"კლივლენდმა" ჯიმი ბატლერს დაუმიზნა

AutoSharing Option
"კლივლენდი" განიხილავს "ჩიკაგოს" ლიდერის ჯიმი ბატლერის გადაბირების ვარიანტებს.

როგორც ESPN წერს, "კავალიერზი" აპირებს მომავალ ტრეიდში ჩართოს კევინ ლავი და გარიგება განახორციელოს რამდენიმე კლუბის მონაწილეობით. ერთ-ერთი შეიძლება გახდეს "ფინიქსი", რომელსაც მომავალ დრაფტზე არჩევანის მეოთხე ნომერი აქვს.

ბატლერზე ასევე პრეტენზიას აცხადებს "ბოსტონი", რომელსაც მომავალი სამი დრაფტის პირველ რაუნდში ჯამში შვიდი კალათბურთელის არჩევის უფლება გააჩნია.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ "კლივლენდი" ასევე გამოთქვამს ინტერესს "ინდიანას" ფორვარდ პოლ ჯორჯზე.

* * *
ამასობაში, სტატისტიკურმა პორტალმა InStat-მა გამოაქვეყნა "გოლდენ სტეიტთან" ფინალურ სერიაში "კლივლენდის" დაცვითი მოქმედებების შედეგები.

შეგახსენებთ,
რომ ლებრონის გუნდმა სერია 1:4 წააგო და კვლევის შედეგად, სწორედ ლებრონ ჯეიმსი იყო გუნდის ყველაზე ცუდი კალათბურთელი დაცვაში. ტყორცნების მთელი 58 პროცენტი მაშინ ჩავარდა, როცა ჯეიმსი მსროლელს მეურვებოდა, იმ დროს, როცა დაცვაში საუკეთესო იმან შამპერტმა ტყორცნების მხოლოდ 26 პროცენტი ჩააგდებინა მის წინააღმდეგ მოთამაშე კალათბურთელებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კლივლენდში გამართული მესამე მატჩის დროს, კევინ დურანტმა უმნიშვნელოვანესი სამქულიანი მაშინ ჩააგდო, როცა მას ჯეიმსი მეურვებოდა.

* * *
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად, ESPN-ის მიმომხილველი ჩონსი ბილაპსი - მთავარი პრეტენდენტია "კლივლენდში" საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტის პოსტზე.

წყაროს ცნობით, უახლოეს დღეებში "კლივლენდის" მფლობელი დენ გილბერტი აპირებს შეხვდეს ბილაპსს და განიხილოს შესაძლო დანიშვნა. აღნიშნავენ, რომ ბილაპსი ადრე კარგ ურთიერთობაში იყო გილბერტთან, აგრეთვე, მთავარ მწვრთნელთან ტაირონ ლიუსთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული