თასის გათამაშების პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "ქუთაისმა" "ორბს" 76:70 სძლია

AutoSharing Option
საქართველოს თასის გათამაშების მორიგი ეტაპი დღეს ტყიბულში გამართული ერთი შეხვედრით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშებაში სუპერლიგისა და A ლიგის ყველა გუნდი მონაწილეობდა და პირველი – მერვედფინალური ეტაპის შემდეგ მონაწილეები განახევრდა, რომლებიც მეოთხედფინალში შემდეგნაირად არიან დაწყვილებულნი:

ქუთაისი – ტყიბულის ორბი
თსუ – გაუ
ბათუმი – ზესტაფონის მარგვეთი
გურჯაანის დელტა – გორის ივერიონი

ისევე, როგორც პირველი ეტაპი, მეოთხედფინალური სერიებიც 2-მატჩიანია. ეს ნიშნავს, რომ წყვილებში გამარჯვებული 2 მატჩის შედეგად დაგროვილი ქულების შედეგად გაირკვევა. შესაბამისად, ფრე რომ დაფიქსირდეს, თამაში სრულდება. ოვერტაიმი მხოლოდ სერიის მეორე
მატჩის ბოლოს შეიძლება დაინიშნოს, თუკი 2 შეხვედრის ჯამში ფრე დაფიქსირდება.

პირველი მატჩი დღეს ტყიბულში გაიმართა – იმერულ დერბიში "ორბმა" "ქუთაისს" უმასპინძლა და დიდი ბრძოლაც გაუმართა. შეხვედრა საბოლოოდ ქუთაისელთა გამარჯვებით – 76:70 (სტატისტიკა) დასრულდა, თუმცა ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი ტყიბულელები წარმატების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ.

"ქუთაისი" ბევრად გამოცდილი გუნდია და მიმდინარე გათამაშებებში ფავორიტადაც ითვლება. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა სტატუსი გაამართლეს და "ორბთან" გამარჯვება ბრძოლაში მოიპოვეს. მატჩის საბოლოო შედეგი ნიშნავს იმას, რომ "ქუთაისს" 6-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს და საპასუხო მატჩში თუ ამაზე მეტით არ წააგებს, ოთხთა ფინალში გავა.

"ქუთაისის" შემადგენლობაში შეუდარებლად გამორჩეული იყო მარქუს გილსონი, რომელმაც 24 ქულა, 16 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მოწოდების სიმაღლეზე იყო ქუთაისელთა მეორე მეფარე – აკაკი დვალიშვილი, რომელმაც 16 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. 16 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა დეტრეკ ბრაუნინგს. "ორბის" შემადგენლობაში 19 ქულითა და 5 პასით საუკეთესო იყო რაიან ჰოლანდი. 15 ქულა მოაგროვა სოსო გოგნაძემ. 11 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა კენი კუპერის ანგარიშზეა.

ამ წყვილში მეოთხედფინალური სერიის საპასუხო მატჩი ქუთაისში 6 მარტს გაიმართება. დარჩენილ 3 წყვილში სერიის პირველი მატჩები ხვალ, 7 თებერვალს გაიმართება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული