NBA. პლეი ოფი: დაჩაგრული "მაიამი", შერცხვენილი "ჰიუსტონი", დაუძლურებული "კლიპერსი"

AutoSharing Option
სერიის პირველი ორი მატჩის წაგების შემდეგ, "შარლოტმა" შემოატრიალა "მაიამისთან" დაპირისპირების ბედი და ზედიზედ სამი მოგებით, თავად მოიპოვა საკუთარი მოედანის უპირატესობა.

გუშინდელი თამაშის გმირი კორტნი ლი აღმოჩნდა იმის მიუხედავად, რომ ცხრიდან მხოლოდ შვიდი ბურთი ჩააგდო და10-ქულიან ზღვარსაც ვერ მიაღწია. საქმე ისაა, რომ სწორედ მან მოათავსა კალათში გამარჯვების მომტანი სამქულიანი საფინალო სირენამდე 25 წამით ადრე.

თამაშის დასასრული კი სკანდალური გამოვიდა. დუეინ უეიდმა სცადა მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა, მაგრამ 2.6 წამით ადრე, ორქულიანი ააცილა. მასპინძელი მხარე დარწმუნებული იყო იმაში, რომ ვეტერან მცველზე ჯარიმა უნდა
დაფიქსირებულიყო.

"რა თქმა უნდა, მატჩის და სერიის ბედი არ წყდება ერთი ეპიზოდით, მაგრამ ჩემი აზრით, უეიდზე ნამდვილად დაარღვიეს თამაშის წესი. ვიდეოჩანაწერი არ მინახავს, თუმცა ამის აუცილებლობა არც იყო, რადგან ყველაფერი ისედაც ცხადად ჩანდა", - განაცხადა მატჩის შემდეგ "მაიამის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ სპოელსტრამ.

მაიამი-შარლოტი 88:90
25:28, 22:21, 24:16, 17:25
მ: უეიდი (25+5 მოხსნა+4 პასი), დენგი (16+6 მოხსნა+3 პასი), ჯონსონი (13+5 მოხსნა+3 პასი), უაიტსაიდი (11+12 მოხსნა+3 დაფარება), დრაგიჩი (10+6 მოხსნა+3 პასი), რიჩარდსონი (8+2 დაფარება), უინსლოუ (5+9 მოხსნა).
შ: უილიამსი (17+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), უოკერი (14+5 პასი+5 მოხსნა), ჯეფერსონი (14+7 მოხსნა), ლინი (11+7 პასი+6 მოხსნა), ბატუმი (8+3 პასი), კამინსკი (8), ლი (8), ჰოიესი (6), ზედერი (4).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (42/39.3), სამქულიანები (27.8/50), საჯარიმოები (78.9/80).
სერია: 2-3

* * *
კრის პოლისა და ბლეიკ გრიფინის ტრავმების გადამკიდე, "კლიპერსი" "პორტლენდთან" მატჩზე ასეთი ხუთეულით გავიდა: ოსტინ რივერსი, ჯამალ კროუფორდი, ჯეი ჯეი რედიკი, პოლ პირსი და დეანდრე ჯორდანი. ერთად ამ ხუთეულს რეგულარულ სეზონში ჯამში მხოლოდ 4 (!) წუთი ჰქონდა ნათამაშები.

მიუხედავად ამისა, პირველ სამი მეოთხედი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ბოლო მეოთხედის წინ, ტაბლოზე საყაიმო ანგარიშს ვხედავდით. არ წაუვიდა თამაში დამიენ ლილარდს, რომელმაც ამ 36 წუთში ცხრიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო.

თუმცა, "პორტლენდის" ვარსკვლავმა სწორედ საჭირო დროს მოუმატა - მისი 22 ქულიდან 16 სწორედ მეოთხე მეოთხედზე მოდის. კალიფორნიელებმა ლილარდის თამაშს ვერაფერი დაუპირისპირეს და "ბლეიზერსმა" საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა.

კლიპერსი-პორტლენდი 98:108
18:18, 32:27, 21:26, 27:37
კ: რედიკი (19), გრინი (17+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), კროუფორდი (17+4 პასი), ჯორდანი (16+17 მოხსნა+3 დაფარება+3 პასი), რივერსი (13+3 პასი), ოლდრიჩი (11), ჯონსონი (5+5 მოხსნა), პრიჯიონი (0+4 პასი).
პ: მაკალუმი (27+4 პასი+2 დაფარება), ლილარდი (22+5 პასი+3 ჩაჭრა), ჰარკლესი (19+10 მოხსნა), კრები (11+3 პასი), პლამლი (10+15 მოხსნა+4 პასი), ჰენდერსონი (10+5 მოხსნა+4 პასი), ამინუ (7+8 მოხსნა), დევისი (2+5 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (41.9/44.6), სამქულიანები (30/35.3), საჯარიმოები (66.7/64.7).
სერია: 2-3

* * *
უცნაური რამ მოახერხა "ჰიუსტონმა" "გოლდენ სტეიტთან" გუშინდელ შეხვედრაში - წააგო მატჩი 33 ქულის სხვაობით შემდეგი ფაქტორების მიუხედავად:

1. მეტოქეს მთავარი ვარსკვლავი სტეფ კარი აკლდა;
2. "როკეტსის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა 35 ქულა დააგროვა;
3. "ჰიუსტონმა" მეტოქის ფარზე 22 ბურთი მოხსნა და მეორს შანსით აღებული ქულების რაოდენობით 24:0 მოიგო.

წაგების მიზეზი ის არის, რომ სტუმრების რიგებში ქულებს მხოლოდ ჰარდენი იღებდა, პირველ ტაიმში გუნდმა 34-დან 29 ტყორცნა ააცილა, მათ შორის, თერთმეტივე სამქულიანი და ექვსჯერ დაკარგა ბურთი. პირველი ტაიმი "ჰიუსტონმა" 22 ქულის სხვაობით წააგო და, რა თქმა უნდა, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

სტეფ კარი ბრწყინვალედ შეცვალა შონ ლივინგსტონმა, რომელსაც პირველ ტაიმში ასპროცენტიანი რეალიზაცია ჰქონდა და 14 ქულა მიითვალა. კლეი ტომპსონი კი პირველი კალათბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც პლეი ოფის ზედიზედ ორ მატჩში ჩააგდო მინიმუმ შვიდი სამქულიანი.

მოკლედ, იმ თამაშით, რომელიც "გოლდენ სტეიტმა" გუშინ აჩვენა, გუნდს შეუძლია მშვიდად იყოს კონფერენციის ფინალამდე, იქამდე კი კარიც გამოჯანმრთელდება.

გ. სტეიტი-ჰიუსტონი 114:81
37:20, 22:17, 30:22, 25:22
გ-ს: ტომპსონი (27), ლივინგსტონი (16+3 პასი), გრინი (15+9 მოხსნა+8 პასი+2 დაფარება), რაში (15), ბარბოზა (9+3 პასი), ბარნსი (8), კლარკი (7+3 ჩაჭრა), იგუოდალა (6+6 პასი), ბოგუტი (4+5 მოხსნა+3 პასი+2 დაფარება), სპეიტსი (4), ეზელი (2), ვარეჟაო (1).
ჰ: ჰარდენი (35+6 პასი+6 მოხსნა), ბიზლი (11+7 მოხსნა), ჰოვარდი (8+21 მოხსნა), ბრიუერი (7), მოტეიუნასი (7), გუდლაკი (4), არიზა (2), ბევერლი (2), კაპელა (2), მაკდანიელსი (2), ჰარელი (1), ტერი (0+5 მოხსნა).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (54.9/32.3), სამქულიანები (41.9/18.2), საჯარიმოები (57.9/68.4).
სერია: 4-1

ჰოვარდზე ნადირობაა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოთხი გუნდი - "ორლანდო", "მილუოკი", "პორტლენდი" და "ნიუ ორლეანი" არიან დაინტერესებული დუაიტ ჰოვარდის გაფორმებით. ვეტერან ცენტრს "ჰიუსტონთან" მიმდინარე კონტრაქტში აქვს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ამ ზაფხულს შეუძლია თავისუფალი აგენტი გახდეს.

ESPN-ის მიმომხილველის კელვინ უოტკინსის ინფორმაციით, ჰოვარდი, დიდი ალბათობით, დატოვებს დღევანდელ გუნდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული