი:
- რაზე ფიქრობდი ოლიმპიადის ფინალში შეჯიბრის დროს?
- ფიქრით ერთ რამეზე ვფიქრობდი - ყველაფრის ფასად, ეს შეხვედრა უნდა მომეგო! 6 წუთი იყო საჭიდაო და ამ 6 წუთში, მოსაგებად ყველაფერი უნდა ჩამედო. საკუთარ თავს მოტივაციასა და განყობას ვუქმნიდი.

მკითხველი:
- როგორ ახერხებ ყველა გულშემატკივარს ერთნაირი ყურადღება მიაქციო?
- ჩემთვის ყველა გულშემატკივარი ძალიან მნიშვნელოვანია და მათ არ განვასხვავებ. სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება, გულშემატკივრის გვერდში დგომა და მათი სიყვარული, აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ვცდილობ მეც იგივე ვაჩვენო და იგივეთი ვუპასუხო თითოეულ მათგანს.