NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ახალი ოსკარი!

AutoSharing Option
რასელ უესტბრუკი ზედიზედ ორ მატჩში ვერ ახერხებდა სამმაგი დუბლის შესრულებას, მაგრამ მესამე ცდაზე შეძლო ფენომენალური რეკორდის დამყარება - 42 სამმაგი დუბლი ერთ სეზონში, რაც აქამდე არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონია.

"ოკლაჰომას" ლიდერმა ეს შეძლო "დენვერთან" მატჩში. უესტბრუკი ორმაგ დუბლამდე მალე მივიდა, მეათე შედეგიანი გადაცემა კი საფინალო სირენამდე დაახლოებით ხუთი წუთით ადრე შეასრულა და ამის შემდეგ, მხოლოდ ქულების დაგროვებით იყო დაკავებული.

"ოკლაჰომა" ახლოს იყო წაგებასთან - სამი წუთით ადრე ათი ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ უესტბრუკმა იზრუნა თამაშის გადარჩენაზე. თავისი გუნდის ბოლო 13
ქულა სწორედ მან ჩააგდო, რაც მთავარია, სირენასთან ერთად დაახლოებით ცხრა მეტრიდან ბაზერ-ბიტერი მოათავსა კალათში და თავის გუნდს ერთი ქულით მოაგებინა - 106:105.

უესტბრუკმა შეხვედრა 50 ქულით, 16 მოხსნითა და 10 შედეგიანი პასით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ სეზონში სამმაგი დუბლების რაოდენობით წინა რეკორდი ოსკარ რობერტსონს ეკუთვნოდა - 41 ტრიპლ-დაბლი 1961-62 წლების სეზონში.

გუშინდელი სამმაგი დუბლი კარიერაში 79-ე იყო 28 წლის კალათბურთელისთვის. ამ მაჩვენებლით უესტბრუკი ყველა დროის სიაში სუფთა მეოთხე ადგილზე გადავიდა - გაუსწრო უილტ ჩემბერლენს (78). ოკლაჰომელზე წინ არიან მხოლოდ ჯეისონ კიდი (107 სამმაგი), მეჯიქ ჯონსონი (138) და ოსკარ რობერტსონი (181).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული