NBA. პლეი ოფი: ჩემპიონი ოკლაჰომაში ჩამოიშალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გოლდენ სტეიტმა" ოკლაჰომა-სიტიში ორი თამაში ისე ჩაატარა, რომ დაცვა, ფაქტობრივად არ ჰქონია. სერიის მესამე შეხვედრაში ჩემპიონებმა 133 ქულა გაუშვეს, გუშინ კი პირველ ტაიმში 72 ქულა მიიღეს საკუთარ კალათში და 21 ქულით ჩამორჩნენ.

"ოკლაჰომას" პლეი ოფში რვიდან რვა მოგება ჰქონდა მაშინ, როცა პირველი ტაიმის შემდეგ ორნიშნა უპირატესობას ფლობდა. ასე რომ, "უორიორზს" მატჩის გადარჩენის შანსი არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ სტუმრები თამაშში დააბრუნა კლეი ტომპსონმა, რომელმაც ზედიზედ 19 ქულა (!) დააგროვა და მისი მონდომებით, სხვაობა ექვს ქულამდე შემცირდა. მაგრამ, როგორც კი "გოლდენ სტეიტის"
მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა მცველი სათადარიგოთა სკამზე დასვა (მესამე მეოთხედის დასრულებამდე 4.05 წუთით ადრე), სხვაობა 12 ქულამდე გაიზარდა.

ბოლო მეოთხედი კი ჩემპიონებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. ტომპსონს საბოლოოდ აერია მიზანი, სტეფ კარი ისევ ვერ ბრწყინავდა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ MVP-მ ფარქვეშიდანაც კი ააცილა (მთლიანად მატჩში 20-დან ექვსი გამოყენებული ტყორცნა და ექვსი შეცდომა). შედეგად, ბოლო 12-წუთეულში "გოლდენ სტეიტმა" მხოლოდ 12 ქულა დააგროვა და 24 ქულით წააგო.

ჩემპიონს თითქმის აღარ რჩება ფინალურ სერიაში მოხვედრის შანსი. იმ 39 გუნდიდან, რომელიც კონფერენციის ფინალში 1:3-ს აგებდა, 37 ასრულებდა პლეი ოფში გამოსვლას, აქედან 20 - ხუთი მატჩის შემდეგ. თუმცა სერიის მომდევნო მატჩი "გოლდენ სტეიტს" შინ აქვს და სტეფ კარი და კომპანია ეცდება ხავსს მოეჭიდოს. "ჩვენ განსაკუთრებული გუნდი გვყავს. და ამგვარად სეზონი არ უნდა დავასრულოთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ კარმა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია "გოლდენ სტეიტის" ერთ-ერთი ლიდერის დრეიმონდ გრინის საშინელი თამაში. ფორვარდმა ოკლაჰომური ვოიაჟი მთლიანად ჩააგდო: ორ მატჩში 16-დან 14 ტყორცნა ააცილა, 10 შეცდომა დაუშვა, ექვსი პერსონალური მიიღო და სარგებლიანობის კოეფიციენტი "-73" ჰქონდა.

რაც შეეხება "თანდერს", მის რიგებში თითქმის ყველა იმსახურებს შექებას. ექვსმა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ზღვარი. ბრწყინვალე სტატისტიკა ჰქონდა კევინ დურანტს - 26 ქულა+11 მოხსნა+4 პასი+4 ჩაჭრა+3 დაფარება; ანდრე რობერსონმა შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა, რასაც 12 მოხსნა და 5 ჩაჭრა დაუმატა; სერჟ იბაკამ მთლიანად გამოთიშა თამაშიდან გრინი...

და, რა თქმა უნდა, რასელ უესტბრუკი, რომელმაც პლეი ოფში მეხუთე სამმაგი დუბლი შეასრულა. თანაც 35 ქულა დააგროვა და ბოლო კალათბურთელი, ვისაც მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ ერთდროულად ასეთი შედეგიანობა და ტრიპლ-დაბლი ჰქონდა, ჯერი უესტი იყო 1969 წელს. საინტერესოა, რომ ამ სეზონში უესტბრუკმა 19-ჯერ გადალახა 30-ქულიანი ზღვარი და ყოველთვის მისი გუნდი გამარჯვებული გამოდიოდა.

ოკლაჰომა-გ. სტეიტი 118:94
30:26, 42:27, 22:29, 24:12
ო: უესტბრუკი (36+11 პასი+11 მოხსნა+4 ჩაჭრა), დურანტი (26+11 მოხსნა+4 პასი+4 ჩაჭრა+3 დაფარება), რობერსონი (17+12 მოხსნა+5 ჩაჭრა+3 პასი+2 დაფარება), იბაკა (17+7 მოხსნა+2 დაფარება), ადამსი (11+7 მოხსნა), უეიტერსი (10+3 პასი), კანტერი (1).
გ-ს: ტომპსონი (26+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), კარი (19+5 პასი+5 მოხსნა), ბარნსი (11), იგუოდალა (8+3 პასი), ეზელი (8), გრინი (6+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბოგუტი (6), სპეიტსი (5), ლივინგსტონი (4), ბარბოზა (1).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (43.3/41.3), სამქულიანები (34.6/30), საჯარიმოები (77.5/65.5).
სერია: 3-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული