ამბები NBA-დან: კმაყოფილი დურანტი და შეშინებული კანტერი

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ფორვარდმა კევინ დურანტმა განაცხადა, რომ კმაყოფილია იმ არჩევანით, რომელიც გასულ ზაფხულს გააკეთა და არ აპირებს "უორიორზის" დატოვებას.

"ასი პროცენტით სწორი გადაწყვეტილება მივიღე, არ აქვს მნიშვნელობა - მოვიგებთ თუ არა ჩემპიონობას. ვგრძნობ, რომ სწორედ ამ ადგილას უნდა ვიყო. ვაფასებ ყველაფერს, რასაც ადრე ვაკეთებდი, მაგრამ ახლა აქ ვარ და ეს შესანიშნავი ადგილია ჩემთვის. ჩემი ცხოვრების ამ მომენტში, მე "გოლდენ სტეიტში" უნდა ვიყო. აქ ყოველი ნაბიჯით ვტკბები.

მიყვარს ჩემი პარტნიორები, მიყვარს კლუბი, ოკლენდი. არ ვაპირებ არსად წასვლას", - მოჰყავს დურანტის სიტყვები
The Undefeated-ს.

* * *
"ვაშინგტონ უიზარდსის" ხელმძღვანელობა აპირებს ამ ზაფხულს ახალი კონტრაქტი გააფორმოს გამთამაშებელ ჯონ უოლთან. სწორედ ამ კალათბურთელის, აგრეთვე ოტო პორტერის შენარჩუნება იქნება დედაქალაქური კლუბის პრიორიტეტი. პორტერი ამ ზაფხულს შეზღუდული უფლებების თავისუფალი აგენტი ხდება.

2013 წლის ზაფხულში, უოლმა "ვაშინგტონთან" ოთხწლიანი და 80-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2014 წელს შევიდა. წელს ის პირველად მოხვდა NBA-ის სიმბოლურ ნაკრებში, რაც საშუალებას აძლევს - გააფორმოს უფრო მსხვილი კონტრაქტი. უოლს შეუძლია მიმდინარე ხელშეკრულებით დარჩენილ ორ წელს, კიდევ ორი დაუმატოს და ჯამში 170 მილიონი დოლარი გამოიმუშავოს.

* * *
"ატლანტა ჰოქსის" მძიმე ფორვარდმა პოლ მილსეპმა უარი თქვა კლუბთან კონტრაქტის გაგრძელების პუნქტის გამოყენებაზე. მომავალ სეზონში მილსეპი 21.4 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა.

ატლანტელმა ადრე უკვე განაცხადა, რომ გეგმაში აქვს - გახდეს თავისუფალი აგენტი. "ატლანტას" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ეს კალათბურთელი პრიორიტეტია მათთვის თავისუფალი აგენტების ბაზარზე და თავად მილსეპი წინააღმდეგი არ არის, "ჰოქსთან" ახალი მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმოს.

გასულ რეგულარულ სეზონში მილსეპი საშუალოდ მატჩში 18.1 ქულასა და 7.7 მოხსნას აგროვებდა.

* * *
"ოკლაჰომა-სიტის" ცენტრი ენეს კარტერი დარწმუნებულია, რომ თურქეთში მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის.

"თუ უკან თურქეთში გამიშვებენ, მეორე დღეს ჩემგან ერთ სიტყვასაც ვერ გაიგონებთ", - განაცხადა კანტერმა The Oklahoman-თან კომენტარისას.

რამდენიმე ხნის წინ, კანტერი ბუქარესტში დააკავეს იმის გამო, რომ თურქეთმა მისი პასპორტი გააუქმა. კალათბურთელმა შეძლო თავის დაღწევა NBA-სა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებით. კანტერმა ისიც განაცხადა, რომ წელიწადია ოჯახის წევრებთან არ ულაპარაკია. ადრე, თურქმა კალათბურთელმა მხარი დაუჭირა თურქეთში არ შემდგარ სამხედრო გადატრიალებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული