NBA. პლეი ოფი: "კლივლენდის" "მშრალი" გამარჯვება

AutoSharing Option
"კლივლენდმა" "მშრალი" ანგარიშით მოიგო სერია "ინდიანას" წინააღმდეგ, არადა, ოთხივე მატჩში ბრძოლა ბოლო წამებამდე მიდიოდა. საშუალო სხვაობა, რომლითაც "კავალიერზი" კონფერენციის მეშვიდე გუნდს უგებდა, სულ რაღაც ოთხი ქულა იყო.

სერიის მეოთხე მატჩში, ტრადიციულად, ლებრონსა და მის გუნდს პრობლემები მეოთხე მეოთხედში შეექმნა, როცა სტუმრებს კომფორტული 13-ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ და თითქოს, მშვიდად უნდა გაეფორმებინათ მეორე რაუნდში გასვლა. საბოლოოდ, გამარჯვება შედგა, მაგრამ ისევ გულშემატკივრების ნერვიულობის ფასად.

"ინდიანამ" 19:4 გაქცევა შეძლო და წინ გავიდა (102:100) სირენამდე წუთნახევრით ადრე. თავისი გუნდისთვის კრიტიკულ მომენტში ჯეიმსმა სამქულიანი ჩააგდო, მოგვიანებით
კი კაილ კორვერმა ორი საჯარიმო მოათავსა კალათში (105:102). ამის შემდეგ, გუნდებმა თითო შეტევა გააფუჭეს და ოვერტაიმის ბედი პოლ ჯორჯის ხელში აღმოჩნდა. "ინდიანას" ლიდერი არც მანამდე ბრწყინავდა (15 ქულა, თამაშიდან - 5/21) და მისი ბოლო ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა.

ჯორჯმა კარიერაში მეოთხედ წააგო სერია ლებრონის გუნდებთან, ჯეფ ტიგს კი "კლივლენდთან" ზედიზედ 12 წაგება აქვს. "კავალიერზი" პირველი გუნდია, რომელმაც მეორე რაუნდში გააღწია და დაელოდება "ტორონტოსა" და "მილუოკის" სერიის დასრულებას.

მატჩის გმირი ისევ ლებრონ ჯეიმსი იყო. მან თითქმის საშუალო სამმაგი დუბლით დაასრულა სერია - 32.8 ქულა, 9.8 მოხსნა და 9.0 შედეგიანი პასი.

ინდიანა-კლივლენდი 102:106
24:22, 28:36, 25:30, 25:18
ი: სტივენსონი (22), ტერნერი (20+9 მოხსნა), ტიგი (15+10 პასი), ჯორჯი (15+7 მოხსნა+6 პასი), იანგი (13+10 მოხსნა).
კ: ჯეიმსი (33+10 მოხსნა), ირვინგი (28), უილიამსი (14), ტომპსონი (6+11 მოხსნა), ლავი (5+16 მოხსნა).
სერია: 4-0

***
"ჩიკაგოსთვის" სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა რაჟონ რონდოს ტრავმა. ამ კალათბურთელს ჭირვეული ხასიათი აქვს, მაგრამ ვერავინ უარყოფს იმას, რომ პრაქტიკულად შეუცვლელია გადამწყვეტ მატჩებში. ზედიზედ მეორე მატჩში მისი არყოფნის კომპენსირება ვერ შეძლო ჯიმი ბატლერმა, არადა, მთელი მონდომებით ცდილობდა პოინტ-ფორვარდის როლის შესრულებას.

მხოლოდ ბატლერის მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა, ამჯერად, "ჩიკაგო" არა პირველი ტაიმის შემდეგ, არამედ უფრო გვიან დანებდა - მეოთხე მეოთხედის სტარტზე. მორიგი შეხვედრა ჩააგდო დუეინ უეიდმა: ჩიკაგოში გამართულ ორ მატჩში "ფლეშმა" 14.5 ქულა დააგროვა და თამაშიდან 36.6 პროცენტის სიზუსტით ისროდა. ასეთ სიტუაციაში "ბოსტონის" ლიდერებს, უბრალოდ, საკუთარ დონეზე უნდა ეთამაშათ, რაც აიზია ტომასმა (33 ქულა, 7 პასი) და ელ ჰორფორდმა (15 ქულა, 12 მოხსნა) შეიძლეს კიდეც - 104:95.

ტომასმა პლეი ოფში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა. მონაგარი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, აიზიას ცხრიდან რვა სამქულიანი რომ არ აეცილებინა.

ჩიკაგო-ბოსტონი 95:104
18:30, 28:27, 24:22, 25:25
ჩ: ბატლერი (33+9 პასი), მიროტიჩი (13+7 მოხსნა), კენანი (13), უეიდი (11).
ბ: ტომასი (33+7 პასი), გრინი (18+7 მოხსნა), ჰორფორდი (15+12 მოხსნა), კრაუდერი (11), ოლინიკი (10).
სერია: 2-2

***
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რასელ უესტბრუკისა და ჯეიმს ჰარდენის დაპირისპირებაში ჩაერეოდა კალათბურთელი, რომელიც შეხვედრებს სათადარიგოთა სკამიდან იწყებს. რომ არა "ჰიუსტონის" ბრაზილიელი ცენტრი ნენე ილარიო, სერიაში ანგარიში იქნებოდა 2:2 და არა - 3:1 "როკეტსის" სასარგებლოდ.

მეოთხე მატჩი სცენარით ჰგავდა წინას, ოღონდ მნიშვნელოვანი განსხვავება ის იყო, რომ "ჰიუსტონი" მეტოქეს დაეწია არა ბოლოში, არამედ მეოთხე მეოთხედის დასაწყისში. რასელ უესტბრუკმა უკვე პირველ ტაიმში გააფორმა სამმაგი დუბლი (17 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი), მაგრამ მარტომ ვერ შეძლო სოლიდური ჰანდიკაპის შექმნა. ფეხის ტრავმით მოთამაშე ჯეიმს ჰარდენი თავის თავს არ ჰგავდა და უესტბრუკს წინააღმდეგობა ვერ გაუწია, მაგრამ მის ნაცვლად სხვებმა გამოიჩინეს თავი.

"ჰიუსტონი" მინიმალურ ლიდერობას თითქმის მთელი ბოლო მეოთხედი ინარჩუნებდა და მაშინაც კი წინ დარჩა, როცა "თანდერმა" ბოლოსკენ გიჟური კომბინაცია გაითამაშა: სტივენ ადამსმა შეგნებულად ააცილა მეორე საჯარიმო, პერიმეტრზე პასი მიაწოდა უესტბრუკს, რომელმაც სამქულიანი ჩააგდო. მას შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ საკუთარი ჩაჭრის შემდეგ, ბურთი ვერ შეინარჩუნა.

ნენემ იდეალური მატჩი ჩაატარა. მან თამაშიდან 12 ტყორცნა შეასრულა და ყველა ჩააგდო, მეტოქის ფარზე ოთხი მოხსნა აიღო და ორმაგი დუბლი შეასრულა - 28 ქულა და 10 მოხსნა. "ჰიუსტონის" კიდევ ორმა რეზერვისტმა დააგროვა 18-18 ქულა - ერიკ გორდონმა და ლუ უილიამსმა.

ოკლაჰომა-ჰიუსტონი 109:113
26:22, 32:32, 19:19, 32:40
ო: უესტბრუკი (35+14 მოხსნა+14 პასი), ადამსი (18+7 მოხსნა), ოლადიპო (15), რობერსონი (13+5 დაფარება), გრანტი (10).
ჰ: ნენე (28+10 მოხსნა), უილიამსი (18+7 მოხსნა), გორდონი (18+8 მოხსნა), ჰარდენი (16+7 მოხსნა+8 პასი), არიზა (14).
სერია: 1-3

***
"ლოს ანჯელეს კლიპერსს" ისევ არ უმართლებს. ზედიზედ მეორე პლეი ოფია, ტრავმის გამო თამაშს ეთიშება ბლეიკ გრიფინი და კრის პოლს მარტო უწევს ძლიერი და კერკეტი "იუტას" წინააღმდეგ ბრძოლა. მით უმეტეს, "ჯაზმენებს" დაუბრუნდათ თავიანთი ძირითადი ცენტრი რუდი გობერი და კალიფორნიელთა სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ გრიფინის გარეშე, "იუტა" დომინირებდა სამწამიანში - მეტოქეზე 22-ით მეტი ქულა დააგროვა.

დოკ რივერსს თავისი ვარსკვლავული ტრიოს ორი მესამედი მწყობრში ჰყავდა. დეანდრე ჯორდანმა (12 ქულა, 10 მოხსნა) გობერთან (15 ქულა, 13 მოხსნა) დაპირისპირებაში განსაკუთრებული ვერაფერი აჩვენა, სამაგიეროდ, გაიბრწყინა პოლმა, რომელსაც ერთი მოხსნა არ ეყო სამმაგ დუბლამდე - 27 ქულა, 9 მოხსნა, 12 პასი. პოლის გარდა, "კლიპერსს" მიათრევდა ჯამალ კროუფორდი (25 ქულა), მაგრამ ბოლოსკენ ის თითქმის აღარ ჩანდა.

იგივე ვერ ვიტყვით ჯო ჯონსონზე (28 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი), რომელიც მეორე ახალგაზრდობას განიცდის. ვეტერანი გახდა მატჩის ბოლო წუთების გმირი, როცა გადამწყვეტ მონაკვეთში 11 ქულა დააგროვა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა. ამით "კლიპერსის" შვიდქულიანი უპირატესობა შვიდქულიან ჩამორჩენად გადაიქცა.

ჯო ჯონსონმა 2014 წლის მაისის შემდეგ პირველად დააგროვა პლეი ოფის მატჩში 25 ქულა.

იუტა-კლიპერსი 105:98
24:26, 31:26, 22:28, 28:18
ი: ჯონსონი (28), ჰუდი (18), ფეივორსი (17), გობერი (15+13 მოხსნა), ჯორჯ ჰილი (13), ინგლსი (8+11 პასი).
კ: პოლი (27+9 მოხსნა+12 პასი), კროუფორდი (25), რედიკი (12), ჯორდანი (12+10 მოხსნა), ფელტონი (11).
სერია: 2-2

გუშინდელი სტატისტიკა
"ჰიუსტონის" ცენტრმა ნენე ილარიომ "ოკლაჰომას" წინააღმდეგ მატჩში 12-დან 12 ტყორცნა მოათავსა კალათში და 28 ქულა დააგროვა. სერიის წინა სამ შეხვედრაში ვეტერანის ანგარიშზე ჯამში 26 ქულა იყო.

ნენემ გაიმეორა თამაშიდან უშეცდომოდ რეალიზებული ტყორცნების რაოდენობის რეკორდი. ადრე ასეთი რამ შეძლო ლარი მაკნილმა 1975 წელს.

"ინდიანამ" "კლივლენდლთან" მეოთხე მატჩი მოიგო. ეს არის პირველი შემთხვევა კლუბის ისტორიაში, როცა "პეისერსმა" "მშრალი" ანგარიშით წააგო პლეი ოფის სერია.

უნდა აღინიშნოს, რომ "ინდიანას" პირველ მატჩში შეეძლო მოგება სი ჯეი მაილზის ზუსტი ტყორცნის შემთხვევაში, მესამე მატჩში კი 25 ქულით იყო დაწინაურებული.

"ოკლაჰომას" ლიდერი რასელ უესტბრუკი მეორე მოთამაშე გახდა NBA-ის ისტორიაში, ვინც პლეი ოფში ზედიზედ სამ მატჩში შეასრულა სამმაგი დუბლი. ადრე ასეთი შედეგით მხოლოდ ლეგენდარული უილტ ჩემბერლენი დაიკვეხნიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული