ილიას ზუროსი: აკროპოლისის თასზე გამოჩნდება, რეალურად სად ვართ

AutoSharing Option
დღეს, გამთენიისას, საქართველოს ნაკრები საბერძნეთში გაფრინდა. ჩვენი გუნდი მონაწილეობას მიიღებს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებაში, აკროპოლისის თასზე.

ქართველებთან ერთად ათენში ითამაშებენ ბერძნები, სერბები და იტალიელები. ერთი ბედის ოთხი გუნდი. ოთხივეს საევრობასკეტოდ ლიდერები გამოაკლდა: ბერძნებს - იანის ანტეტოკუნმპო, სერბებს - მილოშ ტეოდოშიჩი, იტალიელებს - დანილო გალინარი, ქართველებს - ვიქტორ სანიკიძე.

გუშინ ვლადიმერ ბოისას წიგნის პრეზენტაციას დაესწრო საქართველოს ნაკრები, რომლის მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს გუნდის მდგომარეობასა და საბერძნეთის ტურნირისთვის დასახულ მიზნებზე ვკითხეთ.

- აკროპოლისის თასი პრესტიჟული შეჯიბრებაა. მასში მონაწილე ყველა გუნდი ევრობასკეტზე მაღალ მიზნებს ისახავს.
ამიტომ ტურნირის მოგება ჩვენი თვითმიზანი არ იქნება. სწორედ ასეთი დონის ნაკრებებთან უნდა გამოჩნდეს, რეალურად სად ვართ და რა უნდა გავაკეთოთ ევრობასკეტზე წარმატებისთვის.

- სადღეისოდ სად ვართ?
- ძნელი სათქმელია. გუნდი ბევრს ვარჯიშობს, ფორმას ნელ-ნელა კრეფს. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ შემოგვიერთდა ზაზა ფაჩულია, რომელიც აქტიურად ჩაერთო მზადების პროცესში. მანამდეც ვარჯიშობდა. თუმცა, რაოდენ გამოცდილიც უნდა იყოს, ყველა კალათბურთელს სჭირდება გუნდთან ადაპტაცია.

რაც შეეხება შეკითხვის პასუხს, ასე ჩამოვაყალიბებდი - ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ ამ ეტაპისთვის. გენერალურ რეპეტიციას საბერძნეთში გავივლით და სწორედ მას მერე უნდა მივუახლოვდეთ ოპტიმალურ კონდიციებს.

- ევრობასკეტზე ჩვენმა მეტოქეებმა არაერთი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს. მათი შესაძლებლობებიც გამოჩნდა...
- ძლიერი მეტოქეები გვყავს. ბოლო შეხვედრებში ძალიან კარგად გამოიყურება გერმანიის ნაკრები, რომელსაც ეხმარებიან ამერიკაში მოთამაშე კალათბურთელები, განსაკუთრებულად - ატლანტელი დენის შრიოდერი.

ბოლო დღეებში ისრაელმა კარგი მატჩები მოიგო. სძლია სლოვენიას, თურქეთს... თუნდაც ამხანაგურად, ამ ნაკრებებს რომ დაამარცხებ, ე. ი. შენც მაღალი დონისა ხარ. რთული ჯგუფი გვყავს, თუმცა ჩვენი მიზანი თავიდანვე ნათელი იყო - კვარტეტში მოხვედრა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა. ამ მიზნისკენ სვლა დიდი ხანია დავიწყეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვაგრძოთ.

- ზაზა ფაჩულია გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს. რა მდგომარეობაა და როდის განაახლებს წვრთნას?
- მისი ტრავმის შესახებ ნათელი სურათი ჯერ არ გვაქვს. ამიტომ ახლა ვერაფერს ვიტყვი. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ზაზა მალე მომჯობინდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული