რომელ გუნდს მოუგია პლეი ოფის პირველი ორი სერია მშრალი ანგარიშით

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს "გოლდენ სტეიტის" რიგებში გადავიდა კევინ დურანტი, სეზონის ერთ-ერთი ფავორიტი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად გადაიქცა (ყოველ შემთხვევაში, ქაღალდზე).

NBA-ს ყველა კლუბის გენერალურმა მენეჯერებმა წლევანდელი სეზონის სტარტის წინ უპასუხეს კითხვას: "ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?" ყველა კანდიდატმა უპასუხა: "გოლდენ სტეიტი" (69 პროცენტი) ან "კლივლენდი" (31 პროცენტი).

რეგულარული ჩემპიონატი გუნდებმა სხვადასხვანაირად დაასრულეს: "უორიორზმა" ბოლოსკენ მოუმატა, როცა "სან ანტონიო" მიუახლოვდა, "კავალიერზმა" კი ვერ შეინარჩუნა პირველი ადგილი აღმოსავლეთში და ის "ბოსტონს" დაუთმო.

მიუხედავად იმისა, რომ ტაირონ ლიუს გუნდმა ვერ შეძლო
რეგულარულში აღმოსავლეთ კონფერენციის მოგება, მისი შანსები ჩემპიონობაზე არანაკლებია, ვიდრე "გოლდენ სტეიტის". ორივე ფავორიტმა პლეი ოფში იდეალური სტარტი აიღო. "კლივლენდმა" "მშრალი" ანგარიშით მოუგო სერიები "ინდიანასა" და "ტორონტოს", "გოლდენ სტეიტმა" კი იგივე გააკეთა "პორტლენდისა" და "იუტას" წინააღმდეგ.

გთავაზობთ, გავიხსენოთ წინა შემთხვევები, როცა გუნდები პლეი ოფს ორი სერიის "მშრალი" ანგარიშით მოგებით იწყებდნენ.

2016: კლივლენდი
შედეგი: ჩემპიონობა
გასულ წელს "კავალერებმა" ასევე 4:0 მოიგეს საწყისი ორი სერია "დეტროიტისა" და "ატლანტას" წინააღმდეგ. "ტორონტოზე" გამარჯვების შემდეგ "კლივლენდი" გახდა პირველი გუნდი ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ორ სეზონში შეძლო პლეი ოფის პირველი ორი სერიის "ნულზე" მოგება.

შეგახსენებთ, რომ შარშან, კონფერენციის ფინალში "კლივლენდმა" ექვს მატჩში მოუგო "ტორონტოს", დიდ ფინალში კი 1:3-დან ქამბექი შეასრულა "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ.

2012: სან ანტონიო
შედეგი: წაგება კონფერენციის ფინალში
გრეგ პოპოვიჩის გუნდი სეზონის ფავორიტი იყო და სწორედ მას უნდა შეეჩერებინა "მაიამის" "დიდი ტრიო", მაგრამ "იუტასთან" და "კლიპერსთან" 4:0 მოგებების შემდეგ "სან ანტონიომ" წააგო სერია ახალგაზრდა "ოკლაჰომასთან", რომლის რიგებში თამაშობდნენ რასელ უესტბრუკი, კევინ დურანტი და ჯეიმს ჰარდენი.

2010: ორლანდო
შედეგი: წაგება კონფერენციის ფინალში
ლიგის საუკეთესო ცენტრის, დუაიტ ჰოვარდის წყალობით, "ორლანდო" იოლად გაუმკლავდა "შარლოტს" და განსაკუთრებით, "ატლანტას" (ოთხ მატჩში საშუალო სხვაობა იყო - 25.3 ქულა).

კონფერენციის ფინალში მეორე ნომრად განთესილი "ორლანდო" ხვდებოდა მეოთხე ნომერ "ბოსტონს". "სელტიქსმა" გარნეტის, რონდოს, ალენისა და პირსის მონდომებით მოიგო სერიის პირველი სამი მატჩი და მეექვსე მატჩში მოიპოვა ფინალის საგზური.

2009: კლივლენდი
შედეგი: წაგება კონფერენციის ფინალში
ლებრონ ჯეიმსის გუნდმა 4:0 მოუგო სერიები "დეტროიტსა" და "ატლანტას". "ორლანდოსთან" კონფერენციის ფინალში "კავალიერზმა" შინ წააგო პირველი მატჩი, მეორეს ასევე აგებდა სირენამდე წამით ადრე, მაგრამ აქ მოხდა ლებრონის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი მომენტი, როცა სამქულიანით მოაგებინა თავის გუნდს. მაგრამ "ორლანდომ" ექვსი მატჩის შემდეგ მაინც გაიფორმა ფინალში გასვლა.

2005: მაიამი
შედეგი: წაგება კონფერენციის ფინალში
დუეინ უეიდმა და შაკილ ო'ნილმა თავიანთ პირველ ერთობლივ სეზონში 59 მატჩი მოიგეს რეგულარულში და პირველი ადგილი დაიკავეს აღმოსავლეთში. მათ პლეი ოფის პირველ ორ რაუნდში დაამტკიცეს ფავორიტის სტატუსი, როცა "ნიუ ჯერსი" და "ვაშინგტონი" გაანადგურეს.

მაგრამ კონფერენციის ფინალში გადაეყარნენ დეტროიტელ ჩემპიონებს, რომლებმაც პირველ მატჩში შეწყვიტეს "ჰიტის" მოგებათა" სერია, 2:3-ზე კი ზედიზედ ორი მატჩი მოიგეს და არ გაუშვეს "მაიამი" NBA-ს ფინალში.

2001: ლეიკერსი
შედეგი: ჩემპიონობა
პლეი ოფის თანამედროვე სისტემა, როცა ყველა სერია ოთხ მოგებამდე მიდის, 2003 წელს შემოიღეს. მანამდე, 1984 წლიდან მოყოლებული, პირველ რაუნდში სამი მოგება იყო საჭირო.

კობი ბრაიანტისა და შაკილ ო'ნილის "ლეიკერსმა" ვერ შეძლო რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილის დაკავება, მაგრამ ყველას გადაუარა პლეი ოფში.

ფილ ჯექსონის შეგირდებმა არა ორი, არამედ სამი სერია მოიგეს "მშრალი" ანგარიშით. პირველ რაუნდში იყო 3:0 "პორტლენდთან", მეორეში - 4:0 "საკრამენტოსთან", კონფერენციის ფინალში კი განადგურდა "სან ანტონიო" - 4:0.

ფინალშიც კი "ლეიკერსმა" შეძლო ზედიზედ ოთხი მატჩის მოგება, ოღონდ მას შემდეგ, რაც სასტარტო მატჩი წააგო "ფილადელფიას" წინააღმდეგ. შედეგი - 15 მოგება და ერთი წაგება - დღემდე საუკეთესოა პლეი ოფის ისტორიაში.

1999: ინდიანა
შედეგი: წაგება კონფერენციის ფინალში
ლოკაუტის გამო შემცირებულ სეზონში რეჯი მილერს ჩემპიონობისკენ მიჰყავდა თავისი "ინდიანა". პირველ რაუნდში ამ გუნდს ვერ გაუძლო "მილუოკიმ", მეორეში - "ფილადელფიამ".

კონფერენციის ფინალში "პეისერსს" ელოდა "ნიუ იორკი", რომელიც მერვე ნომრად იყო განთესილი. სერიის პირველ მატჩში "ინდიანამ" წააგო შინ. მესამე მატჩის შემდეგ, როცა ლარი ჯონსონმა ერთ შეტევაში ოთხი ქულა აიღო და თამაში მოიგო, "ინდიანამ" სერიის ბედის შემობრუნება ვერ შეძლო.

1993: ჩიკაგო
შედეგი: ჩემპიონობა
მაიკლ ჯორდანის ლეგენდარულმა "ჩიკაგომ" მხოლოდ ერთხელ აიღო პლეი ოფში სტარტი ზედიზედ ორი "მშრალი" მოგებით. 1993 წელს ის პირველ ნომრადაც არ იყო განთესილი, მაგრამ შეძლო "ატლანტასა" და "კლივლენდის" განადგურება.

კონფერენციის ფინალში "ნიუ იორკმა" მოახერხა "მედისონ სკვერ გარდენში" ორი მატჩის მოგება, მაგრამ მაინც დამარცხდა ექვს შეხვედრაში.

იგივე ბედი ელოდა "ფინიქსს", რომელმაც ორჯერ მოუგო "ხარებს" მისსავე არენაზე, მაგრამ საკუთარ სტადიონზე ერთბაშად სამჯერ წააგო.

1989: ლეიკერსი, დეტროიტი
შედეგი: "დეტროიტმა" მშრალად მოუგო "ლეიკერსს" ფინალში
"კლივლენდისა" და "გოლდენ სტეიტის" წლევანდელი გმირობები - პირველი შემთხვევა არ არის NBA-ს ისტორიაში, როცა ორმა გუნდმა შეძლო ერთ პლეი ოფში პირველი ორი რაუნდის დაუმარცხებლად გავლა.

"ლეიკერსის" გზა ასეთი იყო - "პორტლენდი" (3:0), "სიეტლი" (4:0) და "ფინიქსი" (4:0).

ამასობაში, აღმოსავლეთში "დეტროიტმა" იოლად გაიარა "ბოსტონი" (3:0) და "მილუოკი" (4:0), კონფერენციის ფინალში კი ექვს მატჩში მოუგო "ჩიკაგოს".

დიდ ფინალში "პისტონსმა" დამაჯერებლად იძია შური წინა წელს განცდილი მარცხისთვის. ორი მოგება შინ და ორიც ლეგენდარულ "ფორუმზე", რის შემდეგაც, ქარიმ აბდულ-ჯაბარმა ფინალში "მშრალი" ანგარიშით წაგებით დაასრულა თავისი ბრწყინვალე კარიერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული