NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სამი ოვერტაიმი სან ანტონიოში

AutoSharing Option
"მემფისი" სან ანტონიოში სერიოზული განწყობით ჩავიდა, რადგან "სპურსი" დიდი ხანია მისთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნევა. ამიტომაც სტუმრებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და პირველ მეოთხედში 17-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს, მეორეში კი 23 ქულამდე აიყვანეს უპირატესობა. ყველაზე აქტიური ამ სპურტის დროს ვინს კარტერი იყო, რომელმაც ოთხიდან ოთხი სამქულიანი ჩააგდო და 14 ქულა დააგროვა. თუმცა ჩემპიონები ნაადრევად არ დანებდნენ და ორჯერ 10:2 მინი-სპურტით უპასუხეს.

მესამე მეოთხედში პირველი ტაიმის სურათი განმეორდა - "მემფისმა" ისევ მიაღწია 17-ქულიან უპირატესობას და "სპურსი" სამ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს. მეოთხე 12-წუთეულში კი მაყურებელი
თანაბარი თამაშის მოწმე გახდა, რომლის დროსაც ლიდერი ხუთჯერ შეიცვალა და კიდევ ექვსჯერ თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა.

ძირითად დროს დრამატული დასასრული ჰქონდა. შვიდი წამით ადრე კონლიმ სამქულიანით გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ სანანტონიოელმა გრინმა ასევე შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში და "დათვებს" გადასარჩენად ორნახევარი წამი დაუტოვა. თითქოს მემფისელთა უიღბლო სერია სან ანტონიოში უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ აქ შოკში ჩააგდო პუბლიკა მარკ გასოლმა - სწორედ მან გაათანაბრა ანგარიში ზუსტი სამქულიანით.

ასევე, ესპანელის ანგარიშზეა ბოლო ჩაგდებული ბურთი პირველ ოვერტაიმში. "მემფისის" ლიდერმა შეტევაში მოხსნა ბურთი რენდოლფის აცილების შემდეგ და მეორე დამატებით დროში გადაიყვანა მატჩი. არც ეს დრო აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებულის გამოსავლენად. მეორე ოვერტაიმში ლიმ შორეული ტყორცნით ორი ქულით გაიყვანა წინ თავისი გუნდი, მაგრამ დარჩენილ 2.6 წამში დანკანმა დაუჯერებელი ბურთი ჩააგდო და საჭირო გახდა მესამე ოვერტაიმის ჩატარება.

მესამე დამატებით დროში "მემფისს" გაუმართლა. მატჩში ბოლო ზუსტი ტყორცნა გრინის მორიგი სამქულიანი იყო, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა "სან ანტონიოსთვის" უპირატესობის დასაბრუნებლად.

"სპურსმა" ეს უპირატესობა რენდოლფის ორი ჩაგდების შემდეგ დაკარგა. გრინის სამქულიანს მოჰყვა სტუმრების არაზუსტი შეტევა. ჩემპიონებს 16 წამი რჩებოდათ იმისთვის, რომ გამარჯვება მოეპოვებინათ ამ დრამატულ მატჩში (სხვაობა მხოლოდ ერთი ქულა იყო), მაგრამ ბოლო შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა - ჯინობილიმ სამქულიანი ააცილა. აღვნიშნავთ, რომ "სპურსს" მხოლოდ 41-პროცენტიანი რეალიზაცია ჰქონდა. ამას 16 შეცდომა დაემატა, რაც მეტოქის 20 ქულაში გადაიზარდა.

სან ანტონიო-მემფისი 116:117 (3ო)
19:34, 26:18, 23:21, 24:19, 10:10, 9:9, 5:6
ს-ა: გრინი (25+7 მოხსნა+5 დაფარება), დანკანი (23+16 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), ჯინობილი (21+8 მოხსნა+8 პასი), დიაო (17+13 მოხსნა+5 პასი), ბელინელი (15).
მ: მ. გასოლი (26+9 მოხსნა), რენდოლფი (21+21 მოხსსნა), კარტერი (18+3 ჩაჭრა), კუფოსი (16+7 მოხსნა), კონლი (14+10 პასი+8 მოხსნა), ლი (14).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული