NBA. პლეი ოფი: ფავორიტების დღე აღმოსავლეთში

AutoSharing Option
"კლივლენდის" ბევრი მოთამაშისთვის ეს იყო პირველი მატჩი პლეი ოფში, მაგრამ მასპინძლებს ნერვიულობა არ ეტყობოდათ და დამაჯერებლადაც გაუსწორდნენ "კელტებს".

შეგახსენებთ, რომ "ბოსტონმა" სეზონი "კლივლენდზე" ზედიზედ ორი მოგებით დაასრულა, მაგრამ ორივე შემთხვევაში "კავალიერზის" შემადგენლობა შესუსტებული იყო. გუშინ წამყვანი მოთამაშეების დაზოგვას არავინ აპირებდა და ამან ლოგიკური შედეგი მოიტანა. თუმცა პირველი 15 წუთი "სელტიქსისა" იყო: სტივენსის შეგირდებმა ამ მონაკვეთში ტყორცნების 58 პროცენტი გამოიყენეს, "კავალიერზის" ანალოგიური მაჩვენებელი კი 36 პროცენტს შეადგენდა.

მასპინძლები მხოლოდ რამდენიმე შორეული ტყორცნის შემდეგ გამოფხიზლდნენ, რითაც წამში გააბათილეს იმ მომენტისთვის დაფიქსირებული შვიდქულიანი
ჩამორჩენა. ამის შემდეგ საქმეს სერიოზულად მოჰკიდეს ხელი ლებრონ ჯეიმსმა და კაირი ირვინგმა. პირველი არ იმჩნევდა მეტოქეთა წინააღმდეგობას და ფართან ახლოს ანადგურებდა მათ, მეორემ კი შორიდან ბრწყინვალედ ისროლა და ოთხიდან ოთხი სამქულიანი ჩააგდო.

შედეგად, დიდი შესვენებისთვის მასპინძლები რვა ქულით იგებდნენ. ირვინგის ანგარიშზე 20 ქულა იყო (რეალიზაცია - 8/12), ლებრონს 13 ქულა (5/8) ჰქონდა. მხოლოდ კევინ ლავს ეტყობოდა ნერვიულობა - მან 11-დან მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდო.

მეორე ტაიმში ჯეიმსი და ირვინგი "დამშვიდდნენ" (შესაბამისად, 3/10 და 3/9), მაგრამ უპირატესობის განმტკიცებას ამან ხელი ვერ შეუშალა. მესამე მეოთხედში "კავალიერზმა" უკვე 20 ქულამდე გაზარდა უპირატესობა, მეოთხეში კი "ბოსტონი" ვერც ერთხელ ვერ მიუახლოვდა მეტოქეს 10 ქულაზე ახლოს.

კლივლენდი-ბოსტონი 113:100
27:31, 35:23, 29:22, 22:24
კ: ირვინგი (30), ჯეიმსი (20+6 მოხსნა+7 პასი), ლავი (19+12 მოხსნა), ტომპსონი (12+6 მოხსნა).
ბ: ტომასი (22+5 მოხსნა+10 პასი), ოლინიკი (12), ტერნერი (12+7 მოხსნა), კრაუდერი (10+5 მოხსნა), ბასი (10), სმარტი (10).
სერია: 1-0

* * *
"ატლანტამ" ვერ აჩვენა შინ თავისი საუკეთესო თამაში, მაგრამ მაინც "ბრუკლინზე" ძლიერი აღმოჩნდა - პირველი მეოთხედის შემდეგ ერთხელაც არ გაუშვია წინ მეტოქე. "ნეტსი" ერთხელ მიუახლოვდა "ჰოქსს" ახლო მანძილზე, როცა მესამე მეოთხედში სამ ქულამდე შეამცირა სხვაობა.

მასპინძლებმა ამას მაშინვე 10:0 გაქცევით უპასუხეს, რომლის ინიციატორები კორვერი და კეროლი იყვნენ. ამის შემდეგ სტუმრებმა ერთხელ ოთხ ქულამდე შეძლეს მეტოქესთან მიახლოება. ეს მოხდა სირენამდე 93 წამით ადრე, მაგრამ "ჰოქსს" ამჯერად ტიგი დაეხმარა და დაუბრუნა თავის გუნდს კომფორტული უპირატესობა.

ატლანტა-ბრუკლინი 99:92
32:20, 23:25, 19:17, 25:30
ა: კორვერი (21+7 მოხსნა), კეროლი (17+8 მოხსნა), ტიგი (17), შრედერი (13), ჰორფორდი (10+10 მოხსნა).
ბ: ლოპესი (17+14 მოხსნა), ჯონსონი (17+6 მოხსნა+6 პასი), იანგი (15+10 მოხსნა), უილიამსი (13), ჯეკი (13).
სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული