ყველა ვარსკვლავის უქმეები: შოუ შედგა! [VIDEO]

AutoSharing Option
ყველა ვარსკვლავის უქმეები ტორონტოში ტრადიციული განრიგით გაიმართა: პარასკევს შედგა ამომავალი ვარსკვლავების მატჩი, რომელშიც აშშ-ის ნაკრები დანარჩენ მსოფლიოს ხვდებოდა, ასევე შეხვედრა აშშ-სა და კანადას შორის, რომელშიც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და სპორტის სხვა სახეობების ვარსკვლავები იღებდნენ მონაწილეობას.

შაბათს იყო ტრადიციული კონკურსები, დღეს დილით კი "ყველა ვარსკვლავის მატჩი" აღმოსავლეთისა და დასავლეთი კონფერენციების ნაკრებებს შორის გაიმართა, რომელიც დასავლეთის ნაკრების გამარჯვებით 196:173 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რასელ ვესტრბუკი დასახელდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ოსტატობის კონკურსი
შაბათს, პირველი ოსტატობის კონკურსი იყო, რომელშიც ოთხი მცველი და ოთხი ფორვარდი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ბურთის
სწრაფად ტარებაში, პასების დარიგებასა და სხვადასხვა დისტანციიდან სროლაში. გამარჯვებული გახდა 2015 წლის დრაფტის პირველი ნომერი, "მინესოტას" ცენტრი კარლ-ენტონი თაუნსი. მან წინასწარ რაუნდებში დაამარცხა დრეიმონდ გრინი ("გოლდენ სტეიტი") და დემარკუს კაზინსი ("საკრამენტო"), ფინალში კი აჯობა "ბოსტონის" გამთამაშებელს აიზია ტომასს. თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა, მანამდე ემანუელ მუდიაის ("დენვერი") და სი ჯეი მაკოლუმს ("პორტლენდი") მოუგო.

წელს, ოსტატობის კონკურსის ფორმატი შეიცვალა. ადრე მასში მხოლოდ მცველები მონაწილეობდნენ, ახლა კი მძიმე ფორვარდებსა და ცენტრებს მიეცათ თავის გამოჩენის საშუალება.

"მოხარული ვარ, რომ ჩემი დახმარებით, წინა ხაზის მოთამაშეებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავი ოსტატობის კონკურსში. ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე, უბრალოდ, ჩემს მოგებას. კალათბურთი შეიცვალა და ახლა, ყველას ესმის, რომ ფორვარდები და ცენტრები ტექნიკური არსენალით არ ჩამოუვარდებიან მცველებს", - ამბობს კონკურსის შემდეგ თაუნსი.

სამქულიანების კონკურსი
ძალიან ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა სამქულიანების კონკურსში. ყველა ელოდა "გოლდენ სტეიტის" ორი სნაიპერის - სტივენ კარისა და კლეი ტომპსონის დუელს. თუმცა მათ სერიოზული კონკურენტები ჰყავდათ, მაგალითად, "ჰიუსტონის" ბომბარდირი ჯეიმს ჰარდენი.

პირველი ეტაპზე კრის მიდლტონმა ("მილუოკი") 13 ქულა დააგროვა, სი ჯეი მაკოლუმმა ("პორტლენდი") - 14, კაილ ლოურიმ ("ტორონტო") - 15, დევინ ბუკერმა ("ფინიქსი"), ჰარდენმა და ჯეი ჯეი რედიკმა ("კლიპერსი") - 20-20, კარიმ - 21, ტომპსონმა - 22. ჰარდენს, რედიკსა და ბუკერს შორის დამატებითი 30-წამიანი შეჯიბრი გაიმართა და ის ბუკერმა მოიგო, რითაც ფინალში გადავიდა.

თუმცა ფინალში ფინიქსელმა "გოლდენ სტეიტის" მცველებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მხოლოდ 16 ქულა დააგროვა. კარი 23 ქულაზე გაჩერდა, ხოლო მას შარშან მოპოვებული ტიტული ჩამოართა ტომპსონმა, რომელმაც 27 ქულა მიითვალა.

"მე და კარის მოგვწონს სროლაში შეჯიბრი. ადრე, არასოდეს მითამაშია ერთ გუნდში ისეთ კალათბურთელთან, რომელიც ჩემზე უკეთ ისროდა ბურთს. ამიტომაც, სტივენთან ერთად ყოველდღე ვარჯიში ჩემთვის დიდი პატივია. ამით ჩემი ოსტატობა კიდევ უფრო იზრდება", - ასეთი კომენტარი გაუკეთა საკუთარ ტრიუმფს ტომპსონმა.

ჩატენვების კონკურსი
ტრადიციულად, ორგანიზატორებმა "ტკბილი ლუკმა" - ჩატენვების კონკურსი ბოლოსკენ მოიტოვეს.

შარშანდელი ტიტული დაიცვა "მინესოტას" მცველმა ზაკ ლავინმა, რომელმაც ფინალში მხოლოდ მეოთხე ცდაზე (შარშან, მხოლოდ ორი დასჭირდა) შეძლო ორლანდოელი აარონ გორდონის დამარცხება.

ამის მიზეზი გახდა "მეჯიქის" ფორვარდის ფანტასტიკური ჩატენვები. გორდონი "ათიანებს" იღებდა ჟიურის წევრებისგან (ჯორჯ გერვინი, დიკემბე მუტომბო, ტრეისი მაკგრეიდი, შაკილ ო'ნილი, მეჯიქ ჯონსონი) პირველ სამ რაუნდში. მეოთხე დანკისთვის კი მან 47 ქულა მიიღო, იმ დროს, როცა ლავინმა კვლავ 50 ქულა დაიმსახურა.

რაც შეეხებათ "დეტროიტის" ცენტრს ანდრე დრამონდსა და "დენვერის" მცველს უილ ბარტონს, წინასწარ რაუნდში მათ მსაჯები ვერაფრით გააკვირვეს და, შესაბამისად, 75 და 74 ქულა დააგროვეს. ლავინმა და გორდონმა კი ფინალში გამოსვლის უფლება 99 და 95 ქულით მოიპოვეს.

"მოხარული ვარ, რომ კონკურსისთვის დამატებით რამდენიმე ჩატენვა მოვიფიქრე. ჩვეულებრივ, ამის აუცილებლობა არ არის ხოლმე. ძალიან ცოტას შეუძლია ჩემთვის კონკურენციის გაწევა, მაგრამ გორდონმა ისევე დაიმსახურა ეს პრიზი, როგორც მე. მან რამდენიმე დაუჯერებელი დანკი შეასრულა", - განაცხადა ლავინმა, რომელიც გახდა მეოთხე მოთამაშე ისტორიაში, ვინც ზედიზედ მეორედ მოიგო ჩატენვების კონკურსი. მანამდე ეს შეძლეს: მაიკლ ჯორდანმა (1987, 1988), ჯეისონ რიჩარდსონმა (2002, 2003) და ნეიტ რობინსონმა (2009, 2010).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პარასკევის მატჩები
ერთი დღით ადრე კი გაიმართა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ამომავალი ვარსკვლავების მატჩი, რომელშიც აშშ-ის ნაკრები დანარჩენ მსოფლიოს უპირისპირდებოდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თამაში ამერიკამ მხოლოდ სამი ქულის სხვაობით მოიგო, ხოლო მის რიგებში 30 ქულის ავტორი ზაკ ლავინი მატჩის MVP გახდა. ასევე 30 ქულა დააგროვეს დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებში კრისტაპს პორზინგისმა და ემანუელ მუდიაიმ.

აშშ-მსოფლიო 157:154
88:79, 69:75
აშშ: ლავინი (30+7 მოხსნა), კლარკსონი (25+5 მოხსნა+5 პასი), ბუკერი (23), რასელი (22+7 პასი), თაუნსი (18+7 მოხსნა), ოკაფორი (13), პარკერი (12+5 პასი), ჰუდი (11), სმარტი (3+5 პასი), პეიტონი.
მსოფლიო: მუდიაი (30+10 პასი), პოზინგისი (30+5 მოხსნა), უიგინსი (29+5 პასი), ჰეზონია (19+10 მოხსნა+7 პასი), პაუელი (12+11 მოხსნა), იოკიჩი (12+8 მოხსნა), კაპელა (12+7 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (6), ნეტო (2+9 პასი), ლაილსი (2).

* * *
რაც შეეხება შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების, სპორტსმენებისა და ვეტერანი კალათბურთელების შეხვედრას, კანადის ნაკრებმა 74:64 მოუგო ამერიკას. კანადელთა რიგებში ვიხილეთ ჩოგბურთელები - მილოშ რაონიჩი და ეჟენი ბუშარი, რეპერი დრეიკი, "ტორონტო რეპტორზის" ყოფილი მოთამაშე ტრეისი მაკგრეიდი...

მატჩის MVP-ც სწორედ ამ გუნდში თამაშობდა: მონრეალური როკ-ჯგუფის Arcade Fire-ის სოლისტი ვინ ბატლერი, რომელმაც 15 ქულა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლევანის
გეთანხმები, ლავინმა და გორდონმა მფრინავ მაიკლის შემდეგ კოსმოსი დაიპყრეს თავიანთი კლასით.
0
ვინც "ოლ სტარ"-ს და კონკურსებს უყურა, მიხვდებოდა, რატომ არ შეიყვანეს(დაუბლოკეს ხმები) ზაზა ფაჩულია დასავლეტ კონფერენციის გუნდში. ეს იყო სანახაობა, სადაც ზაზას სტილის მოთამაშე ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა და სურათს გააფუჭებდა. ე.წ. ჩატენვების კონკურსი ხომ საერთოდ, ფანტასტიკა იყო. განსაკუთრებით ფინალი. ზაკ ლავინმა და აარონ გორდონმა უმაღლესი კლასი აჩვენეს. როგორც ჩანს, თეთრკანიანები ნელ-ნელა სუპერდონეზე ადიან.
ლევანი
16:52 15-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული