ევრობასკეტი 2011. მეორე ჯგუფური ეტაპი: ლიტვის ასიანი

AutoSharing Option
ევრობასკეტის მეორე ეტაპი ესპანეთისა და გერმანიის დაპირისპირებით დაიწყო. რა თქმა უნდა, საინტერესო იყო ნოვიცკისა და პაუ გასოლის დუელი, მაგრამ სათანადო მხარდაჭერის გარეშე "დალასის" სუპერვარსკვლავი მარტო ვერ იგებს თამაშებს, რაც პირველ ჯგუფურ ეტაპზე ორი მარცხით დადასტურდა. ამჯერად, გერმანელები მართლაც ღირსეულად ებრძოდნენ ტურნირის მთავარ ფავორიტს, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის.

გერმანია მეტოქეს შორს არ უშვებდა, მაგრამ ვერც დაწევას ახერხებდა. ბუნდესნაკრებს თამაშის გადარჩენის ბოლო მცდელობა საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე ჰქონდა, როცა ბენცინგმა სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა ექვს ქულამდე შეამცირა, მაგრამ სკარიოლოს ტაიმ-აუტის
შემდეგ ყველაფერი ისევ თავის ადგილას დადგა. თავიდან პაუ გასოლმა ჩააგდო ორიდან ერთი საჯარიმო, შემდეგ კი ნავაროს გარღვევა დასრულდა ზუსტი ორი ქულით.

ესპანეთმა 77:68 მოიგო და ბაუერმანის გუნდს თითქმის აღარ დარჩა მეოთხედფინალში გასვლის შანსი. გერმანიამ თურქეთსა და ლიტვას უნდა მოუგოს და თან სხვა მატჩებიც მისთვის სასურველი ანგარიშით უნდა დასრულდეს.

ძალიან დაძაბული გამოვიდა დღის მეორე მატჩი საფრანგეთისა და თურქეთის ნაკრებებს შორის. ფრანგები მეორე ეტაპზე მაქსიმალური ქულებით გადავიდნენ, თურქებს კი მხოლოდ ერთი მოგება აქვთ და ბუნებრივია, ასეთი გრანდებით დახუნძლულ გუნდში მათთვის ნებისმიერ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

თურქეთმა კარგად ითამაშა პირველი მეოთხედი და ორი ქულით გავიდა წინ, მაგრამ საფრანგეთმა თანდათან მოიპოვა ინიციატივა და მალე კოლეს შეგირდებმა მატჩზე სრული კონტროლი დააწესეს. მეორე მეოთხედის ექვსი ქულით მოგებით, საფრანგეთი დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მესამე მეოთხედის ბოლოს კი სხვაობა ანგარიშში 13 ქულა იყო.

"მამლები" ამ უპირატესობას საფინალო სირენამდე ექვსწუთნახევარი წუთით ადრე ინარჩუნებდნენ - 61:48 და თითქოს დაძაბულ ფინალს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ ილიასოვას ორი საჯარიმოთი და თურქოგლუს საშუალო ტყორცნით დაიწყო თურქეთის 13:2 გაქცევა. ფრანგების უპირატესობისგან პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა - იმავე ილიასოვას სამქულიანი შეტევის შემდეგ ანგარიში გახდა 63:61. თამაშის დამთავრებამდე 45 წამი რჩებოდა.

საპასუხო შეტევაში თურქეთმა პარკერზე აიღო ჯარიმა და ფრანგების ლიდერმა ორივე ტყორცნა გამოიყენა - 65:61. სათამაშო რჩებოდა 18 წამი. არსლანმა შორეული ტყორცნა ააცილა, მაგრამ ფარქვეშ ბრძოლაში თურქებმა ივარგეს და ბურთი პრელჯიჩს მიუვიდა, მან კი სამქულიანი არ ააცილა. ფრანგების ერთქულიანი უპირატესობა (65:64) რვა წამით ადრე.

ისევ ჯარიმა პარკერზე და ტონიმ კვლავ უშეცდომოდ ისროლა ორივე თავისუფალი. თურქეთმა ტაიმ-აუტის დროს პრელჯიჩის სამქულიანზე გაყვანა მოითათბირეს, მაგრამ ამჯერად ამ სვლამ არ გაამართლა. იქვე ჯარიმა პარკერზე, რომელმაც მხოლოდ ერთი ჩააგდო, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად - 68:64.

თურქეთმა საკმაოდ ბევრი, 16 შეცდომა დაუშვა და საფრანგეთმა ამის ხარჯზე 16 ქულა მოიპოვა. ორივე გუნდმა ცუდად ისროლა სამქულიანები: თურქებმა 24-დან 5 ჩააგდეს, საფრანგეთმა - 17-დან 4.

დღის ბოლო მატჩში ლიტვა თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში უგებდა სერბეთს, მაგრამ საბოლოო დარტყმა თამაშის დამთავრებამდე ექვსი წუთით ადრე მიაყენა, როცა 86:79-ზე 9:2 გაიქცა.

ზედიზედ მეორედ მატჩის გმირებად ლიტვის რეზერვისტები მიიჩნიეს. მასპინძელთა სათადარიგო სკამმა 47 ქულა დააგროვა. მათი გამარჯვების მეორე მიზეზი სამქულიანების გამოყენების მაღალი პროცენტი იყო - 20-დან 11 (პირველ ტაიმში - 10-დან 7), აგრეთვე ფარქვეშ მოგებული ბრძოლა - 34:29.

E ჯგუფი
გერმანია-ესპანეთი 68:77
15:16, 18:20, 22:20, 13:21
გ: ნოვიცკი (19+7 მოხსნა), კამანი (15+11 მოხსნა+2 დაფარება), ბენცინგი (10), ჰერბერი (7), ჰამანი (7), შაფარციკი (7+5 მოხსნა).
ე: მ. გასოლი (24+5 მოხსნა), პ. გასოლი (19+7 მოხსნა+2 დაფარება), ნავარო (14+5 პასი), სან ემეტერიო (12), ფერნანდესი (6+5 პასი), კალდერონი (2), რუბიო (0+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), ლიული (1).

თურქეთი-საფრანგეთი 64:68
14:12, 13:19, 17:26, 20:11
თ: თურქოგლუ (13+8 მოხსნა), ომერ აშიქი (10+11 მოხსნა), ილიასოვა (10+2 დაფარება), ომერ ონანი (8), პრელჯიჩი (8), ოგიუზ სავაში (6), კანტერი (4), ენდერ არსლანი (2).
ს: პარკერი (20+6 მოხსნა+5 პასი), ბატუმი (13), ტრაორე (8+2 დაფარება), კაუდი (8+5 მოხსნა), ნოა (7), პიეტრუსი (4), დიაო (3+5 მოხსნა), ჟელაბალე (3), სერაფინი (2).

სერბეთი-ლიტვა 90:100
24:26, 20:28, 24:24, 22:22
ს: კრსტიჩი (21+2 დაფარება), სავანოვიჩი (16), ტეოდოშიჩი (16), ტეპიჩი (12), მაჩვანი (8), კეშელი (6), პეროვიჩი (4), რაშიჩი (3+4 პასი), ბიელიცა (2), მარკოვიჩი (2).
ლ: კალნიეტისი (19+7 პასი), ვალანჩუნასი (18+5 მოხსნა+4 პასი+2 დაფარება), იასიკიავიჩუსი (14+7 პასი), პოჩიუსი (13), იანკუნასი (13+7 მოხსნა), იასაიტისი (9+6 მოხსნა), კაუკენასი (8+5 პასი), იავტოკასი (4+5 მოხსნა), სონგაილა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული