თასის გათამაშების სამი 1/4-ფინალისტი ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო. ოლიმპიურ სასახლეში 3 მერვედფინალური მატჩი გაიმართა და შესაბამისად, 3 მეოთხედფინალისტის ვინაობაც გაირკვა. ესენი არიან: “ცხუმ-აფხაზეთი”, “მეგა” და “ოლიმპი”.

შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშებაში სუპერლიგის 11-ივე და “ა” ლიგის 5 გუნდი მონაწილეობს. გუნდები რეიტინგის მიხედვით 4 კალათაში განითესნენ და წილისყრის შედეგად მერვედფინალური წყვილები და სატურნირო ბადე შეიქმნა. ეპიდვითარების გამო საპლეიოფო სერიები 1 მატჩამდე შემცირდა. შესაბამისად, დღეს მერვედფინალში გამარჯვებული გუნდები პირდაპირ მეოთხედფინალში გავიდნენ.

ცხუმ-აფხაზეთი – დინამო 91:83

სუპერლიგის აუტსაიდერმა “დინამომ” ღირსეულად ითამაშა და ბრძოლაში დამარცხდა. ჟოლივეტ ტუჯანის გაწვრთნილი დინამოელები
ბოლო პერიოდამდე ტოლ-სწორად ეთამაშებოდნენ გაცილებით დიდი ამბიციის მქონე მეტოქეს და ხშირად ლიდერობდნენ კიდეც. ცხუმელებმა მესამე პერიოდში თამაშში გარდატეხა შეიტანეს. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა მოახერხა დაცვისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე უპირატესობის მოპოვება, რომელიც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა და მეოთხედფინალში გავიდა.

“ცხუმ-აფხაზეთში” საუკეთესო შედეგი ჰქონდა მარქილ სმიტს, რომელმაც 20 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. 14-14 ქულა მოაგროვეს ლუკა მაზიაშვილიმა და ნოდარ გოგოძემ. "დინამოში" 32 ქულით, 7 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო ბენჯამინ ქოლეჯი, ვლადიმერ თავაქარაშვილის ანგარიშზე კი 23 ქულა დაგროვდა.

მეგა – ტიტები 85:78

საკალათბურთო კლუბ “მეგას” პროგრესი გრძელდება. სუპერლიგის დებიუტანტმა ჩემპიონატის ბოლო 4 მატჩი მოიგო, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში გავიდა და ახლა თასის მეოთხედფინალსაც უწია. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი ძალიან შედეგიანად თამაშობს. მესამე პერიოდის შუაწელში “მეგა” 55:33 გალიდერდა, რაც, ფაქტობრივად, გამარჯვებას ნიშნავდა.

მიუხედავად სოლიდური ჩამორჩენისა, “ტიტებს” წარმატების შანსი მაინც ჰქონდა. ბესო ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, დასკვნით წუთებზე ჩამორჩენა 5 ქულამდეც კი შეამცირა, მაგრამ საბოლოო ნაბიჯის გადასადგმელად ძალა არ ეყო. “მეგა” გამარჯვებამდე მოვიდა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც თსუ-სა და “ორბს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.

“მეგაში” 22 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო დემონტე ფლანიგანი. 18 ქულა ჰქონდა ჯიმონ ჰენსონს, ხოლო 16 ქულა და 8 პასი - ტაილერ კორბინს. აღსანიშნავია, რომ "მეგაში" დებიუტი ჰქონდა 15 წლის ახალგაზრდა მოთამაშეს, ალექსანდრე დაუშვილს, რომელმაც მოედანზე მთელი 23 წუთი დაჰყო. “ტიტებში” 19 ქულითა და 11 მოხსნით ჯავიონ ოგუნიემი გამოირჩა. 13-13 ქულა ლევან ბაბილოძემ და ჯორდან რობერტსონმა მიითვალეს.

ოლიმპი – კავკასია 93:63 

სუპერლიგის ერთ-ერთი მოწინავე გუნდი “ოლიმპი” “ა” ლიგის წარმომადგენელს შეხვდა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა “კავკასიამ” თავიდან ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია სუპერლიგელ მეტოქეს და ერთი ხანობა უგებდა კიდეც. კავკასიელებს ძალები დიდხანს არ გაჰყვათ და “ოლიმპმა” პირველი პერიოდი 29:20 მოიგო, შემდეგ კი ლიდერობას ნელ-ნელა, პერმანენტულად ზრდიდა და საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით იძალა. "კავკასიისთვის" კი, რომელსაც სუპერლიგაში გადასვლის ამბიცია აქვს, ეს იყო კარგი გაკვეთილი.

"ოლიმპში" 18 ქულით კახა ჯინჭარაძე გახდა ბომბარდირი. 14 ქულა და 11 მოხსნა ედვარდ ეკირიმ მიითვალა. 14 ქულა დაგროვდა აბდულაის ბუნდუ ანგარიშზეც. "კავკასიაში" 20 ქულით საუკეთესო იყო ტატო ზუზაძე. 15 ქულა მაიკლ ბალოგანმა მიითვალა. მეოთხედფინალში გასული “ოლიმპის” მეტოქე “ვერასა” და “მგზავრებს” შორის გამარჯვებული იქნება.

თასის გათამაშების კიდევ 3 მატჩი დღეს, 17 თებერვალს, თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. 

gbf

alt"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია!

altსაქართველოს ნაკრების წევრმა 10-დან 9 2-ქულიანი ჩააგდო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული