შე-ფა-შე - ტაქტიკური ნოვაცია საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში [VIDEO]

AutoSharing Option
რას ნიშნავს შე-ფა-შე? 1998 წელს ბრაზილიის ნაკრების მთავარი იარაღი რო-რო-ს დუეტი იყო: რონალდომ და რომარიომ გულშემატკივარს ბევრი ლამაზი თამაში აჩუქეს. ახლახან დაშლილი ემ-ეს-ენ (MSN) რას ნიშნავს, ყველას კარგად მოეხსენება - მესი, სუარესი, ნეიმარი, ტრიო, რომელმაც 2015 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო და ბევრ მეტოქეს სცემდა შიშის ზარს.

ზედა აბზაცის წაკითხვის შემდეგ შერლოკ ჰოლმსობა სულაც არ სჭირდება შე-ფა-შე-ს გაშიფვრას: შენგელია-ფაჩულია-შერმადინი. მათ ერთობლივად არც ჩემპიონთა ლიგა მოუგიათ და არც მსოფლიოს ჩემპიონატი, ევრობასკეტისთვის ემზადებიან. შენგელია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, შერმადინი ესპანეთის საუკეთესო ცენტრად აღიარეს,
ფაჩულია კი NBA-ს ჩემპიონია.

ასეთ წინა ხაზს ევროპის ბევრი ტოპ-გუნდი ინატრებდა. ამიტომაც თქვა ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონენ გინსბურგმა - ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გყავთო. თუმცა კომპლიმენტიდან საქმემდე დიდი შრომა, გრძელი გზა და 20 დღეა.

თამაში 1
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა წლეულს პირველად სწორედ ჩეხეთთან მატჩებში გამოსცადა შე-ფა-შე-ს ტაქტიკა. ამის საშუალება მანამდე არც ჰქონდა, გუნდს ზაზა ფაჩულია თბილისის მერიის თასის წინ შეუერთდა.

იგორ კოკოშკოვი
მათი ერთდროულად მოედანზე გამოყვანას ყოველთვის ერიდებოდა, 2009 წელს კურიოზული შემთხვევის გამო მოხვდნენ ზაზა და გიორგი ერთდროულად სასტარტო ხუთეულში: მწვრთნელებმა ცინცაძის ნაცვლად სასტარტოში შერმადინი ჩაწერეს, თუმცა სადავო გდების შემდეგ პირველივე შესაძლებლობისას გიორგი მოედნიდან გაიყვანეს. 2012 წელს ფაჩულია და შერმადინი მოედანზე ჰოლანდიაშიც გამოჩნდნენ ერთდროულად, მაგრამ მხოლოდ 2-3 წუთით.

ილიას ზუროსის მოსვლის შემდეგ ორმაგი ცენტრის ტაქტიკამ მეტი აქტუალურობა შეიძინა. შარშან, მონტენეგროსთან მატჩებისას მთავარმა მწვრთნელმა გიო და ზაზა ვუჩევიჩსა და დუბლიევიჩს მიამაგრა, შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ კი თქვა - ორმაგი ცენტრის გამოყენება მეტოქის სიმაღლიდან გამომდინარე გადავწყვიტეო. ჩეხეთის ნაკრები ტანდაბალი გუნდია (ცენტრები, იან ვესელი და ონდრეი ბალვინი ევრობასკეტზე არ ითამაშებენ), შესაბამისად, შერმადინისა და ფაჩულიას მოედანზე ერთდროულად გამოყვანა მოწინააღმდეგის სიმაღლით ვერ იქნებოდა განპირობებული.

- ყველა მწვრთნელს პატივს ვცემ, განსაკუთრებით, იგორ კოკოშკოვს, რომელმაც დიდი მოცულობის სამუშაო გასწია საქართველოს ნაკრებში. მას ჰქონდა თავისი სტრატეგია. ისევე, როგორც იგორი, ტაქტიკას მეც ყოველ ციკლში შემადგენლობიდან გამომდინარე ვარჩევ. წლეულს ვერ დაგვეხმარება ვიქტორ სანიკიძე, კარგი უნივერსალი. შენგელია, ფაჩულია და შერმადინი მოედანზე ერთდროულად აქამდეც შემიყვანია, თუმცა ამ ევროპის ჩემპიონატისთვის ტაქტიკის ნაწილად იქცევა, - აღნიშნა ილიას ზუროსმა.

11 აგვისტოს მატჩის მეოთხე პერიოდის დასაწყისში სწორედ ასეთი ტაქტიკით შევუტიეთ და დიდი უპირატესობაც მოვიპოვეთ. მსუბუქ ფორვარდად შენგელია იდგა, მძიმე ფორვარდად - ფაჩულია, ხოლო ცენტრად - შერმადინი. გამოდის, რომ ზაზას და თოკოს ამპლუები შეეცვალათ. ეს ნამდვილად არ იქნება პრობლემა, რადგან შენგელია მშვენივრად ატარებს ბურთს, NBA-ში მსუბუქ ფორვარდადაც თამაშობდა და მსროლელადაც, გამთამაშებელს ეხმარებოდა. კარგადაც გამოსდიოდა.

სამი წლის წინათ ფაჩულია "მილუოკიში" შეტევების ორგანიზებით იყო დაკავებული: ბურთს სამქულიანის რკალთან იღებდა და პარტნიორებს ისეთი პასებით ამარაგებდა, ამერიკელი ჟურნალისტები გაკვირვებით წერდნენ - ცენტრია თუ პლეიმეიქერიო. ჩეხეთთან პირველ მატჩში სწორედ მილუოკური ეპიზოდი ვიხილეთ: ფაჩულიამ პერიმეტრიდან ისეთი პასი მისცა შერმადინს, ცენტრს ისღა დარჩენოდა, მშვიდად ჩაეგდო. ჩაგდება კი, შერმადინს კარგად რომ ეხერხება, მშვენივრად მოგეხსენებათ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

როდესაც 207, 212 და 216 სმ სიმაღლის ევროპის მასშტაბის კალათბურთელები უტევენ, ერთმანეთისთვის სივრცეების გამოთავისუფლებაც არ შეეშლებათ, კომუნიკაციაც და რთული იქნება მათი შეტევების შეკავება. საქმე უიოლდებათ პერიმეტრის მოთამაშეებსაც: გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, მაიკლ დიქსონი, დუდა სანაძე თუ ტანმაღალ პარტნიორს კარგ პოზიციაში ვერ მოძებნიან, თავისუფლად სტყორცნიან სამქულიანებს. თუ ჩავარდა, ხომ კარგი, თუ არა - როგორ გინდა ბურთი მოუხსნა შერმადინს, ფაჩულიასა და შენგელიას ერთდროულად?!

- მე, თორნიკე და ზაზა შეხვედრის რაღაც პერიოდში ერთად ვიყავით მოედანზე, ამ ტაქტიკაზეც ვმუშაობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შევეწყობით, როგორ ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენი მწვრთნელი საინტერესო გადაწყვეტილებებს იღებს და იმედს ვიქონიებ, რომ ევრობასკეტზე ყველაფერი კარგად ჩაივლის, - იმედიანადაა გიორგი შერმადინი.

იდეალურ ტაქტიკას მივაგენით, ევროპის ჩემპიონები გავმხდარვართ და ეგ არის! - ნაკრების პერსპექტივა, შესაძლოა, მკაფიო, ნათელ ფერებში გამოჩნდა. ამის სურვილი ნამდვილად გვაქვს, თუმცა, ხომ მოგეხსენებათ, რამდენი აღმართიცაა, იმდენია დაღმართი. ნებისმიერ ტაქტიკას შეიძლება მოვუძებნოთ ნაკლოვანება. 210 სმ-ს გადაცილებული კალათბურთელი 180-სანტიმეტრიანზე სწრაფად რომ ვერ ირბენს, ცხადია. შე-ფა-შე-ს ტაქტიკას შესაძლოა, მეტოქეებმა მაღალი ტემპი და სამქულიანები დაუპირისპირონ (მაგალითისთვის: ევრობასკეტზე ჩვენს მეტოქე ისრაელს არ ჰყავს მაღალი დონის ნომინალური ცენტრი). როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? ავყვეთ მეტოქეს და მოვხსნათ თამაშიდან ფაჩულია და შერმადინი? ამას უშუალოდ მატჩი გვიჩვენებს.

ჩეხეთთან პირველმა შეხვედრამ გვიჩვენა, რომ საქართველოს ნაკრები ის გუნდი არ არის, მეტოქის ტაქტიკას რომ წამოეგება, თავადაც კარგად შეუძლია საკუთარ დაკრულზე აცეკვოს მოწინააღმდეგე. ჩეხებსაც ტანდაბალი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ ვერც სისწრაფეში გვაჯობეს და ვერც მათმა სამქულიანებმა დაგვაკლო რამე. ეს იყო პირველ მატჩში, მეორეში... მეორეზე ქვემოთ წაიკითხავთ.

- თამაშამდე, როდესაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობას გადახედავ, ხვდები, რომ ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. საქართველოს უპირატესობა განსაკუთრებით ფარქვეშ იყო შესამჩნევი. საბოლოო ჯამში, წინა ხაზის შეჩერება ვერ შევძელით და ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი, - აღიარა რონენ გინსბურგმა.

ჩეხეთთან გამოჩნდა, რომ მძიმე ფორვარდობა ფაჩულიასთვის შესაძლოა, ოპტიმალური ამპლუა იყოს. 11 აგვისტოს სამმაგ დუბლს მიუახლოვდა: 14 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი. მას ამერიკაში თვით კაირი ირვინგის დევნაც უწევს (ბლოკის შემდეგ გოლდენსტეიტელები მეტოქეებს რომ ცვლიან) და სწორი მიდგომით, გაცილებით ტანდაბალი მოწინააღმდეგეების მეურვეობაც შეუძლია.

თუმცა იყო მომენტი, ზუროსის ახალმა ტაქტიკამ ჩეხები ვერ დააბნია და გაქცევაც მოაწყვეს. სწორედ ამიტომ ილაპარაკა ზაზა ფაჩულიამ კომუნიკაციაზე:

- ძალიან კარგი ნაკრები გვყავს. ჩეხებს გამოკვეთილი ცენტრი არ ჰყავთ და ეს გამოვიყენეთ. ყველას ვერ შეაჩერებ, თუმცა მთელი თამაშის განმავლობაში დამაჯერებლად ვითამაშეთ. მთავარია, გავიმარჯვეთ. ვფიქრობ, მოედანზე უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, განსაკუთრებით, დაცვაში. დამერწმუნეთ, კარგი დაცვის გარეშე თამაშს ვერ მოიგებ. გვაქვს ჩვენი სისტემა და ამ სისტემის მიხედვით ვმუშაობთ. რაც უფრო დრო გავა და მივუახლოვდებით ევრობასკეტს, უფრო წინ წავალთ, უფრო დაიხვეწება თამაშის ხარისხი.

თამაში 2
პარასკევის მატჩის შემდეგ ყველა ორმაგი ცენტრის ტაქტიკაზე მსჯელობდა, კვირას კი მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ზაზა ფაჩულია და გიორგი შერმადინი ერთმანეთს ერთხელაც არ შეუწყვილა. მიზეზი გასაგებია: ჩეხეთმა მაღალი ტემპი შემოგვთავაზა, თავიდანვე გაგვასწრო და პირველ ტაიმში ისედაც მძიმედ მოძრავი გუნდი მეტად აღარ დაამძიმა.

ჩეხეთის ნაკრები კარგად აწყობილ, დაზეთილ "შკოდას" მოგაგონებდათ, განსაკუთრებით, დაცვაში: რადგან წინა მატჩში უპირატესობა საქართველოს ჰქონდა, მწვრთნელმა რონენ გინსბურგმა დიდი ყურადღება სამწამიანი ზონის გამაგრებას დაუთმო. ფაჩულია, შერმადინი ან შენგელია ფარქვეშ ბურთს რომ მიიღებდნენ, მეურვის გარდა, კიდევ ერთი ჩეხი ეწებებოდათ, რიგ ეპიზოდებში ჩვენი შემტევები სამი მეტოქის გარემოცვაშიც ექცეოდნენ. მეტოქე საკმაოდ ხისტადაც თამაშობდა. ასეთ დროს ფარქვეშიდან ქულების მოგროვება ძალიან რთულია. შედეგად, სამწამიანიდან მხოლოდ 22 ქულას მოვუყარეთ თავი, მაშინ, როცა წინა მატჩში ამ პოზიციიდან 40 ქულა ჩავაგდეთ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

როდესაც ერთ ქართველზე სამი ჩეხი მოდის, თავისუფალ პოზიციაში ორი ჩვენიანი რჩება. თუმცა ჩვენი გუშინდელი მეტოქე იმდენად კარგად კეტავდა ზონებს, დროულად ასწრებდა საწყის პოზიციაზე დაბრუნებას, რომ შეტევაში ბევრი არაფერი გამოგვდიოდა. ზოგს, შესაძლოა, 2015 წელს ჰოლანდიასთან ევრობასკეტის გახსნითი მატჩი გაახსენდა, რომელშიც მეტოქემ საქართველოს ნაკრების პოტენციალი დაცვით გააბათილა.

ჩეხების ასეთმა გარჯამ ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი გააბრაზა, ჩვენ კი უამრავ ნიუანსზე დაგვაფიქრა: ევრობასკეტზე ხომ ასეთ დაცვას ბევრი გუნდი ითამაშებს, რა უნდა მოვუხერხოთ?

სწორედ იმისთვისაა საკონტროლო შეხვედრები, რომ ზემოთ დასმულ შეკითხვებს პასუხები მოვუძებნოთ და ოფიციალურ მატჩებში განვახორციელოთ. ილიას ზუროსმა დიდი შესვენების შემდეგ ჩეხეთის აგრესიას დაცვითი აგრესია დაუპირისპირა. თუ პირველ ნახევარში მეტოქეს სამქულიანებიცა და საშუალო ტყორცნებიც მისდიოდა, მეორეში სტუმრებსაც გაუჭირდათ საქართველოს კალათისკენ გზის გაკვალვა.

ასეთ პირობებში კი ჩვენმა ნაკრებმა ნელ-ნელა ანგარიშში სხვაობის შემცირებას მიჰყო ხელი და საფინალო სირენამდე 2:37 წუთით ადრე მანუჩარ მარკოიშვილის სამქულიანით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 61:62.

ეს იყო კლასის ხარჯზე მოპოვებული სამი ქულა: ფაჩულიამ თავისიცა და მარკოიშვილის მეტოქეც ბლოკით შეაჩერა, ხოლო თავისუფალ პოზიციაზე მყოფი მანუ დროულად შენიშნა გიორგი ცინცაძემ. მარკოიშვილს კი კრიტიკულ მომენტში ბევრი სამქულიანი ჩაუგდია. გავიხსენოთ თუნდაც 2012 წელს ბოსნიასთან ნატყორცნი სამიანები... ასეთი ეპიზოდი ჩეხეთთან შეხვედრებში ცოტა იყო. არადა, საქართველოს ნაკრებს ბევრი სჭირდება. პერიმეტრიდან ჩამგდებებიც გვყავს და ბლოკის სპეციალისტებიც.

საფინალო სირენამდე 1:35 წუთით ადრე დაფიქსირდა ეპიზოდი, რომელმაც მატჩის ბედი ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვიტა: ჰრუბანზე მსაჯებმა გარბენი დააფიქსირეს, საპასუხო შეტევაში კი შენგელიამ ორქულიანი ჩააგდო, თან ჯარიმის ტყორცნის უფლება მიიღო. ჩეხების მწვრთნელი რონენ გინსბურგი გაცხარდა, გარბენს აპროტესტებდა, იმდენი ემოცია გადმოაფრქვია, რომ მსაჯებისგან ორი ტექნიკური დაიმსახურა და მოედნის დატოვება მოუწია.

- იმ მომენტში ნამდვილად ავღელდი. ბოდიშს მოვუხდი მსაჯებს, - განაცხადა რონენ გინსბურგმა. - ასეთ დროს ბევრს წყვეტს გამოცდილება. ჩვენ შეგვეძლო, სხვაობა ორი ქულით გაგვეზარდა, სანაცვლოდ კი საკუთარ კალათში 6 ქულა მივიღეთ. საქართველოს ნაკრებს კი წუთ-ნახევარში თამაშს ვეღარ შემოუტრიალებ.

ილიას ზუროსი:
- პირველ რიგში, ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს გადავუხდი მადლობას. ჩვენთვის მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ასეთ ცხელ ზაფხულში.

ვეთამაშეთ ისეთ კარგად გაწვრთნილ გუნდს, რომლის მსგავსი მანამდე არ შეგვხვედრია. ჩეხებს 3-ქულიანების სროლა შეუძლიათ. მაღალი მოთამაშეებიც წარმატებულად ტყორცნიდნენ შორიდან.

კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის თამაშით. ვცადეთ სხვადასხვა კომბინაცია, რომელიც ვარჯიშებზე არ გაგვივლია და აქამდე არ გამოგვიყენებია. სანამ ათენის ტურნირზე წავალთ, უნდა დავხვეწოთ და აღმოვფხვრათ პრობლემები როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. წინ კიდევ 20 დღე გვაქვს და ევრობასკეტამდე კარგად უნდა მოვემზადოთ. ჩვენი მთავარი მიზანი დაცვის გაძლიერებაა.

თბილისის მერიის თასი 2017
11 აგვისტო, თბილისი, 5500 მაყურებელი
საქართველო-ჩეხეთი 87:76
20:20, 25:18, 24:21, 18:17

12 აგვისტო, თბილისი, 6000 მაყურებელი
ჩეხეთი-საქართველო 64:68
19:12, 18:19, 10:20, 17:17

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
Rac sheizleba bevri mayurebeli,,
Darbazi unda ivsebodes aucileblad,
... carmatebebi chvens niches da ratkmaunda gamarjveba .... rac shexeba big Z. Kidev ertxel Vulocav am familiar gamarjvebas.
Dimitri
04:27 15-08-2017
0
გასაგებია რომ სათადარიგოები გვჭირდება რომ ძირითადები დაასვენონ მაგრამ ესე ტრაგედიასაც ნუ შევქმნით,ჩვენი ძირითადის ბიჭები პროფესიონალები არიან და არც გადატვირთული გრაფიკით თამაშები უკვირთ,ცოტას მიეხმარებიან სათადარიგოებიც და გავალთ ფონს
დდდ
19:42 14-08-2017
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული