ევროპამ ტეოდოშიჩი აირჩია

AutoSharing Option
23 წლის სერბი მილოშ ტეოდოშიჩი ევროპის 2010 წლის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. ორი გამოკითხვის თანახმად, რომელშიც მონაწილეობას გულშემატკივრები, ჟურნალისტები და მწვრთნელები იღებდნენ, სერბმა პირველი ადგილი დაიკავა. მან უკან ჩამოიტოვა NBA-ში მოთამაშე კალათბურთელები - ესპანელი პაუ გასოლი და გერმანელი დირკ ნოვიცკი, რომლებმაც შესაბამისად მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

ჟურნალისტებისა და მწვრთნელების გამოკითხვაში ტეოდოშიჩი მეორე იყო 195 ხმით. გასოლმა 203 ხმა მიიღო. სამაგიეროდ, გულშემატკივრებმა დიდი უპირატესობით გაამარჯვებინეს სერბს - მილოშს 13160 ხმა ჰქონდა, პაოს - 6213. ამ ორი გამოკითხვის მონაცემებით შეადგინეს რეიტინგი, რომელშიც
ტეოდოშიჩმა 0.169 ქულა დაიმსახურა, გასოლმა - 0.167.

2010 წელს ტეოდოშიჩი სერბეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა, ხოლო საბერძნეთის "ოლიმპიაკოსთან" ერთად ევროლიგის "ოთხთა ფინალში" ითამაშა.


* * *
ევროლიგის მოქმედმა ჩემპიონმა "ბარსელონამ" სეზონის ბოლომდე დაკარგა თავისი ერთ-ერთი ლიდერი - ამერიკელი ფორვარდი პიტ მიკელი. ამ კალათბურთელმა ამერიკაში მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მზად იყო მოედანზე დასაბრუნებლად, მაგრამ ხელმეორედ დაშავდა.

ამჯერად ექიმებმა მიკელს თირკმლის არტერიის თრომბოემბოლია დაუდგინეს - მეტად უსიამოვნო დაავადება, რომელიც ფეხების სრულფასოვან მუშაობას უშლის ხელს. ახლა მიკელი კიდევ ოთხი თვე დაისვენებს, რაც შეუძლებელს ხდის მის წლევანდელ სეზონში გამოჩენას.

ეს იმას ნიშნავს, რომ ალან ანდერსონი, რომელიც დროებით მიიწვეს "ბარსელონაში" მიკელის შესაცვლელად, კატალონიაში სეზონის ბოლომდე დარჩება.


* * *
ცნობილი ლიტველი ვეტერანი კალათბურთელი, კაუნასის "ჟალგირისის" ყოფილი კაპიტანი დაინიუს შალენგა დოპინგის მიღებისთვის ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ასეთი ვერდიქტი გამოუტანა მას კალათბურთის საერთაშორისო ფედარაციამ. 33 წლის შალენგა  ორწლიან დისკვალიფიკაციას გადაურჩა, რადგან დაამტკიცა, რომ აკრძალული პრეპარატი - მეთილნექსანამინი მის ორგანიზმში შემთხვევით მოხდა.

შალენგა დოპინგტესტზე დეკემბერში რუსეთის "ხიმკისთან" მატჩის შემდეგ ჩავარდა. მოგვიანებით კალათბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტა "ჟალგირისმა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული