ლებრონ ჯეიმსს ბოლომდე დაელოდებიან

AutoSharing Option
ამერიკის ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა ჯერი კოლანჯელომ განაცხადა, რომ "კლივლენდ კავალიერზის" ფორვარდს ლებრონ ჯეიმსს ნებისმიერ დროს შეუძლია მიიღოს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გადაწყვეტილება. თუ ლიგის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გაურკვევლობაში იქნება და იორჭოფებს, მის ადგილს ნაკრებში ბოლო მომენტამდე შეინახავენ.

"ერთი რამ მაქვს გასარკვევი: უნდა თუ არა მას თამაში. ჩემთვის ეს ჯერ უცნობია, მაგრამ ამის დრო მოვა. ბევრი რამ მომდევნო კვირას გაირკვევა, როცა ვნახავთ - ვინ მოვა საწვრთნელ ბანაკში. ყველაფერი ლებრონზეა დამოკიდებული. მან უნდა გადაწყვიტოს - სურს თუ არა ოლიმპიადაზე მესამე ოქროსთვის ბრძოლა",
- ამბობს კოლანჯელო.

* * *
ამასობაში, ლებრონ ჯეიმსის კლუბმა "კლივლენდ კავალიერზმა" კონტრაქტი გააფორმა რიჩარდ ჯეფერსონთან, - წერს NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი. გარიგების დეტალები პრესისთვის უცნობი დარჩა. თავდაპირველად, ვეტერანი "დალას მავერიქსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებდა, მაგრამ შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება.

გასულ სეზონში, 35 წლის ჯეფერსონმა "მავერიქსის" რიგებში 78 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 17 წუთი დაჰყო მოედანზე. მისი საშუალო სტატისტიკა 5.8 ქულასა და 2.5 მოხსნას უდრიდა. პლეი ოფში ეს მაჩვენებლები უფრო მოკრძალებული იყო - 3.8 ქულა და 0.5 მოხსნა.

* * *
"ნიუ იორკ ნიქსი" ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს ტანასის ანტენტოკუნმპოს.

როგორც ბერძნული პრესა წერს, "ნიუ იორკი" ახალგაზრდა კალათბურთელთან ნაწილობრივ გარანტირებულ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ტანასი "მილუოკი ბაქსისა" და საბერძნეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის იანის ანტენტოკუნმპოს უფროსი ძმაა.

ტანასის ანტენტოკუნმპო 2014 წლის დრაფტზე მეორე რაუნდში აირჩია "ნიუ იორკმა". გასული სეზონი მან "ნიქსის" ფარმკლუბში - D-ლიგის ბინადარ "ვესჩესტერში" გაატარა.

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, "ნიუ იორკმა" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ფრანგ ცენტრთან კევინ სერაფინთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული