NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ყველაზე ძვირები - კობი და "ნიუ იორკი"

AutoSharing Option
პოპულარულმა ამერიკულმა ჟურნალმა "ფორბსმა" მორიგ ნომერში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელებისა და ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების სია გამოაქვეყნა.

მოთამაშეთა რეიტინგს სათავეში უდგანან "ლეიკერსის" მცველი კობი ბრაიანტი და "მაიამის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი - სწორედ ისინი გამოიმუშავებენ NBA-ში ყველაზე მეტ თანხას. სიაში გათვალისწინებულია კალათბურთელების წლიური ხელფასები და მათი სარეკლამო კონტრაქტებიდან მიღებული შემოსავალი.

1. კობი ბრაიანტი (ლეიკერსი) - 64.5 მლნ (34 მლნ)
2. ლებრონ ჯეიმსი (მაიამი) - 61.1 (42)
3. დერიკ როუზი (ჩიკაგო) - 38.6 (21)
4. კევინ დურანტი (ოკლაჰომა) - 31.8
(14)
5. დუეინ უეიდი (მაიამი) - 30.7 (12)
6. კარმელო ენტონი (ნიუ იორკი) - 30.4 (9)
7. ამარე სტაუდმაიერი (ნიუ იორკი) - 28.2 (6.5)
8. დუაიტ ჰოვარდი (ჰიუსტონი) - 26.5 (6)
9. დირკ ნოვიცკი (დალასი) - 23,2 (0.5)
10. კრის პოლი (კლიპერსი) - 22.7 (4)

ფრჩხილებში მოცემულია საკალათბურთო მოედნის მიღმა შემოსავალი.

***
გარდა ამისა, "ფორბსმა" გამოაქვეყნა ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების სია და კვლავ ამ რეიტინგს სათავეში უდგას "ნიუ იორკი", რომელიც 1.4 მილიარდი დოლარი ღირს, ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება:

1. ნიუ იორკი - 1.4 მილიარდი
2. ლეიკერსი - 1.35 მილიარდი
3. ჩიკაგო - 1 მილიარდი
4. ბოსტონი - 875 მილიონი
5. ბრუკლინი - 780 მილიონი
6. ჰიუსტონი - 775 მილიონი
7. მაიამი - 770 მილიონი
8. დალასი - 765 მილიონი
9. გოლდენ სტეიტი - 750 მილიონი
10. სან ანტონიო - 660 მილიონი

"ბრუკლინის" პროგრესის მიზეზი
ამერიკულ პრესაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა "ბრუკლინის" პროგრესი 2014 წელს. გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, რომ კლუბში ჩატარებულა კრება, რომლის დროსაც "ნეტსის" ხელმძღვანელობამ კალათბურთელებს აუხსნა, რომ ისინი ვერ ეღირსებოდნენ მთავარი მწვრთნელის, ჯეისონ კიდის განთავისუფლებას. და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კლუბის აღმასვლა. ამ მომენტისთვის, "ნეტსს" 2014 წელს ცხრა მატჩიდან რვა აქვს მოგებული.

"ნეტსის" ვარსკვლავურმა გამთამაშებელმა დერონ უილიამსმა ასე ახსნა სიტუაცია: "კიდი ძალიან იყო დამოკიდებული ლოურენს ფრენკზე, მაგრამ ახლა შეუძლია იმუშაოს ისე, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ". შეგახსენებთ, რომ გამოცდილი ფრენკი ჯეისონ კიდის ასისტენტად იწყებდა სეზონს, მაგრამ მთავარ მწვრთნელს წაეჩხუბა და სამუშაოს ჩამოაშორეს.

გალინარი ამ სეზონში გამოირიცხა
არასასიამოვნო ინფორმაცია შეიტყვეს "დენვერის" გულშემატკივრებმა: დანილო გალინარიმ, რომელმაც 2012-13 წლების სეზონის დასკვნითი ნაწილი მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო გამოტოვა, არ დაბრუნდება მოედანზე 2014-15 წლების ჩემპიონატის დაწყებამდე. იტალიელს კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს და ის მხოლოდ ახლა დაიწყებს გრძელ და მძიმე აღდგენით პროცესს.

ბრაიანტს მალე შეამოწმებენ
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერს, კობი ბრაიანტს იანვრის ბოლოს ჩაუტარდება კომპლექსური სამედიცინო შემოწმება, - იტყობინება Yahoo! Sports-ი. მისი შედეგების მიხედვით გახდება ცნობილი 35 წლის კალათბურთელის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი.

ამ მომენტისთვის ბრაიანტი მუხლის ტრავმას მკურნალობს, მანამდე კი სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა აქილევსის მყესის გაწყვეტის გამო.

ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კობის თებერვალში შეეძლება მოედანზე დაბრუნება.

ნეში თამაშისთვის მზად არის
"ლეიკერსის" ბანაკიდან კიდევ ერთი ცნობა 39 წლის ვეტერან გამთამაშებელ სტივ ნეშს შეეხება, რომელიც 10 ნოემბრიდან ვერ ახერხებს თამაშს. დეკემბრიდან მოყოლებული, ნეში ვანკუვერში მუშაობდა პირადი მწვრთნელის მეთვალყურეობით და რამდენიმე დღის წინ მოთამაშემ "ლეიკერსის" სამწვრთნელო შტაბს აცნობა, რომ უკვე აკრიფა სათამაშო ფორმა და მზად არის მოედანზე დასაბრუნებლად. ასე რომ, ამ კვირის ბოლოს ნეში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში განაახლებს თამაშს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული