რუბიოსა და რუდის გარეშე?

AutoSharing Option
სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა წამყვანმა ესპანურმა გამოცემა "მარკამ". გამორიცხული არ არის, რომ "მინესოტას" გამთამაშებელი რიკი რუბიო და "დალასის" მცველი რუდი ფერნანდესი ვერ დაეხმარონ ესპანეთის ნაკრებს ევროპის მომავალ ჩემპიონატზე.

ამ კალათბურთელებმა ტრავმები სლოვენიასთან ამხანაგური მატჩების დროს მიიღეს. რუბიომ ფეხი შაბათის შეხვედრაში (73:61) დაიზიანა, ფერნანდესმა კი ხელი კვირას (79:57) იღრძო.

რუბიოსთან და ფერნანდესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ექიმები უახლოეს დღეებში მიიღებენ.

* * *
მოახლოებული ევრობასკეტის წინ მოთამაშეებს კარგავს საფრანგეთის ნაკრები. "ლე მანის" მცველი ანტუან დიო კონტინენტის პირველობას ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე. საფრანგეთის ნაკრები დატოვა NBA-ის ლეგიონერმა რონი ტურიაფმა - "ნიუ იორკ ნიქსის" ცენტრმა ამხანაგურ მატჩში ხელი მოიტეხა. მის ნაცვლად გუნდში დააბრუნეს ალი ტრაორე.

რაც შეეხება დიოს შემცვლელს, ფრანგების დამრიგებელ ვენსან კოლეს ის ჯერ არ დაუსახელებია. ამჟამად საწვრთნელ შეკრებაზე 11 კალათბურთელი იმყოფება.

* * *
კარგი ამბებია საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობაში. ბერძნული პრესის ინფორმაციით, გამთამაშებელი ვასილის სპანულისი და ცენტრი სოფოკლის შორცანიდისი მზად არიან ევრობასკეტზე გასამგზავრებლად და ეროვნული გუნდის დასახმარებლად.

ადრე ცნობილი იყო, რომ სპანულისს ტურნირი ტრავმის გამო უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ მცველი სრულიად ჯანმრთელია და ვარჯიში შეუძლია. შორცანიდისს კი პირადი პრობლემები ჰქონდა და თვითნებურად მიატოვა შეკრება, რის შემდეგაც ეროვნულმა ფედერაციამ მასზე სანქციების დაწესება მოითხოვა. ახლა "მინი-შაკი" ისევ კალათბურთზეა კონცენტრირებული.

ახლა, ბერძნების დამრიგებელ ილიას ზუროსს დიდი თავსატეხი გაუჩნდა: სპანულისისა და შორცანიდისის გარეშეც ნაკრები შესანიშნავად გამოიყურებოდა ამხანაგურ მატჩებში და რთულია, ამ დუეტის გამო რომელიმე ორი კალათბურთელის შემადგენლობიდან ამოგდება.

* * *
გერმანიის ნაკრების დამრიგებელმა დირკ ბაუერმანმა გუშინ ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა გამოაცხადა. გუნდში ორი ზედმეტი კალათბურთელი აღმოჩნდა - ცენტრი კონრად ვისოცკი და მცველი პერ გიუნტერი.

მათ გარეშე გერმანელთა განაცხადმა ასეთი სახე მიიღო:

მცველები - ლუკა შტაიგერი, ჰაიკო შაფარჩიკი (ორივე - "ალბა"), შტეფენ ჰამანი ("ბაიერნი"), იოჰანეს ჰერბერი ("სკაილაინერსი");
ფორვარდები - ტიმო ოლბრეხტი ("ბონ ტელეკომი"), ფილიპ შვეტჰელმი ("ბაიერნი"), დირკ ნოვიცკი ("დალასი", NBA), რობინ ბენცინგი ("რატიოფარმი");
ცენტრები - იან-ჰენდრიკ იაგლა ("ბაიერნი"), ტიბორ პლიაისი ("ბამბერგი"), სვენ შულცე ("ალბა"), კრის კამანი ("კლიპერსი", NBA).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული