NBA. პლეი ოფი: "ბოსტონი" ჯერ ცოცხალია

AutoSharing Option
იმის გათვალისწინებით, როგორ გაანადგურა პირველ ორ მატჩში "კლივლენდმა" "ბოსტონი" მისსავე მოედანზე, აგრეთვე იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ "სელტიქსმა" პლეი ოფის ბოლომდე დაკარგა თავისი ლიდერი აიზია ტომასი, გუშინ ბოსტონელთა მოგება კლივლენდში უდიდეს სენსაციად უნდა შეფასდეს.

ტომასის ადგილი სასტარტოში მარკუს სმარტმა დაიკავა და ამ შეცვლამ გაამართლა. "ბოსტონის" "მეექვსემ" 27 ქულა დააგროვა, შვიდი სამქულიანი ჩააგდო და კარიერაში საუკეთესო ინდივიდუალური გამოსვლა აჩვენა. მაგრამ იმისთვის, რომ ეს სტატისტიკური მიღწევები წყალში არ ჩაყრილიყო, "ბოსტონს" უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა - მესამე მეოთხედის დასრულებამდე 6.5 წუთით ადრე, სტუმრები 21 ქულას
აგებდნენ და ყველაფერი ზედიზედ მესამე განადგურებისკენ მიდიოდა.

პირველად ამ პლეი ოფში, "კლივლენდი" თავისი ლიდერის ლებრონ ჯეიმსის გარეშე მიიწევდა წინ. "მეფე" მწყობრში იყო, უბრალოდ, თამაში არ მისდიოდა და "დიდ ტრიოს" სხვა წევრებს მშვიდად უყურებდა - როგორ მიჰყავდათ მათ საქმე მესამე გამარჯვებამდე.

ლებრონის გარეშე მიღწეულმა 20-ქულიანმა უპირატესობამ მასპინძლები მოადუნა და "ბოსტონს" ორი წუთი ეყო თამაშში გარდატეხის შესატანად. მოკლე დროში სმარტმა ზედიზედ სამი სამქულიანი ჩააგდო და თანაგუნდელებს შემდგომ გმირობებზე აღმაფრენა მისცა. "კლივლენდს" სამქულიანების წვიმა დაატყდა თავს, თავად კი ზედიზედ აცილებდა შორეულ ტყორცნებს. სად იყო ამ დროს ლებრონ ჯეიმსი? მან კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა - 13 ტყორცნიდან მხოლოდ ოთხი მოათავსა კალათში, 11 ქულა დააგროვა და ექვსჯერ დაკარგა ბურთი.

ბოლოსკენ ქულა ქულაში მიდიოდა თამაში. ჰორფორდის სამქულიანს ჯეი არ სმიტმა უპასუხა, იონას ჟერებკოს შორეულ ტყორცნას კი კაირი ირვინგის ფარქვეშ შესვლა მოჰყვა - 108:108. ბოლო შეტევისთვის დრო "ბოსტონს" დარჩა. სტივენსმა გუნდს მარტივი კომბინაცია დაუხაზა. ეივერი ბრედლის რამდენიმე წამი დასჭირდა პერიმეტრზე ასასვლელად, ტრისტან ტომპსონის ჩამოსაცილებლად და ღია სამქულიანის სასროლად - 111:108 და "ბოსტონმა" პლეი ოფის მთავარი სენსაცია მოახდინა.

"კლივლენდმა" მიმდინარე პლეი ოფში პირველად წააგო და შეწყდა მისი 13-მატჩიანი მოგებათა სერია.

კლივლენდი-ბოსტონი 108:111
35:24, 31:26, 21:32, 21:29
კ: ირვინგი (29+7 პასი), ლავი (28+10 მოხსნა), ტომპსონი (18+13 მოხსნა), სმიტი (13+8 მოხსნა), ჯეიმსი (11+6 პასი).
ბ: სმარტი (27+7 პასი), ბრედლი (20), ჰორფორდი (16+6 პასი), ოლინიკი (15), კრაუდერი (14+11 მოხსნა), ჟერებკო (10).
სერია: 2-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რამდენიმე დღე მოგეცადათ და მერე დაგეწერათ ამის შესახებ.
მეტი ყურადღება კალათბურთს.
მეტი ყურადღება კალათბურთს.
მეტი ყურადღება კალათბურთს.
david
10:37 23-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული