სტეფ კარი: მწვერვალზე დარჩენა რთულია

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტივენ კარი საკუთარ პრობლემებზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მეშვიდე მატჩში კაირი ირვინგის მეურვეობაზე და სხვა ბევრ საინტერესოზე ლაპარაკობს...

- თუ ლიგის ისტორიას გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ მწვერვალზე დარჩენას და ტიტულის შენარჩუნებას ბევრი ვერ ახერხებდა. ჩვენ სწორედ ასეთი ამოცანა გვქონდა დასახული, მაგრამ ვერ შევასრულეთ ის. წინ გველოდება სამი ძალიან გრძელი თვე და ყოველდღე გაგვახსენდება ეს მარცხი, მუდმივად ვიფიქრებთ იმაზე, როგორ შეიძლებოდა ამ მარცხის თავიდან აცილება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია ეს წარუმატებლობა დასანან გაუგებრობას მივაწეროთ. წინსვლა და მომავალ
წელს ტიტულის დაბრუნება - ასეთია ჩვენი განწყობა.

- წაგების შემდეგ რთულია რაიმე შეფასების გაკეთება, მაგრამ საინტერესოა თქვენი აზრი - როგორ დაამახსოვრდებათ ამჟამინდელი "უორიორზი" გულშემატკივრებს?
- არ ვიცი. ჩვენ შესანიშნავი რეგულარული სეზონი ჩავატარეთ, დავიპყარით სიმაღლე, რომელსაც ლიგის ისტორიაში ვერც ერთი გუნდი ვერ შეწვდა. ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ერთადერთი მოგება დაგვაკლდა. ეს ძალიან მტკივნეულია. ასეა თუ ისე, ვამაყობ თითოეული თანაგუნდელით. იოლი არ არის იმის მიღწევა, რაც რეგულარულ სეზონში გვქონდა. და კიდევ უფრო რთულია იმის გადატანა, რომ ვერ შევძელით მთავარი ამოცანის მიღწევა. ერთადერთი, რაც გვრჩება - ეს არის დადებითი მომენტების ძიება. უნდა გვჯეროდეს, რომ კიდევ არაერთი შანსი გვექნება ამ სცენაზე გასვლისთვის და ტიტულისთვის ბრძოლისთვის.

- სტეფ, სწორედ თქვენ მეურვეობდით კაირი ირვინგს იმ დროს, როცა მან გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდო. რას ფიქრობდით იმ მომენტში? მოგეჩვენათ, რომ არც ისე ცუდად იცავდით თავს?
- არ მინახავს ამ მომენტის გამეორება და მიჭირს შეფასება. არც კი ვიცი, რამდენად ახლოს ვიდექი კაირისთან. ვცდილობდი ბურთამდე მისვლას, მინდოდა, რაც შეიძლება გამერთულებინა მისთვის ტყორცნა. მიუხედავად ამისა, მან აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა და ჩააგდო. და მნიშვნელობა არ აქვს, კარგად ვიცავდი თავს თუ ცუდად - ირვინგი ზუსტი იყო. და მე მის წინაშე ქედს ვიხრი.

- მატჩის წინ ამბობდით, რომ ფინალის მეშვიდე მატჩში კარიერაში საუკეთესო კალათბურთი უნდა გეჩვენებინათ. ხომ არ მოგეჩვენათ, რომ ეს არ გამოგივიდათ და მზად ხართ თუ არა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ?
- რა თქმა უნდა, ძალიან არაეფექტური ვიყავი. მქონდა კარგი მონაკვეთები, მაგრამ საკმარისი არ გავაკეთე იმისთვის, რომ "უორიორზი" ჩემპიონი გამხდარიყო. განსაკუთრებით, მატჩის ბოლოს.

ეს უსიამოვნება გარკვეული ხანი გამყვება. კარგი იქნება, თუ ამ შეგრძნებას დავიმახსოვრებ და როგორ კალათბურთელი, უფრო ძლიერი გავხდები.

- ერთმნიშვნელოვნად, თქვენ იყავით NBA-ის საუკეთესო მოთამაშე რეგულარულ ჩემპიონატში, მაგრამ ვერ დაადასტურეთ ეს სტატუსი პლეი ოფში, პირველ რიგში კი ფინალში. რაში მდგომარეობდა თქვენი პრობლემები - ფიზიკურ მომზადებაში თუ ფსიქოლოგიაში?
- პლეი ოფის მატჩების გამოტოვება ყოველთვის არასასიამოვნოა, მაგრამ მას შემდეგ რაც მწყობრში დავბრუნდი, დაზიანებები არასოდეს გამიხდია თავის გამართლების საბაბად. ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ მოედანზე გავდივარ და ვთამაშობ, აღარ აქვს მნიშვნელობა - ტრავმირებული ვარ თუ არა. პირველ ადგილას ყოველთვის შედეგი უნდა იდგეს და წლევანდელი ფინალი - გამონაკლისი არ არის. დღეს არაფრის თქმა არ შემიძლია გარდა იმისა, რომ ჩემპიონები ვერ გავხდით, მე კი ვერ ვახერხებდი სერიის განმავლობაში ჩემი საუკეთესო თამაშის ჩვენებას. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეს ბოლო შემთხვევა არ არის, როცა ფინალურ სერიაში გვნახეთ.

- ფინალში თქვენი დაპირისპირება ლებრონ ჯეიმსთან მეტად ემოციური გამოდგა. როგორ შეაფასებთ მთელი სერიის განმავლობაში მის თამაშს? გქონდათ მასთან დალაპარაკების საშუალება მეშვიდე მატჩში შემდეგ?
- არა, ლებრონთან გასაუბრება ვერ შევძელი, რადგან მის გარშემო ბევრი ხალხი ირეოდა. მაგრამ მე არავითარ შემთხვევაში არ ვუარყობ მის მიღწევებს ამ სერიაში. ის შესანიშნავ კალათბურთს თამაშობდა, რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო. დიდწილად, სწორედ ის გახდა იმის მიზეზი, რომ "კლივლენდმა" ფინალი მოიგო.

"კლივლენდმა" დაიმსახურა ეს ტრიუმფი. გუნდმა მთელი ძალები მოედანზე დატოვა და მიზანს მიაღწია. მათთვის ეს მომენტი - განსაკუთრებულია. როგორც კი საშუალება მექნება, პირადად მივულოცავ ლებრონს.

- თქვენ უარი თქვით რიოს ოლიმპიადაში თამაშზე. უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება ტრავმირებულ მუხლს? ბევრ გულშემატკივარს მიაჩნია, რომ სწორედ ამ მიზეზით ვერ ითამაშეთ პლეი ოფში მთელი ძალით.
- არანაირ ოპერაციას არ ვგეგმავ. უნდა აღვიდგინო ჯანმრთელობა, თუმცა თავს არ ვიმართლებ იმის გამო, რაც მოედანზე ხდებოდა - გავდიოდი სასტარტო შემადგენლობაში, მზად ვიყავი სათამაშოდ. მომავალ სეზონში უფრო ძლიერ კალათბურთელად დავბრუნდები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული