26 ქულა, 7 პასი, 6 მოხსნა და 3 დაფარება 26 წუთში: შენგელია მარადმწვანე MVP-ია

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზეც თორნიკე შენგელიას ფოტოა გამოსახული წარწერით – “შეუჩერებელი”. შენგელია მართლაც შეუჩერებელია: "ვირტუს ბოლონიას" ქართველი ფორვარდი ისეთ ფორმაშია, 2 თვეა, MVP-ის ტიტულს თითქმის არავის უთმობს. თოკო დამსახურებულად გახდა ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშე როგორც იტალიის ჩემპიონატში, ისე ევროლიგაში და დიდი ალბათობით, იმავეს გაიმეორებს ნოემბერშიც. შენგელიამ სერია A-ს მორიგ მატჩში ისეთი სტატისტიკა აჩვენა, დიდი ალბათობით, ტურის MVP გახდება.

"ვირტუსმა" ბოლონიაში "ბრეშიას" უმასპინძლა და 88:76 რომ დაამარცხა, ქართველი ფორვარდის უდიდესი დამსახურებაა. შენგელიამ 26 წუთში 26 ქულა, 7 პასი, 6 მოხსნა
და 3 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 11-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 35-ს უწია და ცხადია თოკო აღნიშნული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

შეხვედრის ბომბარდირი "ბრეშიას" მცველი სი ჯეი მასინბერგი გახდა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო, თუმცა საერთო სარგებლიანობით ის თოკოს 4 ერთეულით ჩამორჩა. "ვირტუსის" რიგებში შენგელიას შემდეგ ყველაზე მეტი, 19 ქულა, ლუნდბერგმა ჩააგდო. მარკო ბელინელიმ შეხვედრა 9 ქულით დაასრულა.

8 ტურის შემდეგ მოპოვებული 7 გამარჯვებით "ვირტუს ბოლონია" ლიგა A-ს სატურნირო ცხრილის სათავეშია. მომდევნო შეხვედრას იტალიური გუნდი ევროლიგაში გამართავს და 23 ნოემბერს საშინაო კედლებში თურქულ "ფენერბაჰჩეს" მიიღებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული