16 წლის შემდეგ

AutoSharing Option

ოლიმპიადის შემდეგ ამერიკის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო (1994 წლის შემდეგ პირველად) და საბოლოოდ დაიბრუნა ლიდერობა თანამედროვე კალათბურთში. მაიკ კრჟიჟევსკიმ გუნდმა გუშინ იოლად მოუგო ფინალი თურქეთის ნაკრები, თუმცა სანამ გადამწყვეტ მატჩს მიმოვიხილავთ, შაბათის ნახევარფინალები გავიხსენოთ, მით უმეტეს, რომ კალათბურთის მოყვარულებმა კიდევ ერთი ბრწყინვალე მატჩი იხილეს. მხედველობაში გვაქვს თურქეთისა და სერბეთის დაპირსპირება.

თამაში უსწრაფეს ტემპში დაიწყო. საკუთარი მაყურებლებით გამხნევებული თურქები სწრაფად გადადიოდნენ შეტევაზე, მაგრამ ჯიუტი სერბები დიდი მონდომების იცავდნენ თავს და ხშირად აიძულებდნენ მეტოქეს შეცდომის დაშვებას. ამან სტუმრებს სოლიდური უპირატესობა მოუტანა, მაგრამ

ონანისა და თურქოგლუს დუეტის ცხრა ქულით ანგარიში გათანაბრდა - 15:15. სტამბოლის სპორტის დარბაზი "აფეთქდა", თუმცა დუშან ივკოვიჩის შეგირდებმა გაუძლეს ამ "ჯოჯოხეთს" და ტეოდოშიჩის 5 ქულით პირველი მეოთხედი მოიგეს - 20:17.

მეორე მეოთხედის დასაწყისში თურქებმა სამქულიანებით სცადეს ინიციატივის ხელში ჩაგდება, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ივკოვიჩმა თავის საყვარელ როტაციას მიმართა, თუმცა მის ვიზავის ბოგდან ტანევიჩს ამ მხრივ მეტი შესაძლებლობა ჰქონდა - მოედანზე გამოჩდნენ გიონლუმი, ერდენი, არსლანი და გიულერი.

მაყურებელმა და მისმა საყვარელმა გუნდმა ზეწოლა გააძლიერეს, მაგრამ ახალგაზრდა სერბებმა საოცარი გამძლეობა გამოიჩინეს. ამ მხრივ აღსანიშნავია 22 წლის მარკო კეშელის მაგალითი, რომელიც აუღელვებლად ბურთს ბურთზე აგდებდა თურქების კალათში. სწორედ მისი წყალობით დიდი შესვენებისთვის სერბეთის უპირატესობა 7 ქულამდე გაიზარდა.

შესვენების შემდეგ თურქებმა ზეწოლას უმატეს. დაცვაში თამაში დაალაგეს, შეტევაში გადასასვლელად კი წამები სჭირდებოდათ. საინტერესო იყო, რამდენი ხანი გაუძლებდნენ სერბები ასეთი შემოტევას. თუმცა ივკოვიჩის გუნდი სულაც არ აპირებდა დანებებას. კრსტიჩი დამაჯერებლად უსწორდებოდა თურქეთის დაცვას, ტეოდოშიჩი კი ასეთ დაძაბულ მატჩშიც კი ახერხებდა ზურგსუკან პასების დარიგებას.

მესამე მეოთხედის დასრულებამდე სამი წუთით ადრე არსლანმ სამქულიანით მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა - 54:56, რასაც კეშელმა ასევე შორეული სროლით უპასუხა. არსლანმა იქვე ზედიზედ მეორე სამქულიანი მოათავსა კალათში, ბოლო შეტევაში კი კიდევ ერთხელ სცადა ბედი, მაგრამ ამჯერად არ გაუმართლა.

ბოლო მეოთხედის პირველ წუთზე მოედანზე კინაღამ ჩხუბი დაიწყო: აშიქზე კრსტიჩის უხეშობის შემდეგ რაღაც ვერ გაიყვეს ერთმანეთში გიონლუმმა და ველიჩკოვიჩმა. ყველას გაახსენდა სერბეთისა და საბერძნეთის ამხანაგურ მატჩში მომხდარი ინციდენტი, მაგრამ ამჯერად საქმე სკამების სროლამდე არ მისულა. მსაჯებმა მაშინვე განმუხტეს სიტუაცია. თუმცა დარბაზში სიტუაცია მაქსიმალურად დაიძაბა.

მეოთხედის ბოლოს, როცა მაყურებელი საბოლოოდ "გაგიჟდა", სერბეთმა მოულოდნელად ორი სამქულიანი ჩააგდო - 72:64. კატასტროფის მოახლოება იგრძნო აშიქმა, რომელმაც 4 წუთითა და 9 წამით ადრე ფარქვეშიდან ფანტასტიკური ბურთი ჩააგდო და თან არასპორტული ფოლი მიაღებინა მარკოვიჩს! ზუსტი საჯარიმო, ბურთის ფლობა, თუნჩერის ზუსტი შესვლა ფარქვეშ და მისი სამქულიანი, ონანის ჯარიმები - თურქეთი სამი ქულით წინ გავიდა. საფინალო სირენამდე წუთითა და 18 წამით ადრე (თურქეთი ერთი ქულით იგებდა) აშიქმა შეუტია, მაგრამ ტეოდოშიჩისგან სახეში დარტყმა მიიღო. სერმა იმდენად იუხეშა, რომ აშიქმა ჯარიმების შესრულება ვერ შეძლო და ის ექიმებს ჩააბარეს, საჯარიმოს ხაზზე კი არსლანი დადგა, რომელმაც მხოლოდ ერთი ჯარიმა ჩააგდო - 79:77. შემდეგ იყო კეშელის მორიგი წარმატებული შეტევა და ერდენის ეფექტური დანკი - 81:80 თურქეთის სასარგებლოდ. სათამაშო დარჩა 16,8 წამი. აუღელვებელმა სერბებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს, რომელიც ველიჩკოვიჩმა დაასრულა - +1 სტუმრებს და თურქეთს გადარჩენისთვის 4,3 წამი ჰქონდა.

ბურთის თამაშში შეტანისას სერბებს სრულიად გაუგებრად გამოეპარათ თუნჩერის გარღვევა, რამაც თურქეთს ორი ქულა მოუტანა. მასპინძლები 0,5 წამით ადრე წინ გავიდნენ. საოცარია, მაგრამ ამით საქმე არ დასრულებულა. ივკოვიჩმა ტაიმაუტის აღება მოასწრო და თავის მოთამაშეებს ბოლო შეტევის სქემა დაუხაზა. მარკოვიჩის გრძელი პასი ფარიდან ორი მეტრის მოშორებით ველიჩკოვიჩმა მიიღო და ისროლა. სერბები დროში ჩაეტიენ, მაგრამ ერდენმა დაფარება მოასწრო და თურქეთმა ფინალის საგზური მოიპოვა.


ამ შესანიშნავ ნახევარფინალამდე პირველი ფინალისტი გაირკვა. ამერიკის ნაკრებმა მორიგი შეხვედრა მოიგო და გადამწყვეტი მატჩის საგზური მოიპოვა.
თუმცა ტურნირის მთავარი ფავორიტისთვის ლიტვასთან მატჩი არც ისე კარგად დაიწყო. პირველი ორი შეტევის დასრულება ამერიკამ სამქულინებით სცადა, მაგრამ ჩონსი ბილაპსისა და კევინ დურანტის ტყორცნებმა მიზანს არ მიაღწია. ლიტვამ კი საწყისი სამი იერიში ზუსტად დასრულა - კალნიეტისმა მთელი მოედანი გაირბინა და ახლოს მანძილიდან ჩააგდო, იავტოკასმა კი ორჯერ მოატყუა ოდომი და ზედიზედ ოთხი ქულა მოიპოვა. მაგრამ ბალტიისპირელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან თამაში თავის თავზე ბრწყინვალე კევინ დურანტმა აიღო.

ოკლაჰომელი ნებისმიერი პოზიციიდან აგდებდა ბურთს, იქნებოდა ეს სამქულიანი, საჯარიმო, ჩატენვა, ფარქვეშ შესვლა თუ საშუალო მანძილიდან ტყორცნა. ნიჭიერმა კალათბურთელმა ნამდვილი შოუ შესთავაზა დარბაზში მისულ მაყურებელს. პირველი ტაიმის შემდეგ დურანტს ბრწყინვალე სტატისტიკა ჰქონდა - 17 ქულა, 3 მოხსნა და არც ერთი შეცდომა.

დურანტისგან განსხვავებით, თამაში არ წაუვიდა ლიტველთა ლიდერ ლინას კლეიზას. 11 წუთის განმავლობაში ფორვარდმა მხოლოდ ერთხელ ჩაგდო ბურთი და ზედიზედ სამი შეცდომა დაუშვა. ამაში დამნაშავე კრჟიჟევსკის შეგირდების დაცვაში კარგი თამაშიც იყო. ისინი ლიტველებს სამქულიანებს არ ასროლინებდნენ და მე-14 წუთისთვის ამერიკის უპირატესობა 15 ქულამდე გაიზარდა.
დიდ შესვენებამდე იყო ერთი მომენტი, როცა იავტოკასის აქტიურობითა და პოციუსის სნაიპერული თამაშით ლიტვამ სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა, მაგრამ იქვე ამერიკელმა რეზერვისტებმა ტემპი გაზარდეს და ყველაფერი თავის ადგილას დადგა. პირველი ტაიმის ბოლო სამ წუთში ლიტვამ მხოლოდ ერთხელ დააგროვა ქულები, ისიც საჯარიმოთი და სულ მალე აღდგა ამერიკის 15-ქულიანი უპირატესობა.

დიდი შესვენების შემდეგ ლიტვას ბრძოლა არ შეუწყვიტავს, მაგრამ ამერიკელები კვლავ კარგად იცავდნენ თავს. მიუხედავად ამისა, მესამე მეოთხედის ბოლო ორ წუთში ბალტიისპირელებმა 8:0 გაქცევა მოახერხეს, მაგრამ ბოლო მეოთხედში 12-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება შეუძლებელი ჩანდა.

და მაინც, ბრძოლა არ შეწყვეტილა. დელინინკაიტისი და პოციუსი ლიტველთა ბოლო "შტურმის" ინიციატორები გახდნენ, რამაც სხვაობა 11 ქულამდე შეამცირა. თუმცა ევროპელებმა უპირატესობის განვრცობა ვერ მოახერხეს, რის ერთ-ერთი მიზეზი ნაჩქარები სამქულიანები იყო. თანაც ლიტვამ მატჩის ბოლომდე ვერ იპოვნა დურანტის ნეიტრალიზაციის გასაღები - ოკლაჰომელმა 38 ქულას მოუყარა თავი.


ახლა კი ფინალის შესახებ, რომელიც, როგორც ზემოთ გითხარით, მთლიანად ერთი გუნდის უპირატესობით წარიმართა. პირველი ქულები დერიკ როუზმა მოიპოვა და ამის შემდეგ ამერიკას ხუთი წუთის განმავლობაში მიჰყავდა ანგარიში. თურქები პირველად 4 წუთითა და 7 წამით ადრე გავიდნენ წინ, როცა ჰედო თურქოგლუმ სამქულიანი გამოიყენა - 15:14. იქვე ომერ აშიქმა სამ ქულამდე გაზარდა ანგარიში და ადგილობრივი პუბლიკა ეიფორიაში ჩავარდა. იმ მომენტში ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მომდევნო 4 წუთი 36 წამი (!) მათი საყვარელი გუნდი ერთი ქულის მოპოვებასაც ვერ მოახერხება. მაგრამ სწორედ ასე მოხდა  "დრიმ თიმმა" 11 უპასუხო ქულა ჩააგდო და 25:17 გავიდა წინ. პირველ მეოთხედში კევინ დურანტის ანგარიშზე 11 ქულა იყო.

ოკლაჰომელმა მეორე 10-წუთეულში თავის მონაგარს კიდევ 9 ქულა დაუმატა და პირველ მეოთხედში ჯამში 20 ქულა დაუგროვდა, რაც მთელი თავისი გუნდის მონაგარის თითქმის ნახევარი გახლდათ.

ამერიკელთა ფანტასტიკური გაქცევის შემდეგ სხვა ნებისმიერი გუნდი დაიბნეოდა და ხელებს ჩამოუშვებდა, მაგრამ მასპინძლებმა შორს არ უშვებდნენ მეტოქეს და სტაბილურად ინარჩუნებდნენ 8-10-ქულიან დისტანციას, რაც დურანტის ბრწყინვალე თამაშის პირობებში საკმაო რთული მისაღწევი იყო. პირველი ტაიმი თურქეთმა 10 ქულით წააგო, ეს კი მეორე ნახევარში ბრძოლის გაგრძელების გარანტიას იძლეოდა.

მაგრამ ბრძოლა იმ შემთხვევაში შედგებოდა, თუ თურქები დურანტის ნეიტრალიზებას შეძლებდნენ. ამის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა - მესამე მეოთხედი იმით დაიწყო, რომ ამ ბრწყინვალე კალათბურთელმა ნახევარი წუთის ინტერვალით ორი სამქულიანი ჩააგდო (კევინს 12-დან 7 ზუსტი შორეული ტყორცნა დაუგროვდა), რასაც ამას ოდომმა ორქულიანი დაუმატა და სხვაობა თვალის დახამხამებაში 18 ქულამდე ავიდა - 50:32. თურქეთი არ დანებდა და მომდევნო ორწუთნახევრიანი მონაკვეთი 9:2 მოიგო და 11 ქულამდე შეამცირა სხვაობა. ამ მეოთხედში მასპინძელთა გუნდი აშკარად დააღალატა თურქოგლუმ, რომელმაც პირველ ტაიმში ჩაგდებულ 11 ქულას ვეღარაფერი დაუმატა და მხოლოდ მეოთხე მეოთხედში შეწყვიტა თავისი "მშრალი" სერია, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო.

ბოლო მეოთხედს ამერიკა 13-ქულიანი უპირატესობით შეხვდა. დურანტი მოდუნდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია "დრიმ თიმისთვის", რომელმაც ყველაზე დიდ სხვაობას მითღწია მატჩში - რასელ უესტბრუკის სამქულიანის შემდეგ ანგარიში 79:57 გახდა. სულ მალე მწვრთნელებმა სათადარიგო ხუთეულები შეუშვეს ბრძოლაში და ორივე გუნდი მოვალეობას იხდიდა მოედანზე. ბოლო წუთი და 50 წამი ერთი ბურთიც არ ჩავარდნილა კალათში და ამერიკამ საბოლოოდ 17 ქულით მოიგო.

სტუმრებმა თურქეთს ფარქვეშ ბრძოლა მოუგეს - 42:34, 54 პროცენტის სიზუსტით ისროლეს ორქულიანები, მაშინ როცა მასპინძლებს 35-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. ასევე ცუდად გამოიყენეს თურქებმა საჯარიმოები - მხოლოდ 63 პროცენტი.

ამერიკამ ამ ტურნირზე ცხრიდან ცხრა შეხვედრა მოიგო და დამსახურებულად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში პეკინის ოლიმპიადის არც ერთი ჩემპიონი არ ირიცხებოდა. ბრაიანტი, ჯეიმსი, უეიდი, ბოში, ენტონი, ჰოვარდი და სხვები ლონდონის ოლიმპიადაზე ისევ შეიკრიბებიან და მათ დურანტიც დაემატებათ. აი, ეს მართლაც ნამდვილი "დრიმ თიმი" იქნება. სხვათა შორის, გუშინდელი გამარჯვებით ამერიკამ უკვე მოიპოვა 2012 წლის ზაფხულის თამაშების საგზური.

დურანტი მსოფლიოს მე-16 ჩემპიონატის MVP გახდა. მისი საშუალო მონაგარი 22.1 ქულა გახდა, გარდა ამისა, ნახევარფინალში დაგროვილი 38 ქულა ამ პირველობის შედეგიანობის რეკორდი გახლავთ. ტურნირის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: მილოშ ტეოდოშიჩი, ჰედო თურქოგლუ, კევინ დურანტი, ლინას კლეიზა, ლუის სკოლა.

1/2 ფინალი
თურქეთი-სერბეთი 83:82

17:20, 18:22, 25:21, 23:19
თურქეთი: თურქოგლუ (16), ონანი (14), არსლანი (12), თუნჩერი (12), ერდენი (9), გიონლუმი (6), ილიასოვა (6), აშიქი (5+7 მოხსნა), გიულერი (3).
სერბეთი: კეშელი (18+7 მოხსნა), კრსტიჩი (15+7 მოხსნა), სავანოვიჩი (15), ტეოდოშიჩი (13+11 პასი), ველიჩკოვიჩი (8), ტეპიჩი (5), ბიელიცა (2), მარკოვიჩი (2), პეროვიჩი (2), რაშიჩი (2), მაჩვანი.
აშშ-ლიტვა 89:74
23:12, 19:15, 23:26, 24:21
აშშ: დურანტი (38+9 მოხსნა), ოდომი (13+10 მოხსნა), უესტბრუკი (12+7 მოხსნა), იგუოდალა (9+4 მოხსნა), ლავი (6), ბილაპსი (3+3 პასი), გორდონი (3), კარი (3), გეი (2), როუზი, ჩენდლერი, გრეინჯერი.
ლიტვა: იავტოკასი (15+9 მოხსნა), პოციუსი (13+7 მოხსნა), კალნიეტისი (10), მაჩიულისი (9), დელინიკაიტისი (8), გეჩევიჩუსი (6), იასაიტისი (5+4 მოხსნა), იუნკუნასი (4), კლეიზა (4+5 მოხსნა), სეიბუტისი.
მე-3 ადგილისთვის
სერბეთი-ლიტვა 88:99

22:23, 16:25, 16:24, 34:27
სერბეთი: ველიჩკოვიჩი (18), კეშელი (12), სავანოვიჩი (10), ტეოდოშიჩი (9), რაშიჩი (8), მაჩვანი (8), ტეპიჩი (7), პაუნიჩი (6), კრსტიჩი (5), მარკოვიჩი (3), ბიელიცა (2), პეროვიჩი.
ლიტვა: კლეიზა (33), იანკუნასი (15), კალნეიტისი (14), იასაიტისი (14), პოციუსი (12), დელინინკაიტისი (4), მაჩიულისი (3), იავტოკასი (2), სეიბუტისი (2), კლიმავიჩუსი.
ფინალი
აშშ-თურქეთი 81:64

22:17, 20:15, 19:16: 20:16
აშშ: დურანტი (28+5 მოხსნა), ოდომი (15+11 მოხსნა), უესტბრუკი (13+6 მოხსნა), როუზი (8+6 პასი), გეი (6+4 მოხსნა), ბილაპსი (4), იგუოდალა (4+5 მოხსნა), კარი (3).
თურქეთი: თურქოგლუ (16+7 მოხსნა), ერდენი (9), ონანი (7), ილიასოვა (7+11 მოხსნა), თუნჩერი (7+5 პასი), არსლანი (6), აშიქი (5+4 მოხსნა), გიონლუმი (4+6 მოხსნა), სავაში (3).

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული