მათ არ გაუმართლათ: NBA-ს 6 დიადი გუნდი, რომლებმაც ჩემპიონობის მოპოვება ვერ შეძლეს

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტმა" 3:0 წაიყვანა ანგარიში "კლივლენდთან" სუპერსერიაში და დიდი ალბათობით, ჩემპიონობას აღარ დათმობს. NBA-ს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე გუნდს 0:3-დან მოეგოს პლეი ოფის სერია.

მაგრამ შარშან, იმავე "გოლდენ სტეიტმა" იმავე "კლივლენდთან" სუპერსერიაში 3:1-ის შემდეგ მოახერხა წაგება და იმ დიადი გუნდების სიაში შევიდა, რომლებმაც ვერ შეძლეს ჩემპიონობის მოგება. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აზრით, შარშანდელი "გოლდენ სტეიტის" გარდა, ასეთი კიდევ 5 გუნდი იყო...

1995-96. სიეტლ სუპერსონიქსი
64 მოგება - 18 წაგება, +7.8 ქულებში სხვაობა, წააგო ფინალური სერია
"სონიქსს" ჯორჯ კარლი ავარჯიშებდა,
გუნდს კი ორი გამოკვეთილი ვარსკვლავი ჰყავდა - გამთამაშებელი გერი პეიტონი და მძიმე ფორვარდი შონ კემპი. სოლიდურ როლს თამაშობდნენ მოედანზე ჰერსი ჰოუკინსი, სემ პერკინსი და დეტლეფ შრემპფი. "სიეტლმა" 64 მატჩი მოიგო რეგულარულში და განთესვის პირველი ნომერი მიიღო დასავლეთ კონფერენციაში.

მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ აღმოსავლეთ კონფერენცია მოიგო "ჩიკაგომ", თან ეს 72 გამარჯვებით გააკეთა და NBA-ს რეკორდი დაამყარა. ფინალში "ბულზმა" მოიგო პირველი სამი მატჩი, მაგრამ "სიეტლი" ძლიერი აღმოჩნდა მეოთხე და მეხუთე შეხვედრებში. მეექვსე მატჩში დაცვაში კარგი თამაშის, მაიკლ ჯორდანის 22 ქულისა და დენის როდმანის 19 მოხსნის წყალობით, "ჩიკაგომ" 87:75 მოიგო.

1996-97. იუტა ჯაზი
64 მოგება - 18 წაგება, +8.8 ქულებში სხვაობა, წააგო ფინალური სერია
ჯერი სლოუნის გუნდში გამორჩეული იყო ჯონ სტოქტონისა და კარლ მელოუნის დუეტი. ძალიან კარგი სტატისტიკა ჰქონდა ჯეფ ჰორნაჩეკს - 14.5 ქულა და 48.2 პროცენტის სიზუსტე თამაშიდან. სხვა მოთამაშეებიც კარგი დონისა იყვნენ: ბრაიონ რასელი, ჰოვარდ აისლი, შენდონ ანდერსონი და ანტუან კერი.

"იუტა" იმავე პრობლემას გადააწყდა, რასაც ერთი წლით ადრე "სიეტლი"-"ბულზი". ამჯერად, "ჩიკაგომ" 69 მატჩი მოიგო რეგულარულში, მაგრამ მისი ძალა არ დაკარგულა. ფინალის პირველი შეხვედრა "ჩიკაგომ" მაიკლ ჯორდანის ბაზერ-ბიტერით მოიგო, მეორეში კი 12 ქულით გაიმარჯვა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. შემდეგი ორი მატჩი "ჯაზმა" მოიგო და ბევრი რამ მეხუთე მატჩს უნდა გადაეწყვიტა. მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, ჯორდანმა 38 ქულა ჩააგდო და კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სერია ჩიკაგოში დაბრუნდა და სტივ კერის ბაზერ-ბიტერით, "ჩიკაგომ" ჩემპიონობა გაიფორმა.

2008-09. კლივლენდ კავალიერზი
66 მოგება - 16 წაგება, +8.9 ქულებში სხვაობა, წააგო აღმოსავლეთის ფინალი
2008-09 წლების სეზონში ლებრონ ჯეიმსი 24 წლის იყო და ადრეულ კარიერაში საუკეთესო კალათბურთს თამაშობდა. გუნდს კიდევ ორი გამორჩეული მოთამაშე ჰყავდა - ჟიდრუნას ილგაუსკასი და მო უილიამსი, მაგრამ ლებრონს ისეთი ვარსკვლავი არ ედგა გვერდით, რომ მის გუნდს რეალურად ებრძოლა ჩემპიონობისთვის.

"კლივლენდს" წინ გადაეღობა "ორლანდო", რომელსაც ასევე ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერი დუაიტ ჰოვარდის სახით. ექვსმატჩიან სერიაში "სუპერმენმა" თამაშიდან 65.1 პროცენტის სიზუსტით ისროლა და შთამბეჭდავი საშუალო ორმაგი დუბლი ჰქონდა - 25.8 ქულა და 13.0 მოხსნა. ლებრონმა უფრო შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსირა - 38.5 ქულა, 8.3 მოხსნა და 8.0 შედეგიანი პასი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

1972-73. ბოსტონ სელტიქსი
68 მოგება - 14 წაგება, +8.2 ქულებში სხვაობა, წააგო აღმოსავლეთის ფინალი
1972-73 წლების "ბოსტონს" თითქოს გარანტირებული ჰქონდა არა მხოლოდ ჩემპიონობა, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის სახელი. შემადგენლობაში ლეგენდარული მოთამაშეები შედიოდნენ: ჯონ ჰავლიჩეკი, ჯო ჯო უაიტი, დეივ კოუენსი, დონ ნელსონი, დონ ჩეინი, პოლ საილასი და პოლ უესტფალი.

მაგრამ ჰავლიჩეკმა მარჯვენა მხარი დაიზიანა "ნიუ იორკთან" აღმოსავლეთის ფინალში და "სელტიქსი" სერიაში 1:3 ჩამორჩა, თუმცა შეძლო მომდევნო ორი თამაშის მოგება და ანგარიშის გათანაბრება. და მაინც, "ნიქსმა" მოიგო "ბოსტონ გარდენში" მეშვიდე მატჩი და ფინალში "ლოს ანჯელეს ლეიკერსზე" გავიდა, რომელთანაც წააგო დასკვნითი სერია - 1:4. ამის შემდეგ "ბოსტონი" ოთხი დეკადა ელოდა ჩემპიონობას.

2015-16. სან ანტონიო სპურსი
67 მოგება - 15 წაგება, +10.6 ქულებში სხვაობა, წააგო დასავლეთის ნახევარფინალი
2015-16 წლების სეზონის "სან ანტონიოც" იმ დიადი გუნდების სიაში უნდა შევიყვანოთ, რომლებმაც ჩემპიონობა ვერ მოიგეს.

ეს იყო ტიმ დანკანის ბოლო სეზონი კარიერაში და გუნდის შემადგენლობაში ვეტერანებისა და ახალგაზრდების ბოლო უნიკალური მიქსი - დანკანი, მანუ ჯინობილი და ტონი პარკერი კავაი ლენარდთან და ლამარკუს ოლდრიჯთან ერთად. მაგრამ "სპურსმა" დასავლეთის ფინალამდეც ვერ მიაღწია და ნახევარფინალური სერია წააგო ექვს მატჩში "ოკლაჰომასთან". ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული სერია ისტორიაში - თითო მატჩში ანგარიშში სხვაობა საშუალოდ ერთი ქულა იყო.

2015-16. გოლდენ სტეიტ უორიორზი
73 მოგება - 10 წაგება, +10.7 ქულებში სხვაობა, წააგო ფინალური სერია
"გოლდენ სტეიტმა" "ჩიკაგოს" "მუდმივი" რეკორდი დაამხო - რეგულარულში 73 მატჩი მოიგო და მისი შემჩერებელი არავინ ჩანდა. "კლივლენდთან" ფინალურ სერიასაც "უორიორზი" 3:1-ს იგებდა და თუ დარჩენილი სამი მატჩის ჩატარება გახდებოდა საჭირო, ორი შეხვედრა "გოლდენ სტეიტის" მოედანზე იქნებოდა. დრეიმონდ გრინმა მეხუთე მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა და სწორედ ამის შემდეგ შემოატრიალა სერიის ბედი "კლივლენდმა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდევ მავერიკსი ნოვიცკის MVP სეზონის დროს
andria
21:06 09-06-2017
0
ავტორ ფილადელფია 2001 დაგავიწყდა
avtors
16:15 09-06-2017
0

სიახლეები პოპულარული