NBA. პლეი ოფი. ლებრონი - პლეი ოფის მეფე

AutoSharing Option
"ტორონტოსთვის" პლეი ოფში ყველაზე წარუმატებელი არენა კლივლენდშია. აქ კანადურმა გუნდმა წინა ოთხი მატჩი საშუალოდ, 24-ქულიანი სხვაობით წააგო. და ამ სერიის შეწყვეტა დუეინ კეისის გუნდმა გუშინაც ვერ შეძლო. ეს ცხადი გახდა სასტარტო მეოთხედის შემდეგ, რომელიც "კავალიერსმა" 34:22 მოიგო. მეორე მეოთხედში პაუზის აღების შემდეგ, მასპინძლებმა საბოლოოდ გატეხეს მეტოქე მესამე 12-წუთეულში, როცა სხვაობა 26 ქულამდე აიყვანეს.

"რეპტორზმა" დამაჯერებლად მოიგო ბრძოლა სამწამიანში, მაგრამ ამას აზრი არ ჰქონდა, რადგან მასპინძლებს სამქულიანების 55-პროცენტიანი რეალიზაცია ჰქონდათ. კატასტროფული მატჩი ჰქონდა "ტორონტოს" ლიდერს დემარ დეროზანს, რომელმაც თამაშიდან პირველი ბურთი
მეოთხე მეოთხედის პირველ წუთზე ჩააგდო!

ლებრონ ჯეიმსის პლეი ოფში გარდასახვა უკვე აღარავის უკვირს. "კლივლენდის" ლიდერი ფანტასტიკურ სტატისტიკას აჩვენებს - მის გუნდს პლეი ოფში ზედიზედ ცხრა მოგება დაუგროვდა და ამ მატჩებში ლებრონის საშუალო მონაგარია - 34.9 ქულა, 10 მოხსნა და 8.1 შედეგიანი პასი.

სპურსმა მოიგო და პარკერი დაკარგა
პირველ მატჩში ნოკდაუნის შემდეგ, "სან ანტონიომ" არა მხოლოდ გაათანაბრა ანგარიში სერიაში, არამედ სრულფასოვანი რევანშიც აიღო. 29-ქულიან წაგებას "სპურსმა" 25-ქულიანი მოგებით უპასუხა. არადა, სამი მეოთხედის შემდეგ, სხვაობა მხოლოდ ხუთი ქულა იყო.

"სპურსი" მეოთხე მეოთხედში ჯონათონ სიმონსმა გამოაცოცხლა. თავდაპირველად, ის თავგანწირვით გაფრინდა ტრიბუნებზე, ბურთი გადაარჩინა და შეტევა დაიწყო, რომელიც მანუ ჯინობილიმ დაასრულა, მომდევნო შეტევაში კი დანკი ჯარიმით შეასრულა. ამის შემდეგ, "სან ანტონიოს" შეჩერება შეუძლებელი იყო.

სანამ ეს გაქცევა შედგებოდა, მასპინძლებმა შესანიშნავად იმოქმედეს დაცვაში. მათ აიძულეს "ჰიუსტონი" 34 სამქულიანიდან მხოლოდ 11 გამოეყენებინათ, ხოლო სტუმრების ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა 17 ცდიდან მხოლოდ სამი ბურთი ჩააგდო. გარდა ამისა, "სპურსმა" მოიგო მოხსნები (47:23) და 15 მოხსნა ჰქონდა შეტევაში.

სამწუხაროდ, ერთი ცუდი ამბავი მაინც მოხდა "სან ანტონიოსთვის". ტონი პარკერი, რომელიც მოკრძალებული რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ, პლეი ოფში შესანიშნავ თამაშს აჩვენებს, ცუდად დაეცა პარკეტზე მეოთხე მეოთხედში და მხოლოდ პარტნიორების დახმარებით დატოვა მოედანი. საბოლოო დიაგნოზი გუშინ, გვიან გახდა ცნობილი: ფრანგს ბარძაყის კუნთი გაუწყდა და პლეი ოფს გამოტოვებს.

"ტორონტოსთან" გუშინდელი მატჩის შემდეგ, ლებრონ ჯეიმსმა პლეი ოფში ქულების საერთო მონაგარი 5577-მდე აიყვანა. ამან საშუალება მისცა "კლივლენდის" ლიდერს, პლეი ოფის საუკეთესო მექულეების საერთო სიაში ქარიმ აბდულ-ჯაბარისთვის (5762) გაესწრო და მეორე ადგილზე გადასულიყო. პირველ ადგილზე იმყოფება "ჩიკაგოს" ლეგენდა მაიკლ ჯორდანი - 5987 ქულით.

აიზიას კობი ამეცადინებს
"ბოსტონის" გამთამაშებელმა აიზია ტომასმა ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, როგორ ეხმარება პლეი ოფის მატჩებისთვის მზადებაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდა კობი ბრაიანტი.

"ჩვენ გვქონდა კავშირი ბოლო ორი კვირის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც ჩემი და დაიღუპა. ის "ჩიკაგოსთან" მეორე მატჩის შემდეგ მეხმარება. ერთად ვუყურეთ ფილმს ჩემი თამაშის კადრებით. კობი ტელეფონით უყურებდა და მეუბნებოდა - რა იყო გამოსასწორებელი.

არ ვაპირებ მოგიყვეთ ჩვენი საიდუმლოებები. კობის ეს არ მოეწონება. მენტალურად ის სულ სხვა დონეზეა, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ამ ცხოვრებაში შევხვედრივარ. კობიმ უყურა ჩემი ფილმის ყოველ წამს. მან ისეთ რამეებზე მიმითითა, რასაც ადრე ვერ ვამჩნევდი", - მოჰყავს ტომასის სიტყვები ESPN-ს.

აღვნიშნავთ, რომ "ჩიკაგოსთან" მეორე მატჩის წაგების შემდეგ, "ბოსტონს" ზედიზედ ექვსი მოგება დაუგროვდა.

კლივლენდი-ტორონტო 125:103
კ: ჯეიმსი (39), ირვინგი (22+11 პასი), ფრაი (18), შამპერტი (14).
ტ: ვალანჩუნასი (23), ჯოზეფი (22), ლაური (20), იბაკა (16).
სერია: 2-0

სან ანტონიო-ჰიუსტონი 121:96
ს-ა: ლენარდი (34+7 მოხსნა+8 პასი), პარკერი (18), ოლდრიჯი (15+8 მოხსნა), სიმონსი (14), გრინი (12), პ. გასოლი (6+13 მოხსნა+4 დაფარება).
ჰ: ანდერსონი (18+8 მოხსნა), გორდონი (15), კაპელა (14), ჰარდენი (13+7 მოხსნა+10 პასი), ბევერლი (12), ნენე (10).
სერია: 1-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული