NBA. პლეი ოფი: ჩემპიონის კოშმარი ლოს ანჯელესში

AutoSharing Option
ეს მატჩი რეგულარულ ჩემპიონატში რომ ჩატარებულიყო, მეოთხე მეოთხედში ორივე გუნდის ლიდერებს მოედანზე ვერ ვიხილავდით, მაგრამ რადგან ეს პლეი ოფია, ოლდრიჯსა და ლილარდს ზედმეტი სირბილი მოუწიათ. ამით "პორტლენდმა" მხოლოდ ის მოახერხა, რომ შედარებით ღირსეული ანგარიშით წააგო.

"ბლეიზერსის" ორივე ლიდერმა თავის შესაძლებლობებზე ცუდად ითამაშა. მართალია, ოლდრიჯი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო, მაგრამ თავისი 32 ქულის მოსახვეჭად 34 სროლა დასჭირდა. ლილარდმა კი 14 ქულა 21 სროლაში დააგროვა.

სულ სტუმრებმა მატჩში სროლების მესამედი გამოიყენეს და სამწამიანიდან 52 ქულა გაუშვეს. "დათვების" მაქსიმალური უპირატესობა 29
ქულას აღწევდა, მიუხედავად იმისა, რომ მაიკ კონლი, პრაქტიკულად, ცალი ფეხით თამაშობდა.

მემფისი-პორტლენდი 100:86
25:15, 33:24, 28:23, 14:24
მ: უდრიხი (20+7 მოხსნა+7 პასი), რენდოლფი (16+11 მოხსნა), კონლი (16), მ. გასოლი (15+11 მოხსნა+7 პასი+3 დაფარება), გრინი (11+6 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (32+14 მოხსნა+4 დაფარება), ბატუმი (15+7 მოხსნა), ლილარდი (14+8 მოხსნა).
სერია: 1-0

* * *
ყველაზე საინტერესო სერიის პირველმა მატჩმა, სავარაუდოდ, ვერ დააკმაყოფილა გულშემატკივრების მოლოდინი, რადგან ინტრიგა მინიმუმამდე იყო დაყვანილი. "კლიპერსი" ძალიან მომართული იყო დაცვაში და ართულებდა "სპურსის" ყველა შეტევას. ჩემპიონებმა სულ რამდენჯერმე გაითამაშეს საფირმო კომბინაციები, დანარჩენ შემთხვევაში კი "კლიპერსი" ზღუდავდა მეტოქის იერიშებს. მატჩის შემდეგ ეს გრეგ პოპოვიჩმაც აღიარა და განაცხადა - "მათი დაცვა ჩვენს შეტევაზე უკეთესი იყო".

საბოლოოდ, ტექსასელები მესამე მეოთხედში გატყდნენ მას შემდეგ, რაც ახლახან გამოჯანმრთელებული სპლიტერი სათადარიგოთა სკამზე დაჯდა, ხოლო მის ნაცვლად გამოსული ბეინსი მთლიანად ჩავარდა დაცვაში. თუმცა ეს კრიტიკა მთელ "სპურსს" ეხება და არა მხოლოდ ახალგაზრდა ცენტრს. კრის პოლი ძალიან კარგად იყენებდა ბოძებულ სივრცეებს და საბოლოოდ, მან და გრიფინმა მესამე მეოთხედში 13-დან რვა ბურთი ჩააგდეს და ერთად 22 ქულა დააგროვეს.

ბოლო მეოთხედში "კლიპერსი" ოდნავ მოეშვა დაცვაში, რითაც მეტოქეს რამდენიმე იოლი სამქულიანი ჩააგდებინა და სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა. რივერსმა მაშინვე ტაიმ-აუტი აიღო, რის შემდეგაც მასპინძლებმა ზედიზედ შვიდი ქულა მიითვალეს. საფინალო სირენამდე 3.16 წუთით ადრე პოპოვიჩმა თავისი ლიდერები სათადარიგოთა სკამზე დასვა.

კლიპერსი-სან ანტონიო 107:92
30:18, 19:25, 30:21, 28:28
კ: პოლი (32+7 მოხსნა+6 პასი), გრიფინი (26+12 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა+3 დაფარება), კროუფორდი (17), რედიკი (10), ჯორდანი (9+14 მოხსნა+4 დაფარება).
ს-ა: ლეონარდი (18+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), დანკანი (11+11 მოხსნა), ბელინელი (11), პარკერი (10), ჯინობილი (10+7 მოხსნა+6 პასი).
სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული